საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5984
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.191
  • Word
5984
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
200.000.000.05.001.003.191
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება ფასიანი ქაღალდების ან საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის შეძენა, რეალიზაცია, სავალო ვალდებულებათა შეძენა, რეალიზაცია, საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა, რეალიზაცია, აგრეთვე გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაცია, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოს მიერ განხორციელებული ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობისა.“.

2. მე-100 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ან პირთა ჯგუფი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით ან/და მე-7 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობისა) დაწყებამდე ინდივიდუალური მეწარმის/საწარმოს/ორგანიზაციის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) შესახებ განცხადებით მიმართოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური მეწარმის/საწარმოს/ორგანიზაციის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით.

2. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირისა, უფლებამოსილია საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) შესახებ განცხადებით მიმართოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.

5. ფიზიკურმა პირმა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) ან საწარმომ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა) ან ორგანიზაციამ (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“.

3. 113-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 1 თვით. საჭიროების შემთხვევაში შემოწმების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ზემდგომ საგადასახადო ორგანოს უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვით იმ საწარმოში, რომლის ერთობლივი შემოსავალი წინა 3 კალენდარული წლიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც აღემატებოდა 20 მილიონ ლარს.“.

4. 127-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანო აქტის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით.“.

5. 158-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ, ვადის თითოეული გაგრძელებისას – არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. საბჭოს არჩატარების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრებს (წევრს) უფლება აქვთ (აქვს) მიიღონ (მიიღოს) გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დავის/დავების (საჩივრების) განხილვის არა უმეტეს                               30 კალენდარული დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მომჩივანს.“.

6. 159-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭო ვალდებულია ამ კოდექსის 158-ე მუხლით დადგენილ ვადებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.

7. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით ან/და საწარმოს ლიკვიდაციის ან საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ (იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავი ქონება მიღებულია ფიზიკური პირის მიერ საწარმოდან წილის სანაცვლოდ ამ საწარმოს ლიკვიდაციისას ან საწესდებო კაპიტალის შემცირებისას. ამ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე საკუთრების 2-წლიანი ვადა იანგარიშება ფიზიკური პირის მიერ ამ საწარმოში შესაბამისი წილის შეძენის დღიდან. წილის სხვადასხვა დროს შეძენის შემთხვევაში 2-წლიანი ვადა იანგარიშება შესაბამისი წილის შეძენის თარიღიდან), ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის;“.

8. 217-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

9. 218-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის    26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2009 წლის        1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5984–რს