„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 13/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.002.432
  • Word
3680
10/11/2006
სსმ, 43, 13/11/2006
230.140.010.05.001.002.432
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. თვითმმართველი ერთეულის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამოქმედდება ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არჩევნები ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებთან ერთად.“.

2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);“.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში საკრებულოს თანამდებობის პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;“.

4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, ღია კენჭისყრით წყდება.“.

5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის (მერიის) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება არა უმეტეს 5 კომისიისა.“.

6. 32-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში.“.

7. 39-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას ასრულებს გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე ან მოადგილე ვერ ახორციელებს გამგებლის (მერის) უფლებამოსილებას, გამგებლის (მერის) მოვალეობას ითავსებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

8. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვს საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის მიზნით შექმნას კანონით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი.“.

9. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:

ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია პარლამენტის დადგენილებით;

ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;

გ) საკრებულომ 2 თვეში ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი (მერი);

დ) საკრებულომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 2 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 მუხლი:

     „მუხლი 65 1 . ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და თვითმმართველი ერთეულის ლიკვიდაცია

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგებელი (მერი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს სალიკვიდაციო აქტებს და ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრამდე.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრიდან ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საკრებულოს თავმჯდომარე.

4. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.

5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე მთავრობის დადგენილებით განსაზღვროს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის წესი.

6. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები მათზე დამაგრებული მიწით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხელშეკრულების გარეშე საკუთრებაში გადაეცეს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.

7. სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მეთოდური დახმარება დაევალოს საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს. სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაცია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განახორციელონ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა.

8. 2007 წლის 1 იანვრამდე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების რეგისტრაციის 5-დღიანი ვადა შეიცვალოს 20-დღიანით.“.

12. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და სარეგისტრაციო მონაცემებს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.

4. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების ამსახველი სქემატური რუკები მომზადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ, არა უგვიანეს 2007 წლის 30 დეკემბრისა.“.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 10 ნოემბერი.

№3680–IIს