„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 145/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016880
145/ნ
04/11/2014
ვებგვერდი, 04/11/2014
430210000.22.022.016880
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №145/ნ

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:

1. თავი LXIV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი LXIV

ერთმოდულიანი არჩევითი საგანი: „მეწარმეობის საფუძვლები“

(არჩ.მეწ. X/XI/XII)

 

ზოგადი ნაწილი

 

ა) შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის ცხოვრებისეულ წარმატებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური სისტემა. ადამიანი, როგორც შრომითი რესურსი, ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი უჯრედია. ქვეყნის ეკონომიკა კი სახელმწიფოს განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს განსაზღვრავს.

ეკონომიკურ ურთიერთობებში მოსწავლეთა ეფექტური ჩაბმა პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქვთ მათ განვითარებული შესაბამისი კომპეტენციები. სამეწარმეო კომპეტენციას, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მეწარმეობა არ არის წარმოებისა და წარმოებითი ურთიერთობების სინონიმი. იგი აუცილებელი და სპეციფიკური ცხოვრებისეული კომპეტენციაა, რომელიც მოსწავლეს აძლევს საკუთარი ინიციატივების რეალიზებისა და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. მეწარმეობის საფუძვლების ცოდნა, მოსწავლისთვის ფართო ასპარეზია ინოვაციური იდეებიის დაგეგმვის, განვითარებისა და განხორციელებისთვის.  მეწარმეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფითი კომპეტენციაა, რომლის მქონე თითოეული ინდივიდი ავტომატურად ხდება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი, რაც მისი მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ზრდასაც განაპირობებს.

 

ბ) საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები

საგანი მიზნად ისახავს მეწარმეობის საფუძვლების სწავლების გზით მოსწავლის სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებას.

 

სასწავლო კურსის საშუალებით მოსწავლემ უნდა:

  •   ისწავლოს, თუ როგორ აქციოს იდეები საქმედ;
  • გაიგოს ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მას პირად, პროფესიულ / ბიზნეს საქმიანობაში დაეხმარება;
  • შეიძინოს ელემენტარული ცოდნა მეწარმეობის საფუძვლებსა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ მეცნიერებებში;
  •  ისწავლოს სამეწარმეო სფეროში მოქმედი ძირითად მარეგულირებელი აქტების გამოყენება.

 

მოსწავლეს უნდა განუვითარდეს ისეთი უნარები, როგორიცაა:

  •  ეფექტური გუნდური მუშაობის უნარი;
  •  საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრის უნარი;
  •  საპროექტო იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარები (დაგეგმვის, ორგანიზება, ანალიზი, კეთება, კომუნიკაცია, ინსტრუქტაჟის გაგება, შეფასება);
  •  პროფესიული კარიერის დაგეგმვის უნარი;
  •  ინიციატივის შემოქმედებით  სამეწარმეო იდეად გარდაქმნის უნარი.

 

მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს შემდეგი ღირებულებები / დამოკიდებულებები:

  •   ინიციატივის გამოჩენისადმი მიდრეკილება;
  •   ინოვაციებისა და რისკებისადმი რაციონალური დამოკიდებულება;
  •  შრომითი საქმიანობისა და ინიციატივისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
  •  დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის შესაფერისი პასუხისმგებლობებით მოქმედების საჭიროება.

 

გ) კურსის სწავლების ორგანიზება

საგანი - მეწარმეობის საფუძვლები საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში ერთიანდება. იგი ერთმოდულიანია და ისწავლება ერთი აკადემიური წლის განმავლობაში  კვირაში 2 აკადემიური საათიანი დატვირთვით.

სტანდარტში მითითებული ინდექსები:

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ დართული აქვს ინდექსი  არჩ.მეწ. X.XI.XII.1. პირველი ნიშანი მიუთითებს საგანს (არჩ.მეწ. - მეწარმეობის საფუძლები); მეორე ნიშანი -  მიუთითებს რომელი კლასებისთვისაა განკუთვნილი საგანი (X.XI.XII - მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასები), ბოლო ნიშანი კი - შედეგის რიგს (1. - შედეგი პირველი).

 

დ)  საგნის სწავლების მიმართულებების აღწერა

სასწავლო პროცესის შედეგები და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატორები დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით. თითოეული მიმართულება ასახავს საგნის სწავლების ძირითად დანიშნულებას და ეფუძნება ერთ ან რამდენიმე დისციპლინას. თითოეული მიმართულება წარმოადგენს საბაზო საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიმართულებების გაგრძელებას. ამით შენარჩუნებულია საგანმანათლებლო პროცესის მემკვიდრეობითობის პრინციპი და საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტერდისციპლინური კავშირები.

 

ინიციატივა და ინოვაცია

მიმართულების  მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პოზიტიური დამოკიდებულება ინიციატივისა და ინოვაციის მიმართ. იგი მოსწავლეს აჩვევს ცვლილებების მიღებას, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას (როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის) მიზნების დასახვასა და უქმნის მათი განხორციელებისთვის საჭირო მოტივაციას.

მიმართულება  პრაქტიკული დანიშნულებისაა. იგი  მოსწავლის რეალური ცხოვრებისეული უნარებით აღჭურვას ითვალისწინებს, რათა იგი მზად იყოს სხვადასხვა სიტუაციაში  არჩევნის გასაკეთებლად.

 

სამეწარმეო საქმიანობა

მიმართულება მოიცავს ცოდნას მეწარმოების ფორმების, საწარმოს მართვის პრინციპების, მარკეტინგული სტრატეგიების, ბიზნესის რისკებისა და დაზღვევის, ფინანსური განათლების საკვანძო საკითხების, ფისკალურ-საკანონმდებლო რეგულაციების, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების შესახებ.

მისი წყალობით მოსწავლეს უვითარდება წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ისწავლის ინფორმაციისა და რესურსების მოპოვება-ორგანიზებას, გარემოსა და არსებული შესაძლებლობების შეფასებას, შედგენილი გეგმის განხორციელებასა და მონიტორინგს, ბიზნესგეგმის მოდელირებას, ადამიანური რესურსების მართვას, პრობლემების/კონფლიქტების გადაჭრასა და პრევენციას, დროის მენეჯმენტს, საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობას.

 

თავისუფალი ეკონომიკა და საბაზრო ურთიერთობები

აღნიშნული მიმართულება მოიცავს ცოდნას საბაზრო ეკონომიკის მახასიათებლების, ეკონომიკის ძირითადი დარგების, საბანკო სისტემის, საბაზრო-ეკონომიკური კომუნიკაციის ფორმების, მთავრობის ეკონომიკური ფუნქციების შესახებ.

იგი მოსწავლეს უვითარებს საბაზრო ურთიერთობებში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს; ეხმარება მას ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკისა და პროფესიონალიზმის საჭიროების გაცნობიერებაში; დაანახებს მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის თავისუფალი ეკონომიკის, კონკურენციისა და კანონმორჩილების მნიშვნელობას.

 

X, XI, XII კლასები

მეწარმეობის საფუძვლები

 

სტანდარტი

 

კურსის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

 

კურსის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

 

 ინიციატივა და ინოვაცია

სამეწარმეო საქმიანობა

თავისუფალი ეკონომიკა და საბაზრო ურთიერთობები

არჩ.მეწ.X.XI.XII.1.  ეფექტური გუნდური მუშაობა.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII.2.  საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII.3.  აქტიური მოქმედებისა და ცვლილებების პოზიტიურად მიღება.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII.4.  საპროექტო იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების (დაგეგმვის ორგანიზება, ანალიზი, კეთება, კომუნიკაცია, ინსტრუქტაჟის გაგება, შეფასება) გამოვლენა.

არჩ.მეწ.X.XI.XII.5.  მეწარმეობის ფორმების განსხვავება.

 

 არჩ.მეწ.X.XI.XII. 6.  სამეწარმეო იდეის ჩამოყალიბება და პრეზენტაცია.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII. 7.  ბაზარზე არსებული  სიტუაციის გაანალიზება.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII. 8.  სამეწარმეო               იდეის რეალიზებისთვის საჭირო ელემენტების               (ადამიანური რესურსი, მატერიალური რესურსი, ფინანსური რესურსი) განსაზღვრა.

 

 

არჩ.მეწ.X.XI.XII. 9.   იმსჯელოს თავისუფალი ეკონომიკის მნიშვნელობაზე საბაზრო ურთიერთობების განვითარების პროცესში.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII. 10.  იმსჯელოს   სახელმწიფოს როლსა და ადგილზე საბაზრო ეკონომიკაში.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII. 11.  იმსჯელოს   საბანკო სისტემის როლზე საბაზრო ურთიერთობების განვითარების პროცესში.

 

არჩ.მეწ.X.XI.XII. 12.  იმსჯელოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ნიუანსებზე.

 

შინაარსობრივი პრიორიტეტები და მეთოდური ორიენტირები

1.    მეწარმეობის არსი და ფორმები:

ა) მეწარმეობის არსი;

ბ) მეწარმეობის ფორმები;

გ) გადაწყვეტილების მიღება;

დ) სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზება.

  •   პრაქტიკული სიტუაციის ანალიზი – „შევარჩიოთ ბიზნესიდეა!“ გადაწყვეტილების მიღების საფეხურები;
  •  მოდელირება: „იდეიდან საწარმოს შექმნამდე“;
  •   კვლევა: სკოლასთან (სახლთან, სოფელში, ქალაქში, რაიონში) არსებული ფირმების კვლევა სამართლებრივი ფორმის მიხედვით;
  •   სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება, შერჩეული სამართლებრივი ფორმის მიხედვით;
  •  მოდელირება: ორგანიზაციის სადამფუძნებლო კრება;
  •   მოდელირება: ახლად შექმნილი ფირმის ხელშეკრულების გაფორმება.

2.    სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვა:

ა) გარემოს შეფასება;

ბ) მოთხოვნის შეფასება;

გ) ეფექტური ბიზნესიდეა;

დ) კონკურენცია;

ე) საქმიანობის დაგეგმვა;

ვ) ბიზნესპროექტირების ფორმები;

ზ) პრაქტიკული მოდელირებები.

  •  პრაქტიკული სიტუაციის ანალიზი: სამეწარმეო გარემოს კვლევა (ქვეყნის, რეგიონის, რაიონის ან ქალაქის მიხედვით)
  •  პროექტი: „ჩემი ბიზნესი და გარემო“.

3.    საწარმოს მატერიალური ბაზის დაგეგმვა;

  •  პრაქტიკული მოდელირება.

4.    მარკენტინგი - როგორ გავყიდოთ პროდუქტი:

ა) პროდუქტის პრეზენტაცია;

ბ) სარეკლამო სტრატეგიის არჩევა;

გ) გასაღების სტრატეგიის არჩევა;

დ) მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმები (მაგ.: სოც-ქსელები).

  •   მოდელირება:  პროდუქტის რეკლამის მომზადება;
  •   პრაქტიკული სიტუაციის ანალიზი - ვინ ვის აჯობებს;
  •  ჯგუფური პრეზენტაცია - როგორ შევაღწიოთ ბაზარზე;
  •   პროექტი: რეპორტაჟები ფირმებიდან  – ფირმის განვითარების სტრატეგია.

5.    პერსონალის დაგეგმვა:

ა) ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა;

ბ) პროექტის მოდელირება.

  •  დისკუსია: ფირმის პერსონალის შერჩევა და მათი ფუნქციების განსაზღვრა.

6.    პროდუქტის ფასის დადგენა;

  •  პროექტი „ბაზრის ანალიზი“;
  •   კვლევა - მომხმარებელი და ფასები (რომელიმე პროდუქტის მაგალითზე).

7.    საწარმოს ფინანსური უზრუნველყოფა;

  •   პროექტი:  ჩემი ბიზნესის დაფინანსების წყაროები.

 

8.    საწარმოს მართვა:

ა) ორგანიზაციული სტრუქტურა;

ბ) ფინანსური მენეჯმენტი;

გ) ოპერაციების მენეჯმენტი;

დ) მომარაგება - გასაღების სისტემა;

ე) კონტროლის სისტემა;

ვ) საწარმოს განვითარების დაგეგმვა.

  •   მოდელირება: მენეჯერის სამუშაო კვირა.

 

9.    სამეწარმეო საქმიანობა და საგადასახადო გარემო;

  •  მოდელირება: საგადასახადო ინსპექტორი;
  •  პროექტი: ,,ბიზნესის მარცხის მიზეზები“ (რომელიმე მოქმედი საწარმოს მაგალითზე).

10. სამეწარმეო რისკები და მათი დაზღვევის ღონისძიებები:

  •   პროექტი: ,,კონკრეტული/საკუთარი ფირმის მაგალითზე რისკების გამოვლენა და შეფასება“.

11. ბიზნესგეგმის მომზადება და პრეზენტაცია.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე