„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.002.976
  • Word
5240
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
130.030.000.05.001.002.976
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო საიდუმლოება“ – ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, საქართველოს სხვა სამინისტროებში, სახელმწიფო მინისტრების აპარატებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქმედი ქვერეგისტრებისაგან; ქვერეგისტრები შეიძლება გაიხსნას აგრეთვე საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში. ქვერეგისტრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებებში – თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საიდუმლოების გრიფი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ყოველი მატერიალური შემცველის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა აღნიშნავდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს, ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა ეს გრიფი. სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება შემდეგი კლასიფიცირებული ინფორმაცია:

ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია – TOP SECRET);

ბ) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია – SECRET);

გ) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია – CONFIDENTIAL);

დ) „შეზღუდული სარგებლობისთვის“ (მასთან გათანაბრებულია – RESTRICTED).

3. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელება ან დაკარგვა არსებითად იმოქმედებდა საქართველოს ინტერესებზე თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვევდა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციისათვის.

4. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციისათვის.

5. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „შეზღუდული სარგებლობისთვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს თავდაცვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ინფორმაციისათვის ეს ვადა არ აღემატება 20 წელს, „სრულიად საიდუმლო“ ინფორმაციისათვის არის 10 წელი, „საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისთვის“ ინფორმაციისათვის – 3 წელი. დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელებს, თუ აღნიშნული ინფორმაცია დაკავშირებულია კონტრდაზვერვით საქმიანობასთან და მისი განსაიდუმლოებით არსებითი ზიანი მიადგება სახელმწიფოს ინტერესებს. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების ვადის გაგრძელება, განსაიდუმლოება ან გრიფის შეცვლა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის წესდება ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის (კადრების) უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, ასევე საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“.

6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას შესაბამის პირზე გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 13 დეკემბრის №1044 ბრძანებულება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5240–რს