დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5916 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.003.155 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან, ტერიტორიული და შიდა წყლებისაგან და მათი საჰაერო სივრცისაგან (მათ შორის, თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის ტერიტორიისაგან). საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის მიზნებისათვის საქართველოს საქონელი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი ან/და უცხო ქვეყნიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის უცხოური საქონელი არის საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირობებს. თუ საქართველოს საქონელი გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (გარდა თავისუფალ ზონაში მოთავსებისა), იგი კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს.“.
3. 149-ე და 150-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 149. თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის არსი
1. თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 155-ე მუხლით ნებადართული საქმიანობისათვის, სადაც:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საბაჟო კანონმდებლობის ისეთივე ნორმები, როგორიც გამოიყენება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი).
2. თავისუფალი საწყობი, რომლის საქმიანობისათვის სავალდებულოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა, საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უცხოური საქონლის შენახვისა და თავისუფალ საწყობში რეალიზაციის (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გარეთ გატანის (რეექსპორტის) მიზნით, და სადაც იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის და სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარებისათვის უცხოური საქონლის შეტანა არ ითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები.
მუხლი 150. თავისუფალი ზონის შექმნა და თავისუფალი საწყობის მოწყობა
1. თავისუფალი ზონის შექმნა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა) წინასწარ განსაზღვრული ვადით.
2. დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3. თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული და შესაბამისად მონიშნული. თავისუფალ ზონაში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის სხვა ადგილებიდან შეტანა ან გატანა, და პერიმეტრის ზღუდე.
4. თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობას, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებს, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.
5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას 5 წლის ვადით გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:
ა) თავისუფალი საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით;
ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა;
გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავისუფალი საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ წარდგენილ საბაჟო გარანტიას მოქმედების ვადა გადის, პირველად წარდგენილი გარანტია ახლით უნდა შეიცვალოს;
დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.“.
4. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
გ) ნებისმიერ დროს დაათვალიეროს თავისუფალ საწყობში, აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.“.
5. 152-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 152. თავისუფალი საწყობის მფლობელის ვალდებულებები
1. თავისუფალი საწყობის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დაცვა და ხელი შეუწყოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, რისთვისაც საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად თავისუფალ საწყობში უსასყიდლოდ უნდა გამოუყოს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;
ბ) გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება თავისუფალი საწყობის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის განადგურება ან დანაკლისი გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.“.
6. 153-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
7. 154-ე და 155-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 154. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შენახვის ვადები
საქონელი თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში შენახვას ექვემდებარება ამ კოდექსის 150-ე მუხლით განსაზღვრული ვადით.
მუხლი 155. თავისუფალ ზონასა და თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობა
1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა (მათ შორის, ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრა), შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;
დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
4. თავისუფალ საწყობში დამუშავების ოპერაციის რეჟიმში დასაშვებია მხოლოდ უცხოური საქონლის შეტანა, შენახვა ან/და თავისუფალ საწყობში რეალიზაცია (მყიდველის მიერ ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრით) ან/და რეექსპორტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა.
5. თავისუფალ საწყობში შესანახად მოთავსებული საქონლის მიმართ მისი შენახვის პერიოდში შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები.
6. თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საბაჟო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესდეს ცალკეული საქმიანობის სახეობაზე აკრძალვები და შეზღუდვები.“.
9. 156-ე–158-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
10. 159-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფალ ზონაში საქონლის დასაწყობებისას საქონლის მომთავსებელი და ზონის მფლობელი, ხოლო თავისუფალ საწყობში საქონლის დასაწყობებისას თავისუფალი საწყობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს საწყობის აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმით.“.
11. 160-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 160. თავისუფალი ზონის საქმიანობის შეწყვეტა
თავისუფალი ზონის საქმიანობა წყდება:
ა) ამ საქმიანობის ვადის გასვლისთანავე;
ბ) თავისუფალი ზონის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
გ) საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ თავისუფალი ზონა აღარ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან აღნიშნული მოთხოვნები არ სრულდება.“.
12. 161-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანილი საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე–61-ე მუხლების დებულებები.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.“.
13. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 162. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სპეციალური დებულებები
თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან გამოტანილი საქონლის მიმართ, ამ შემთხვევაში საბაჟო ღირებულება უნდა განისაზღვროს არსებული მეთოდების გამოყენებით.“.
14. 163-ე და 164-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5916–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები