საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 16/01/2006
ძალაში შესვლის თარიღი 30/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.161
  • Word
2626
28/12/2005
სსმ, 3, 16/01/2006
040.000.000.05.001.002.161
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1106. ქორწინების ცნება

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).“.

2. 1110-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაქორწინება ფორმდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.

4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.“.

3. 1111-ე, 1112-ე, 1113-ე და 1114-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1111. ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

    მუხლი 1112. დაქორწინების შესახებ განცხადების შეტანა

დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. განცხადებაში მათ უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1120-ე მუხლით, ცნობილია ერთმანეთის ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, აგრეთვე აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

    მუხლი 1113. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოვალეობანი

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, ვალდებულია გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსით, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.

2. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, რომ დასაქორწინებელ პირთათვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა.

    მუხლი 1114. ქორწინების რეგისტრაცია სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ადგილსამყოფლის გარეთ

დასაქორწინებელ პირთა თხოვნით, თუ საპატიო მიზეზი არსებობს, ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ადგილსამყოფლის გარეთ.“.

4. 1119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1119. ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრება

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უარი ქორწინების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

5. 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, ხოლო ამ კოდექსის 1124-ე და 1125-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.“.

6. 1124-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განქორწინება დაიშვება იმ მეუღლეთა ურთიერთთანხმობით, რომელთაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და შეაქვთ ერთობლივი განცხადება განქორწინების შესახებ.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას (მათ) საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მისი (მათი) სახელით წარმოდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.“.

7. 1125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1125. განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც:

ა) კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ;

გ) სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.“.

8. 1131-ე და 1132-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1131. ბაჟი განქორწინების მოწმობის გაცემისას

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით განსაზღვრული ბაჟი, ასევე თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბაჟი უნდა გადახდეს ორივე მეუღლეს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.

    მუხლი 1132. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება

1. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.

2. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.“.

9. 1134-ე და 1135-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1134. განცხადება ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შესახებ

მეუღლემ, რომელსაც სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის დროს. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

    მუხლი 1135. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ აღიარებული მეუღლის დაბრუნებისას

1. თუ გამოჩნდება კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე, რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე, და გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ აღიარების შესახებ, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებულნი, სასამართლო მათი განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

2. ქორწინება არ შეიძლება აღდგეს, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე.“.

10. 1137-ე, 1138-ე და 1139-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1137. განქორწინების რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

განქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 1138. განქორწინების რეგისტრაცია

1. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით.

2. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამის შესახებ აცნობებს მეორე მეუღლეს, თუ ცნობილია მისი და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მისამართი, რომელმაც მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია.

    მუხლი 1139. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი

1. მეუღლე, რომელსაც განქორწინება სურს ამ კოდექსის 1125-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების პირი მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ანდა სასამართლოს განაჩენის პირი ან განაჩენის ამონაწერი იმის შესახებ, რომ მეორე მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლისა.

2. შეტანილი განცხადების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური აუწყებს პატიმრობაში მყოფ მეუღლეს ან ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს. უწყებაში უნდა განისაზღვროს პასუხის შეტყობინების ვადა იმის თაობაზე, არის თუ არა დავა ბავშვების შესახებ, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე ან იმ შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებაზე, რომელიც დახმარებას საჭიროებს. პასუხის შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

3. თუ მიღებულია ცნობა იმის შესახებ, რომ დავა არ არსებობს, ან მითითებულ ვადაში პასუხი არ იქნა მიღებული, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ახდენს განქორწინების რეგისტრაციას.“.

11. 1145-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.“.

12. 1151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.“.

13. 1190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.“.

14. 1217-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1217. სასამართლოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ

თუ მოპასუხე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ბავშვის მშობლად არის ჩაწერილი ამ კოდექსის 1191-ე და 1192-ე მუხლების მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების გადახდევინების შესახებ.“.

15. 1244-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.“.

16. 1271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის თაობაზე, ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირი 1 კვირის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს გადაწყვეტილების გამოტანისა და შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2626-რს