„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.002.973
  • Word
5211
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
140.030.000.05.001.002.973
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ.187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უზრუნველყოს აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების (ადმინისტრაციული აქტის) მოქმედებას.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები:

ა) რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები;

ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას.

11. წვევამდელმა პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი. ქრონიკულ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ პირს, ასევე პოლიციის უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პოლიციელს, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მიენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

              „მუხლი 29. პოლიციელის წახალისება

1. პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემია;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. პოლიციელის წახალისება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს.

4. პირის მიერ პოლიციისთვის გაწეული დახმარებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები, გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა.

5. პოლიციელის წახალისების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5211–რს