საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2518-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017471
2518-რს
24/07/2014
ვებგვერდი, 06/08/2014
090000000.05.001.017471
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 56-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“). გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არა აქვთ, უარი უთხრან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაზარალებულისათვის მინიჭებული რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე  წილისყრით განისაზღვრება.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.“;

დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“;

ე) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

 „7. მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხებზე 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.

2. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები

1. დაზარალებულს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;

ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;

გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;

დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;

ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;

ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;

თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;

  ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ ემუქრება რეალური საფრთხე;

კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;

ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით;

მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;

ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და, შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.

3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.“.

3. 58-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;

ბ) წინასასამართლო სხდომა;

გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;

დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა;

ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა;

ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.“.

 4. 59-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;“.

5. 95-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება.“.

6. 101-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დანაშაულის შესახებ ზეპირი შეტყობინების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია დანაშაულის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე.“.

7. 106-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს  ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.

8. 108-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.“.

9. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.“.

10. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 168. დისკრეციული დევნა

1. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს პროკურორი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გაუგზავნოს მისი ასლი დაზარალებულს დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.

2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

3. თუ ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.

4. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება დაზარალებულს.“.

11. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ განჩინების გამოტანის მიუხედავად, მოსამართლე უფლებამოსილია ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს მისცეს სხდომაზე ან სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივლისი 2014 წ.

N2518-რს