„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016149
2-95
05/05/2014
ვებგვერდი, 05/05/2014
010240030.22.032.016149
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-95

2014 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულებაში (ვებგვერდი, 25/02/2014  სარეგისტრაციო კოდი 10240030.22.032.016141 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულება“;

2. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების კვლევა-დანერგვა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ცნობადობის ამაღლება;“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტების შემუშავება და სერტიფიცირება.“.

   4. მე-3 მუხლის :

 ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ახალი ტექნოლოგიების გავრცელება, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევა.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული კვლევის სამსახური;

დ) მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტი;

ე) ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტი;

ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა–გადამუშავების კვლევის სამსახური;

ზ) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;

თ) ბიოაგროწარმოების სამსახური;

ი) მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;

კ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის  დეპარტამენტი;

ლ) თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახური;

მ) აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური;

ნ) საზოგადოებასთან და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური;

ო) რისკის შეფასების სამსახური.“.

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ცენტრში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის თუ კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;

ბ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

გ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ცენტრი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

ე) საერთაშორისო ურთიერთობებში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინტერესების წარმოდგენა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ზ) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;

თ) ცენტრის თანამშრომლების საქართველოში და საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

ი) ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა და ცენტრის ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ლ) სამეურნეო, სარემონტო, სამშენებლო და მატერიალურ–ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;

მ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ნ) მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;

ო) სასაწყობო მეურნეობის წარმართვა.

2. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;

ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

3. ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სოფლის მეურნეობის დარგობრივი, რეგიონული და საწარმოო რესურსული პოტენციალის დადგენა და შეფასება;

ბ) სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;

გ) მიწის რესურსების გამოყენების შეფასება;

დ) ერთწლოვანი, მრავალწლოვანი კულტურების, მეცხოველეობისა და გადამამუშავებელი  მრეწველობის დარგობრივი, მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება.

4. მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასოფლო–სამეურნეო მცენარეთა გაშენებისა და მოვლის უსაფრთხო, თანამედროვე ბიოდინამიკური ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, დანერგვა;

ბ) ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების ქვეყნის შიგნით წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების კვლევა, შემუშავება, სერტიფიცირებული ნერგის წარმოების ხელშეწყობა;

გ) სასოფლო–სამეურნეო კულტურათა გენეტიკური და ფენოტიპური კვლევა, მოძიება, გენოფონდის დაცვა–კონსერვაცია;

დ) ახალი ჯიშების, მათ შორის, საძირეების  ინტროდუქცია, სელექცია და ჯიშთა გამოცდა, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.

5. ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეული, მარცვლეული და პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა–მოყვანის ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, გავრცელება, ადგილი თესლბრუნვაში;

ბ) ჯიშთა გამოცდა, შერჩევა, სელექციურ მიღწევათა პოპულარიზაცია;

გ) რეგიონებში ჯიშთა გამოცდის ნაკვეთების მოწყობა;

დ) კარტოფილის ელიტური სარგავი მასალის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფა, დამუშავება, დანერგვა In vitro პირობებში;

ე) თესლის, საჩითილე და სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიების კვლევა, შემუშავება ღია და დახურულ გრუნტში;

ვ) საქართველოს პირობებისთვის აპრობირებული, ამჟამად არაკულტივირებული, მივიწყებული ჯიშების კვლევა და აღდგენის ხელშეწყობა;

ზ) მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ჯიშების გავრცელების ხელშეწყობა.

6. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა–გადამუშავების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანოლეპტიკური და სამეურნეო ტექნოლოგიური მახასიათებლების კვლევა;

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და შენახვა–გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა;

გ) ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების კვლევა.

7. ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ნიადაგების ნაყოფიერების შესწავლა;

ბ) დეგრადირებული ნიადაგების სტრუქტურის გაუმჯობესება და ნაყოფიერების ამაღლების კვლევა, დანერგვა;

 გ) ნიადაგის ტენმომარაგებისა და რწყვის წესების მეცნიერული უზრუნველყოფა;

 დ) ნიადაგის დამუშავების სისტემების შესწავლა ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში;

 ე) ნიადაგის განოყიერების სისტემების რეგულირება, ნარჩენი ნივთიერებების ზემოქმედების შესწავლა;

 ვ) ნიადაგთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების კვლევა და შეფასება.

8. ბიოაგროწარმოების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ბიოაგროწარმოების თვისებრივი მახასიათებლების კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ბიოლოგიური ნივთიერებების კვლევა და მათი გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ბიოაგროწარმოების ბიოეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის კვლევის მეთოდების შემუშავება.

9. მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასოფლო–სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ენდემური ჯიშების სანაშენე და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესების მიზნით კვლევა;

ბ) მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელება, გამრავლება და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევის შემუშავება;

გ) სანაშენე აღრიცხვის ერთიანი სისტემის შემუშავება და სანაშენე პირუტყვზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;

დ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შექმნა.

10. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის  დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და დანერგვის ღონისძიებების შემუშავება;

ბ) მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების (სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, ვიროიდული და ფიტოპლაზმური) კვლევა და ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება;

გ) სარეველა მცენარეების კვლევა და ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება;

დ) მცენარეთა ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მეთოდების (ახალი პესტიციდების) კვლევა;

ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების კონტროლის მექანიზმების შემუშავება.

11. თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტის – ტექნიკური (ბიომეტრიული) მახასიათებლების კონტროლის მექანიზმების შემუშავება;

ბ) თესლისა და სარგავი მასალების ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმების შემუშავება;

გ) თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემების კვლევა;

დ) თესლისა და სარგავი მასალების  სტანდარტების შემუშავება და სერტიფიცირება.

12. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სასოფლო–სამეურნეო ოპერაციებისათვის განკუთვნილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებების კვლევა, კლასიფიცირება – საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

ბ) ნიადაგის დასამუშავებელი სასოფლო–სამეურნეო აგრეგატების კვლევა;

გ) მცირემიწიანი, მთაგორიანი ადგილების ნიადაგების მექანიზებული ღონისძიებების კვლევა და გავრცელება;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და შენახვა–გადამუშავებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის კვლევა.

13. საზოგადოებასთან და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობა;

 ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების წარმართვა;

გ) სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო – სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, თესლისა და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება;

დ) რეგიონებში სემინარების ჩატარების ორგანიზება, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა-მოყვანის, დაცვის, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების წარმოების, შენახვა – გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

ე) ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა, საჩვენებელი და სადემონსტრაციო ღონისძიებების მოწყობა.

14. რისკის შეფასების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და ცხოველთა ჯანმრთელობაზე საფრთხეების რეალური ან/და პოტენციური ზეგავლენის გამოვლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკებთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების მოძიება და ანალიზი;

გ) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;

დ) საფრთხის თავისებურებიდან გამომდინარე, რისკების მისაღები დონის დადგენა;

ე) რისკის შეფასებისას გაუთვალისწინებელი ფაქტორების დადგენა და ანალიზი;

ვ) რისკის შეფასების მეთოდური უზრუნველყოფა;

ზ) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;

თ) შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით სამეცნიერო დასკვნის წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის;

ი) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება საგანგებო ვითარების დროს საგანგებო ზომების მიღებისას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია