დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.002.700 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 275-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები (გარდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისა) ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარადგენენ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელები (გარდა ფიზიკური პირებისა) ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო წლის 1 აპრილამდე წარადგენენ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.“.
2. 276-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებისა) ან/და ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტები, თუ ამ პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;“.
3. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17, მე-18 და მე-19 ნაწილები:
„17. გაუქმდეს საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული, 6 წელზე მეტი ხნოვანების მსუბუქი ავტომობილების (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული საქონელი) მიხედვით ქონების გადასახადში 2007 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და მათი შეუსრულებლობისათვის დარიცხული საურავი. ამასთანავე, გადახდილი თანხა ჩაითვალოს აღიარებულ ზედმეტად გადახდილ თანხად და მისი დაბრუნება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
18. 2009 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდნენ ფიზიკური პირები ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტზე. ამასთანავე, ამ ობიექტებზე, თუ ისინი გამოყენებულია დამქირავებლის (მოიჯარის) მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება ეკისრება დამქირავებელს (მოიჯარეს), ქონების საბაზრო ღირებულების არა უმეტეს 1%-ისა.
19. საკონტროლო-სალარო აპარატების სათანადო წესით დალუქვის ვალდებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ამ პერიოდისათვის აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4290–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები