„საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.018160
540
05/09/2014
ვებგვერდი, 09/09/2014
010140010.10.003.018160
„საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №540

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2013, 010140010.10.003.017223) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის:

1. პირველი პუნქტის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფო ლიბერალური სავიზო პოლიტიკიდან ეტაპობრივად გადადის დაბალანსებული სავიზო პოლიტიკის დანერგვაზე. ამგვარი აუცილებლობა განაპირობა უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოქმნილმა მოუწესრიგებელმა იმიგრაციულმა პროცესებმა. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა, რომელიც სათანადო სავიზო პროცედურების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ტურიზმის განვითარება და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება. პარალელურად, თანამედროვე გამოწვევების ფონზე და ევროკავშირთან მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას.“.

2. მე-3 პუნქტის:

ა) 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.1 სტრატეგიის დამტკიცებისას მიგრაციის მართვაში მონაწილე ძირითადი ინსტიტუტების აღწერა

 

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვებისა და შეწყვეტის, ასევე, თავშესაფრის მინიჭების საკითხებზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს, აგრეთვე, განსაზღვრავს უცხოელთა საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევებს. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას, ასევე, განეკუთვნება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის, უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესების დამტკიცება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო)

სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, პასუხისმგებელია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემასა და ასევე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების, ლტოლვილების ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფაზე. გარდა ამისა, სააგენტოს ფუნქციებში შედის საქართველოს მოქალაქეთათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, ერთიანი სამოქალაქო რეესტრის წარმოება და შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმაციაზე წვდომის დონისა და საჭიროების შესაბამისად. ამავდროულად, სააგენტო ამზადებს დასკვნებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებს, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს, თავშესაფრის მაძიებლებს, რეპატრირებულ პირებს, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებსა და საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განიხილავს განცხადებებს თავშესაფრის შესახებ, არეგისტრირებს თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ანიჭებს ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსებს, უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით თავშესაფრის მაძიებლებს და ხელს უწყობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ინტეგრაციის პროცესს, კოორდინაციას უწევს ლტოლვილთა და ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩართულნი არიან მიგრაციული პროცესების მართვაში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საზღვარზე უზრუნველყოფს ლეგალური გადაადგილების კონტროლს, ხელშეწყობასა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. ისევე, როგორც პასუხისმგებელია არალეგალ მიგრანტთა გამოვლენაზე, დაკავებასა და მათი დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და აკონტროლებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, რაც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებასა და ინსპექტირებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზების გაცემასა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვას. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურულ და ორგანიზაციულ საკითხებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, აწარმოოს მიგრაციასთან დაკავშირებული სამართალდაცვითი საქმიანობა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საზღვარზე. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილება და აღმოფხვრა, კონტრაბანდის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების დაკავება; ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის აღკვეთა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვას, გასცემს საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს და საქართველოს ვიზებს, აქტიურად არის ჩართული რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში, ერთობლივი კომიტეტების შეხვედრებში მონაწილეობის მეშვეობით. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ხელს უწყობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას, როგორც საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცალკეულ მოქმედებებს და სააგენტოში გადაგზავნის მიზნით, იღებენ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებულ განცხადებებს.

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინაციას უწევს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას, მათ შორის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლის საკითხებს; ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებულ მიგრაციის საკითხებს, ასევე, კოორდინაციას უწევს ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელს უწყობს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოსთან კავშირისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში, ხოლო მათი დაბრუნების შემთხვევაში, ამზადებს წინაპირობას აღნიშნული პირების საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისათვის. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

· უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ერთიან ბაზაში განთავსებას;

· საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანმანათლებლო კერებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის გაცნობასა და გაზიარებას. ამავე დროს, მათი საქართველოს განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანას;

· საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ქართული კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას;

· საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემოღებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის საშუალებით;

· დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის წარდგენას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის კომპეტენციაში შედის მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის ფორმულირება, მიგრაციის მართვის გაუმჯობესება და წინადადებების შემუშავება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობისთვის მოამზადოს წინადადებები მიგრაციის მართვასთან და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც - რეკომენდაციები საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ. ფუნქციების განხორციელებისას, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია, როგორც საქართველოში არსებული უწყებებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვა ქვეყნის სტრუქტურებიდან და შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები.“;

 

ბ) 3.2. პუნქტის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.

 

საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“

ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე, განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.“;

გ) 3.3 პუნქტის მე-12 აბზაცი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 პუნქტის:

ა) 4.1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.1.2 ლეგალური იმიგრაციის ხელშეწყობა

იმიგრაციული ნაკადების მოწესრიგებისთვის დღის წესრიგში დადგა აქამდე არსებული სავიზო პოლიტიკისა და უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების გადახედვის საჭიროება. ამ მიზნით, ლეგალური იმიგრაციის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაიდგა და იგეგმება რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები:“;

 

ბ) 4.1.2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.1.2.2. კანონმდებლობის გადახედვა და ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 მარტს მიღებული იქნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი. კანონის შემუშავება განაპირობა არსებული სავიზო პოლიტიკის გადახედვისა და ქვეყანაში იმიგრაციული პროცესების უკეთესი რეგულირების აუცილებლობამ. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილს მიიღო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ახალი ორგანული კანონი, რომლის მიღებაც განაპირობა არსებულმა გამოწვევებმა და პრაქტიკულმა საჭიროებებმა, საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებური რეგლამენტაციის აუცილებლობამ და „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამ.“;

გ) 4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.2 არალეგალური მიგრაცია

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა წარმოადგენს საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს.

აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს არალეგალური იმიგრაციის შესახებ ძირითადი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების გადახედვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საქართველოდან გაძევების ქმედითი მექანიზმების დანერგვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა პასუხისმგებელ უწყებად არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, მათ შორის, არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრის შექმნასა და ფუნქციონირებაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი მიგრანტების გამოვლენასა და მათ მიმართ შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე.

სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის თვალსაზრისით.“;

დ) 4.2.2.1 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 4.2.2.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.2.2.2. ინსტიტუციური განვითარება

არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის სფეროში მეტად მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მექანიზმების შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტიან თანამშრომლობას. ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ არალეგალ მიგრანტთა გამოვლენისა და დაბრუნების (განსაკუთრებული აქცენტით, ნებაყოფლობით დაბრუნებაზე) ხელშესაწყობად, აღნიშნული განხორციელდება სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით.

ამ კუთხით, ასევე, მნიშნელოვან როლს შეასრულებს მიგრაციის მონაცემთა ერთიანი სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის როგორც ლეგალური, ასევე, არალეგალური მიგრაციის მონიტორინგს.“;

ვ) 4.4.2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.4.2.2 რეინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ასევე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და შემდგომი სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნას.

საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ნაყოფიერად თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის იმ შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რეადმისიის, გაძევებისა და ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცედურების განხორციელებაში.

საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ითანამშრომლებენ დანიშნულების ქვეყნების იმ უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რეადმისიის, გაძევებისა თუ ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცედურების განხორციელებაში. აღნიშნული უზრუნველყოფს სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი