„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2307-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 360050000.05.001.017408
2307-IIს
30/04/2014
ვებგვერდი, 13/05/2014
360050000.05.001.017408
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

    „მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

    ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

   ა) ანთროპოგენური ზემოქმედება – სასიცოცხლო გარემოზე ადამიანის, საზოგადოების გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;

   ბ) აღკვეთილი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Species Managment Area);

   გ) ბიოგეოგრაფიული ერთეულები – ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები;

    დ) ბიომი – ბიოგეოგრაფიული დარაიონების ერთეული;

  ე) ბუნების ძეგლი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument);

  ვ) დამახასიათებელი პეიზაჟი – სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების ტიპების ვიზუალური იერსახე;

   ზ) დაცული ლანდშაფტი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape);

   თ) დაცული ტერიტორია – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე;

  ი) დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების, ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები;

  კ) დაცული ტერიტორიების სისტემა – დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიისაგან აგებული ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა;

  ლ) დემარკაცია – ამ კანონის მიზნებისათვის, დაცული ტერიტორიის საზღვრის პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენა, რომლის დროსაც საზღვარი განისაზღვრება ადგილზე, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების, დაცული ტერიტორიისათვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტების აღრიცხვით, მათი დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან ამორიცხვისა და დაზუსტებული საზღვრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით;

  მ) ეროვნული პარკი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park);

  ნ) ვიზიტორი – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი;

  ო) თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემო – მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებითა და რაციონალური სამეურნეო გამოყენებით;

  პ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი – ანთროპოგენური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი, რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კულტურული ღირებულებებით;

  ჟ) მანიპულაციები – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის მიზნით განხორციელებული აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;

   რ) მენეჯმენტის გეგმა – დაცული ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზებისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი;

  ს) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area);

   ტ) სახელმწიფო ნაკრძალი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve/Wilderness Area);

  უ) ტერიტორიული დაგეგმარება – ქვეყნის ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: სივრცით-ტერიტორიული გეგმებით – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; თვითმმართველი ერთეულის დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით – რეგიონულ დონეზე; გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით – სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებზე და ზონებში; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებით – დასახლებებსა და დასახლებათა ჯგუფებში და სხვა;

  ფ) ჰარმონიული ლანდშაფტი – ლანდშაფტი, რომელშიც ბუნებრივი და ანთროპოგენური კომპონენტები და ელემენტები ფუნქციურად გაწონასწორებულია და მიღწეულია მათი მაღალესთეტიკური შერწყმა.“.

     2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება.“.

     3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში:

    ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას;

  ბ) ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას;

   გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

     4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას, განახლებულ მენეჯმენტის გეგმას ან დროებითი რეგულირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

     5. 24-ე მუხლის:

     ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“;

   ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

   „6. 2014 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.

   7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.“.

    6. კანონის ბოლოს მითითებული „გამოყენებული ტერმინები“ ამოღებულ იქნეს.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2307-IIს