დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ათონელის ქ. №25-ში მდებარე უძრავი ქონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №470
2013 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ათონელის ქ. № 25-ში მდებარე უძრავი ქონების შესახებ
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის № 83 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის 2013 წლის 1 მაისის № 1 ოქმის საფუძველზე:
1. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადასცეს მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა № 25 მდებარე უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01.18.03.005.001) ამ ქონებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან, მათ შორის, ფინანსურ (ავანსები, საჯარიმო სანქციები და სხვა) და სამართლებრივ ვალდებულებებთან ერთად.
2. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ქ. თბილისში, ათონელის ქ. № 25-ში მდებარე უძრავი ქონების ბაზაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ან აღნიშნული ქონების შეტანა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების კაპიტალში. ამასთან, საზოგადოების დაფუძნებისას/ქონების კაპიტალში შეტანისას საზოგადოებას გადაეცეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მათ შორის, ფინანსური (ავანსები, საჯარიმო სანქციები და სხვა) და სამართლებრივი ვალდებულებები.
3. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით განსაზღვრული საზოგადოების 100%‑იანი წილის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქ. თბილისში, ათონელის ქ. № 25-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან, მათ შორის, ფინანსურ (ავანსები, საჯარიმო სანქციები და სხვა) და სამართლებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივ საკითხებში დახმარება გაუწიოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების და სსიპ ‑ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტესს“ შორის საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ოფისის (საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობა) სარეკონსტრუქციო‑სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ყველა სახის ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესწავლას, შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენას და შეიმუშავებს წინადადებებს სამოქმედო გეგმის, ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები