„საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4960
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.240.000.05.001.002.899
  • Word
4960
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
300.240.000.05.001.002.899
„საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 29-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოებისას აღმოჩნდა უარყოფითი შედეგი, რომელიც არ ემთხვევა ნივთიერების გამოცდის, სახელმწიფო ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დროს გამოვლენილ, აგრეთვე ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცელში შეტანილ მონაცემებს, საწარმოს ხელმძღვანელი ამას აცნობებს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო წარმოების სფეროში კონტროლს ახორციელებენ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები.“.

3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 42-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა საწარმოს ხელმძღვანელი, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით, ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების გეგმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავარიული სამსახურის, ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ოპერატიულ გაფრთხილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ;“.

5. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. ინფორმაციის გავრცელება საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას მომხდარი ავარიებისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ

თუ ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოში მოხდა ავარია საშიში ქიმიური ნივთიერების წარმოების, ტრანსპორტირების, მოხმარების, შენახვის, გაუვნებლების, გამოყენებიდან ამოღების ან სხვა სახით გამოყენების დროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით, ფართო საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინონ ინფორმაცია:

ა) ავარიის ხასიათსა და მასშტაბზე;

ბ) საწარმოში გამოყენებული ნივთიერების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების სახესა და სიმძლავრეზე;

გ) იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს ნივთიერების ზემოქმედება;

დ) იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია განხორციელდეს ავარიის შედეგების შესამცირებლად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი.

№4960–Iს