დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2507 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.002.114 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) 176-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 176. გარდამავალი დებულებანი
2007 წლის 1 იანვრამდე:
ა) საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-8 მუხლის „ე“–„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები. ამასთანავე, ამ საქონლის რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ 1 თვის ვადით, ხოლო საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევის დროს ეს საქონელი უნდა განთავსდეს მხოლოდ დახურული ტიპის საბაჟო საწყობში არა უმეტეს 3 თვისა;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის, ამ კოდექსის მე-8 მუხლის „გ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად (რომელთა შედეგად ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები გადაკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს) საბაჟო ორგანოებში წარმოდგენილ უნდა იქნეს საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან უნდა დაიდოს ფულადი დეპოზიტი იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. აღნიშნული საქონლის საქართველოდან გატანისას უქმდება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან ბრუნდება ფულადი დეპოზიტი გატანილი საქონლის ოდენობის შესაბამისად. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევის დროს, აღნიშნული საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმების გარდა, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქონებრივი იპოთეკა იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა მოცემული საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად, რომლის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტით, საბაჟო ორგანოებში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საქართველოს რკინიგზის მიერ გაცემული თავდებობა;
გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 99-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში იქნება სახელმწიფოს მიერ საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის შემთხვევაში;
დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით ელექტრონული საბუთის, ელექტრონული პასპორტისა და ელექტრონული ლუქისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში შედის სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნისთანავე;
ე) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში ელექტრონული საბუთების შექმნისათვის დეკლარანტის მიერ და ელექტრონული ლუქის გაცემა-ექსპლუატაციისათვის საქონლის მფლობელის ან საბაჟო გადამზიდველის მიერ გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური;
ვ) ამ კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 25 ოქტომბრიდან;
ზ) აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე), გარდა უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმში მოქცეული თამბაქოს ნაწარმისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
№2507-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები