საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3967
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.462
  • Word
3967
14/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
040.000.000.05.001.002.462
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი კარის მეორე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იურიდიული პირი“.

2. 24-ე–26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 24. ცნება. სახეები

1. იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მათი შექმნის, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

5. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს (არაკომერციულს)) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.

3. ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.

4. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

    მუხლი 26. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი

1. იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

2. იურიდიული პირის სხვა ადგილსამყოფელი ჩაითვლება მისი ფილიალის ადგილსამყოფლად.“.

3. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სიტყვები:

„II. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“.

4. 27-ე–30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 27. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი მისი კუთვნილება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ და „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას.

4. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

5. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

    მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი განაცხადის ფორმა, რეგისტრაციის მოწმობის ფორმა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი, რეესტრის ფორმულარი, რეესტრიდან ამონაწერის ფორმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეესტრს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

5. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო განაცხადი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით.

7. სარეგისტრაციო განაცხადი წარედგინება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მარეგისტრირებელ ორგანოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისათვის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა უფლებამოსილმა ორგანომ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში. თუ ამ ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ფილიალი (წარმომადგენლობა) რეგისტრირებულად ჩაითვლება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ფილიალს (წარმომადგენლობას) მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადი

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც უნდა წარედგინოს სარეგისტრაციო განაცხადი; სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის თარიღს;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადის წარმდგენი პირის (პირების) ვინაობას;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას;

დ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანს;

ვ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე);

ზ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;

თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესსა და უფლებამოსილების ვადას;

ი) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს), მისი არჩევის წესსა და უფლებამოსილების ვადას;

მ) მონაცემებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესს, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

ო) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელებას და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას, თუ იგი განსხვავდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და პროცედურისაგან;

პ) სარეგისტრაციო განაცხადისთვის დართული საბუთების ნუსხასა და ფურცლების რაოდენობას;

ჟ) იმ ნოტარიუსის ვინაობასა და მისამართს, რომელმაც დაამოწმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადს ხელს უნდა აწერდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი (დამფუძნებლები) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). სარეგისტრაციო განაცხადი მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

3. სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების სანოტარო წესით დამოწმებული აქტი (ოქმი);

ბ) ეროვნული სპორტული ფედერაციების, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების ან პროფესიული კავშირების რეგისტრაციის შემთხვევაში – მათი სანოტარო წესით დამოწმებული წესდებები;

გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს საქმიან ურთიერთობებში;

ე) ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

    მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცნება და სარეგისტრაციო განაცხადი

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

2. ფილიალი (წარმომადგენლობა) არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა დამფუძნებლის მიერ მიღებული აქტის (ოქმის) საფუძველზე.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), აგრეთვე უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანო ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო განაცხადი სრულდება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც უნდა წარედგინოს სარეგისტრაციო განაცხადი; სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის თარიღს;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადის წარმდგენი პირის (პირების) ვინაობას;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებას (შემოკლებულ დასახელებას);

დ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის), საკონტაქტო ტელეფონის შესახებ;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის მიზანს;

ვ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე);

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) დაფუძნების აქტის (ოქმის) რეკვიზიტებს;

თ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელი პირის შესახებ, მისი არჩევის (დანიშვნის) წესსა და უფლებამოსილების ვადას;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესსა და მისი უფლებამოსილების ფარგლებს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ქონების განაწილების წესს;

ლ) სარეგისტრაციო განაცხადისთვის დართული საბუთების ნუსხასა და ფურცლების რაოდენობას.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო განაცხადს ხელს უნდა აწერდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) დამფუძნებელი (დამფუძნებლები) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). სარეგისტრაციო განაცხადი მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება დამფუძნებლის (დამფუძნებლების) მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს საქმიან ურთიერთობებში.“.

5. 30-ე მუხლის შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: „II. საერთო ნორმები კავშირისა და ფონდის შესახებ“.

6. 31-ე–39-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციას საჭიროებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ და „ზ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება, ხოლო ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში – ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“–„ე“ და „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისად ამ კოდექსის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადის ახალი, სრული რედაქცია.

3. ცვლილებებით რეგისტრაციისათვის წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) ცვლილებების შეტანის თაობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული აქტი (ოქმი);

ბ) ეროვნული სპორტული ფედერაციების, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების ან პროფესიული კავშირების ცვლილებებით რეგისტრაციის შემთხვევაში – მათი სანოტარო წესით დამოწმებული წესდებების ახალი რედაქცია;

გ) შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შემთხვევაში – ცნობა ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ.

4. ცვლილებებით რეგისტრაციისათვის წარდგენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო განაცხადს ხელს უნდა აწერდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). სარეგისტრაციო განაცხადი მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

    მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე (ცვლილებებით რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძვლები

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ფილიალს (წარმომადგენლობას) შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე (ცვლილებებით რეგისტრაციაზე), თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები;

გ) არსებობს ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები;

დ) რეგისტრაციისათვის წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი არ არის შესრულებული ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) სარეგისტრაციო განაცხადს არ ერთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტები არასრულადაა წარდგენილი;

ვ) სარეგისტრაციო განაცხადისთვის დართული დოკუმენტები არ არის გაფორმებული (დადასტურებული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მარეგისტრირებელი ორგანო განმცხადებლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს ხარვეზის აღმოსაფხვრელ ვადას არა უმეტეს 2 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 33. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.

3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია.

    მუხლი 34. რეგისტრაციის მონაცემები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებას, ადგილსამყოფელს და საქმიანობის მიზანს, დამფუძნებლის (დამფუძნებლების), ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ვინაობას.

2. რეგისტრაციის მონაცემები საჯაროა. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა.

3. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს რეესტრის ჩანაწერებს და მოითხოვოს წერილობითი ამონაწერები.

    მუხლი 35. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი (წევრი) უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ანდა დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია თავისი ორგანიზაცია და სტრუქტურა მოაწესრიგოს წესდებით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.

    მუხლი 36. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

    მუხლი 37. ზიანის ანაზღაურება

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა მესამე პირებს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების გამო, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

2. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

    მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრების ან რეგისტრაციის გაუქმებისას.

3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

4. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.

5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს სარეგისტრაციო განაცხადით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებიც ემსახურებიან იმავე ან მსგავს მიზნებს, როგორსაც ლიკვიდირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები). განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა ლიკვიდატორის დანიშვნის მოთხოვნით. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები.

9. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.

10. ლიკვიდაციის დასრულების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამორიცხოს რეესტრიდან.

    მუხლი 39. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება)

1. არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.

2. წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებას.

3. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

4. კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებიდან. ამასთანავე, პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) სახელით.“.

7. 39ე მუხლის შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: „III. სპეციალური ნორმები კავშირის შესახებ“.

8. მე-40–45-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. 45-ე მუხლის შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: „IV. სპეციალური ნორმები ფონდის შესახებ“.

10. 46-ე–49-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

11. 1509-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეული;“;

ბ) მე-2 ნაწილის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 1510-ე–15111 მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – კავშირები (ასოციაციები) და ფონდები, აგრეთვე მათი ფილიალები (წარმომადგენლობები) ინარჩუნებენ რეგისტრაციას და ისინი ჩაითვლებიან ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად, ფილიალებად (წარმომადგენლობებად).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა (ასოციაციებისა) და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის შესახებ მონაცემებში უნდა მიუთითოს მათი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი და რეგისტრაციისას განსაზღვრული ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა (ასოციაციებისა) და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3967–რს