„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 14/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.05.001.003.043
  • Word
5422
26/10/2007
სსმ, 38, 14/11/2007
010.260.050.05.001.003.043
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ III, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის და ქონებრივი უფლებების სამართლებრივი საფუძვლები

თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის და ქონებრივი უფლებების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:

ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

ბ) დამატებითი ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონებრივი უფლებების საკითხებში დაუშვებელია, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შემთხვევებისა.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები

თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;

ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;

გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარდგენიდან 3 თვეში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად გადასაცემ ძირითად (განუსხვისებელ) უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღეში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ მთავრობა 6 თვეში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თხოვნაში აღნიშნული ქონება ჩაითვლება თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.“.

    მუხლი 2

  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 26 ოქტომბერი.

№5422–IIს