საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.666
  • Word
4255
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
200.000.000.05.001.002.666
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოები საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში ხელმძღვანელობენ ასეთი ბრძანებებით, შიდა ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით.“.

3. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან, ადგილობრივი გადასახადის შემოღების, გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:

„11. საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა გადასახადების ადმინისტრირება. ამასთანავე, აღნიშნული ორგანოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოდ აგრეთვე ჩაითვლება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, ამ დაწესებულების ტერიტორიული ორგანო ან სხვა ქვედანაყოფი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს ფუნქციები.

12. შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, შეასრულოს შემოსავლების სამსახურის ამ კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები.“.

5. 49-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგადასახადო ორგანოების ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა შედგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისაგან, ტერიტორიული ორგანოებისა და განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან (ასეთი ქვედანაყოფის შექმნის შემთხვევაში).“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

6. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. უფლებამოსილების დელეგირება

საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.“.

7. 54-ე–56-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხების სრულად დაბრუნება ამ კოდექსით დადგენილ ვადაში.“.

9. 77-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს, თუ გადასავადებელი თანხა 50 000 ლარზე მეტია და არ აღემატება 250 000 ლარს, ხოლო გადავადების პერიოდი არ აღემატება 6 თვეს.“.

10. 82-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა „საგადასახადო მოთხოვნა“ უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ:

ა) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ან სასამართლოში „საგადასახადო მოთხოვნაზე“ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 150-ე მუხლით;

ბ) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საჩივრის ან სარჩელის წარუდგენლობის შემთხვევაში, რაც განიხილება საგადასახადო ვალდებულების აღიარებად, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში „საგადასახადო მოთხოვნაზე“ ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.“.

11. 88-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თანხის სრულად გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა სერტიფიკატი გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ. ამ სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზედაც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და აღემატებოდა იმ საგადასახადო გირავნობის უფლებას, რომელმაც გამოიწვია ქონებაზე ყადაღის დადება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება საწყობიდან ან საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე.“.

12. 99-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩატარებული გასვლითი შემოწმებებისა, თუ გადასახადის გადამხდელი თანახმაა, შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე.“.

13. 103-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის გახსნისას აღნიშნულის თაობაზე 3 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომლის მიერ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია წარუდგინა ბანკს);“.

14. 128-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 128. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანების ან სხვა გადაწყვეტილების გასაჩივრება

საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანება ან სხვა გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნული აქტები შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია აღნიშნული ბრძანება ან სხვა გადაწყვეტილება, ან მისმა კანონიერმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ამ კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით, მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად.“.

15. VIII კარი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„კარი VIII

საგადასახადო დავა

 

თავი XIX. საგადასახადო დავის განხილვის საერთო წესი

    მუხლი 145. საგადასახადო დავის დაწყების საფუძველი

1. საგადასახადო დავის დაწყების მატერიალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს ან გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი ვალდებულების დარღვევა.

2. საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარი და შესაბამისი წერილობითი შესაგებლის წარდგენა ან ამ კარით განსაზღვრულ ვადაში მისი წარუდგენლობა;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის წარდგენილი, ამ კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული „საგადასახადო მოთხოვნა“;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის ამ კოდექსის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გარდა იმ აქტებისა, რომლებიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება) წარდგენა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, სადავო საკითხი გაასაჩივროს ამ კარით დადგენილი წესით და აირჩიოს საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმა.

4. ამ კარის საფუძველზე შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შინაარსი არ შეესაბამება საგადასახადო დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

    მუხლი 146. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები და ზოგადი წესები

1. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმებია:

ა) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით;

ბ) დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ.

2. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით შედგება 2 ეტაპისაგან:

ა) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;

ბ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო).

3. თუ გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია მისი გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, მას უფლება აქვს, დავის გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში იმავე ვადაში, რომელშიც მას უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილ საჩივარში.

4. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი დავას იწყებს ან დავას აგრძელებს სასამართლოში გასაჩივრებით, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის მიმდინარეობისას, აგრეთვე „საგადასახადო მოთხოვნისა“ და საგადასახადო ორგანოს, შემოსავლების სამსახურისა და საბჭოს გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისათვის საჭირო ვადების განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ეს კოდექსი და მის შესაბამისად გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტების დებულებები.

6. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება ნიშნავს მის საფუძველზე გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრებას და პირიქით.

7. საგადასახადო დავის დაწყება არ აჩერებს საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აუღიარებელ საგადასახადო დავალიანებაზე ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისა.

8. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი მთლიანად ან ნაწილობრივ არ განიხილება, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ბ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის დავაზე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

გ) არსებობს შემოსავლების სამსახურის ან საბჭოს გადაწყვეტილება იმავე პირის მიმართ იმავე საგანზე;

დ) მიმდინარეობს საგადასახადო დავა იმავე პირის საჩივართან დაკავშირებით იმავე საგანზე;

ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ვ) საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ზ) არ არსებობს დავის დაწყების ფორმალური საფუძვლები;

თ) გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;

ი) საჩივრის ხარვეზი არ გამოსწორდა ამ კოდექსით დადგენილი წესით;

კ) გასაჩივრებულ „საგადასახადო მოთხოვნაში“ ასახულია აღიარებული გადასახადები და საგადასახადო ვალდებულებები. საჩივარი არ განიხილება ასეთი თანხების ნაწილში.

9. თუ მომჩივანი თავის უფლებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იცავს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

10. მომჩივანს ან მის წარმომადგენელს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ეცნობება არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვა). თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, დავა მათი მონაწილეობის გარეშე განიხილება.

 11. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 149-ე მუხლის (გარდა 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით მიეთითება მათ შესახებ და ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემა არანაკლებ 5 კალენდარული დღისა. ამ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. თუ ხარვეზი აღმოჩნდება დავის განხილვის მიზნით ჩატარებულ სხდომაზე და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება, დავის განმხილველი ორგანოს თანხმობით ხარვეზი შეიძლება გამოსწორდეს სხდომაზევე.

12. საჩივრის წარდგენისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მომჩივანმა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

 13. საგადასახადო დავის განახლება ან/და აღიარებული „საგადასახადო მოთხოვნის“ გადახედვა შეიძლება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებებისა და ფაქტების წარმოდგენის შემთხვევაში, ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში და მხოლოდ ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე. ამასთანავე, დავა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გამოცემისას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ მისთვის სასარგებლო გარემოებების ან ფაქტების წარუდგენლობა მისი ბრალით არ მომხდარა.

    მუხლი 147. საგადასახადო დავის დაწყების წესი

1. თუ საგადასახადო ორგანო მთლიანად ან ნაწილობრივ უარს აცხადებს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე, იგი ვალდებულია, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ პირს ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი. ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარს.

2. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია, „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს სასამართლოს მიერ მის გადაწყვეტას.

3. საჩივრის ყველა გვერდი უნდა დაინომროს და საჩივრის ბოლოში, ხელის მოწერამდე სიტყვიერად მიეთითოს შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა.

4. მოდავე მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს საჩივრის ყველა გვერდზე.

5. საგადასახადო დავის დაწყების თარიღად ითვლება:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შესაგებლის გაგზავნის თარიღი, ხოლო შესაგებლის გაუგზავნელობის შემთხვევაში – მისი გაგზავნის ვადის ბოლო დღე;

ბ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული საჩივრის ან შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად, იგი აღსასრულებლად მიიქცევა და „საგადასახადო მოთხოვნასა“ და აღნიშნულ აქტზე ვადისა და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.

    მუხლი 148. სადავო თანხის გადახდის ვალდებულების შეჩერება

სადავო თანხისა და მასზე დარიცხული საურავის, ისევე, როგორც შესაბამისი ჯარიმის, გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავის დაწყების დღიდან დავის დასრულებამდე, თუმცა ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება.

    მუხლი 149. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი და შეტყობინება

1. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარში უნდა აღინიშნოს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საბჭოს) დასახელება და მისამართი;

ბ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“, შესაგებლის, საგადასახადო ორგანოს უარის) გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი, ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი;

დ) „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში – მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;

ე) მისთვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომელიც უნდა ემთხვეოდეს დართულ მტკიცებულებებს.

2. ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ წერილობით შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და ზუსტი მისამართი;

ბ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“) მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი.

    მუხლი 150. „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფა

1. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი თავის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების შემთხვევაში ვალდებულია, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ან/და ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე სათანადო თანხის შეტანის ცნობა (გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს ამ თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ბანკისათვის შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე) ან/და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი ან/და თავისი ქონება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დასატვირთად. წარდგენილი გარანტიების საერთო ღირებულება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის სადავო საგადასახადო დავალიანებაზე ნაკლები. საგადასახადო ორგანო საჯარო რეესტრს რეგისტრაციისათვის უგზავნის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინებას. საჯარო რეესტრი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ეს უფლება. აღნიშნული ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და იგი საკმარისია სადავო საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

2. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს იმავე ნაწილში აღნიშნულ უზრუნველყოფის გარანტიებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიყენოს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების უზრუნველყოფის ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები (სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში, ხოლო თუ წარდგენილია ნაწილობრივი უზრუნველყოფის გარანტია, – იმ ფარგლებში, რაც საკმარისია სადავო საგადასახადო დავალიანების მოცულობის შესავსებად):

ა) ყადაღა დაადოს მის საბანკო ანგარიშებს;

ბ) ყადაღა დაადოს მის ნებისმიერი სახის ქონებას (მათ შორის, მოძრავ, უძრავ და არამატერიალურ ქონებას).

3. თუ საგადასახადო დავა გადაწყდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სასარგებლოდ, მაშინ გაუქმდება მის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის გარანტიები, საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება – გაუქმებულად.

4. თუ საგადასახადო დავა არ გადაწყდება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სასარგებლოდ, მაშინ მას სადავო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დაეკისრება სადავო გადასახადისა და შესაბამისი საგადასახადო სანქციების თანხის გადახდა.

    მუხლი 151. საგადასახადო ორგანოს შესაგებელი

1. საგადასახადო ორგანოს შესაგებელში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი;

ბ) საგადასახადო ორგანოს დასახელება და ზუსტი მისამართი, საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა);

გ) „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი;

დ) შესაგებლის გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;

ე) „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;

ვ) შესაგებლისათვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი.

2. საგადასახადო ორგანოს შესაგებელს ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი/მისი მოადგილე.

    მუხლი 152. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს შესაგებლის მიღების ან დადგენილ ვადაში მისი მიუღებლობის შემდეგ

1. საგადასახადო ორგანოსაგან შესაგებლის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, აგრეთვე ამ კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში მისი მიუღებლობის შემთხვევაში, ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარულ დღეში გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, დავა გააგრძელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ფორმით.

2. დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იმავე ვადაში, რა ვადაშიც აქვს დავის გაგრძელების უფლება.

3. ამ მუხლში აღნიშნულ ვადაში საგადასახადო დავის გაუგრძელებლობა ან ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ცნობის წარუდგენლობა ითვლება დავაზე (მათ შორის, სასამართლოში დავაზე) უარის თქმად და აღნიშნული მოთხოვნების დაუცველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.

 

თავი XX. საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში

    მუხლი 153. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანი და მისი განმხილველი ორგანოები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დავის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. სისტემაში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ, ამ კოდექსის 146-ე მუხლისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საბჭოში, რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 154. საგადასახადო ორგანოს ვალდებულება საჩივრის ან „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებისას

1. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი/მისი მოადგილე ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს.

2. თუ საგადასახადო ორგანო „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარს.

    მუხლი 155. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, „საგადასახადო მოთხოვნა“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 147-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შესაგებელი (მისი მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში) და იმავე ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობისას საგადასახადო ორგანოს უარი (ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში) გაასაჩივროს:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში;

ბ) სასამართლოში.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს განსხვავებული თარიღებიდან, უპირატესობა ენიჭება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ შესაგებლის მიღების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა შესაგებელი საგადასახადო ორგანომ.

3. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ ვადებში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):

ა) საგადასახადო ორგანოს „საგადასახადო მოთხოვნას“ ან შესაგებელს, „საგადასახადო მოთხოვნა“ აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში „საგადასახადო მოთხოვნაზე“ ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უარზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;

ბ) საგადასახადო ორგანოს უარს, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უარზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;

გ) ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ეს ჩაითვლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღიარებად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ამ აქტზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.

    მუხლი 156. საგადასახადო დავის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ამ კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს იგი მომჩივანს და იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, იგი უფლებამოსილია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. ამ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, თუ გადამხდელი თანახმაა, შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დავის განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია:

ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მის დაკმაყოფილებაზე უარის ან სადავო საკითხის განმეორებით განხილვის შესახებ;

დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

6. გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა.

7. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (თუ მოხდა მისი შესწორება).

8. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ მიიღებს იმავე ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ან გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს.

    მუხლი 157. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში), აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება (ამ ვადის ამოწურვიდან              5 კალენდარული დღის ვადაში), გაასაჩივროს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში და მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლი და დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში;

ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე მუხლში ან   151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გასაჩივრების ვადები შესაძლებელია აითვალოს განსხვავებული თარიღებიდან, უპირატესობა ენიჭება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღს, მიუხედავად იმისა, დროულად გააგზავნა თუ არა გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივარი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს საბჭოს.

4. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს (მათ შორის, სასამართლოში):

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, იგი აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილებაზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარს, საჩივარი გაუქმებულად ჩაითვლება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უარზე ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.

    მუხლი 158. საბჭო, საბჭოს სხდომა და რეგლამენტი

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭოში ნებაყოფლობით საწყისებზე აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები (მათ შორის, უცხო ქვეყნის ექსპერტები) საბჭოს წევრის სტატუსით.

2. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, იგი უფლებამოსილია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ და არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, თუ გადამხდელი თანახმაა, შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო.

4. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი.

5. საბჭო შეიმუშავებს საბჭოს რეგლამენტს, რომელიც მტკიცდება ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება საგადასახადო დავის წარმოების პროცედურები, მათ შორის, სხდომების მოსამზადებლად ჩასატარებელი ღონისძიებები, მტკიცებულებების მოპოვების საკითხები, საბჭოს წევრთა ჩანაცვლების, საბჭოს სხდომის მიმდინარეობის, კენჭისყრისა და სხვა საკითხები. საბჭოს რეგლამენტი აგრეთვე გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვისას. ის პროცედურები, რომლებიც საბჭოს რეგლამენტით ვერ დარეგულირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადაწყვეტილების მიღების წესის თავისებურებებიდან გამომდინარე, რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას, და დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურები.

6. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

7. საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება.

    მუხლი 159. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო უფლებამოსილია დავის განხილვის საფუძველზე:

ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.

2. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს ამ მუხლის პირველი ნაწილის უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი;

ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი;

გ) საბჭოს დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;

დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.

3. საბჭოს წევრს (როგორც გადაწყვეტილების მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს) უფლება აქვს, საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთოს განსხვავებული მოსაზრება.

4. საბჭო ვალდებულია, საბჭოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გაუგზავნოს ან პირადად ჩააბაროს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს.

5. თუ საბჭო ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს იმავე ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს.

    მუხლი 160. საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და მისი გასაჩივრება

1. საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის:

ა) მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ მან ამ ვადაში არ გაასაჩივრა იგი;

ბ) ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ საბჭომ ამ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება და მომჩივანმა ამავე ვადაში არ გაასაჩივრა საბჭოს უარი.

2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადებში. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე მუხლში ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მითითებული ვადების დაუცველად სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.

    მუხლი 161. სასამართლოს მიერ საგადასახადო დავის განხილვა

გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. სასამართლოში წარდგენილი სარჩელი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

16. 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველი წლის 1 აპრილამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს მონაცემებს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შესახებ;

გ) საჰაერო ან/და საზღვაო ადმინისტრაციები ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენენ მონაცემებს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შესახებ;

დ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო ყოველი წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს მონაცემებს ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისა და მათი მესაკუთრეების შემოსავლების შესახებ.“.

    მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10, მე-12 და მე-15 ნაწილების ამოქმედებამდე 15 კალენდარული დღის ვადაში გაგზავნილ „საგადასახადო მოთხოვნაზე“ საჩივარი ან სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10, მე-12 და მე-15 ნაწილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნაზე“ საჩივრის ნაცვლად შესაგებლის შეტანა არ შეიძლება ჩაითვალოს ხარვეზად.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილის ამოქმედებამდე საგადასახადო ორგანოებში შეტანილ შესაგებელს განიხილავენ „საგადასახადო მოთხოვნის“ გამომცემი საგადასახადო ორგანოები ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებების შესაბამისად, ხოლო საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება იმავე წესით, რომელიც დადგენილია ამ კანონით „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრებისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაერთიანებამდე შემოსავლების სამსახურის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები განახორციელოს საგადასახადო დეპარტამენტმა.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-10, მე-12 და მე-15 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10, მე-12 და მე-15 ნაწილები ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შექმნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 1 აპრილისა.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4255–რს