„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.002.927
  • Word
5115
29/06/2007
სსმ, 27, 17/07/2007
010.120.000.05.001.002.927
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის, გარდა მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-16 მუხლისა და V თავისა, მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის, მათ შორის, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოში ლტოლვილის მოწმობა.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საქართველოს ვიზის კატეგორიები

1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დიპლომატიური;

ბ) სამსახურებრივი;

გ) ორდინალური;

დ) სასწავლო.

2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი, ორჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორდინალური ვიზა გაიცემა უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოში იურიდიული და ფიზიკური პირების მოწვევით ან ტურიზმის, მკურნალობის, ახლობლების მონახულების ან სხვა მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ორდინალური ვიზით დადგენილი უნდა იყოს საქართველოში ყოფნის და საქართველოს ვიზის მოქმედების ერთნაირი ვადები.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სასწავლო ვიზა

სასწავლო ვიზა გაიცემა უცხოელებზე, რომელთაც აქვთ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სასწავლო ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.“.

7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან ლტოლვილის სტატუსი (ლტოლვილის მოწმობა), თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის მოწმობის მფლობელი უცხოელები ბინადრობის ნებართვის (ლტოლვილის მოწმობის) მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან უვიზოდ.“.

9. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელზე:

ა) რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

ბ) რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;

ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

თ) რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.“.

10. მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;“.

11. 23-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თუ იგი შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან მას არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;“.

12. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორდინალური და სასწავლო ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

13. 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 50-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს, დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.“.

15. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა

საქართველოდან გაძევებულ უცხოელს 1 წლის განმავლობაში არ მიეცემა საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოსვლის ნებართვა და ბინადრობის ნებართვა. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისათვის დადგენილი განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას.“.

16. 68-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი.

№5115–რს