საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/5/556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 13/11/2014
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016027
  • Word
2/5/556
13/11/2014
ვებგვერდი, 25/11/2014
000000000.00.000.016027
საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

 

გადაწყვეტილება №2/5/556

 

2014 წლის 13 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – ია უჯმაჯურიძე. მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №556) მომართა საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2013 წლის 18 ივნისს.

2. 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ...დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2014 წლის 25 მარტს.

3. №556 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი.

4. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ნოტარიუსის თანამდებობაზე პირი არ დაინიშნება, თუ ის გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან. მოსარჩელემ წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც დასტურდება მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი. ამასთანავე, იგი უთითებს, რომ 2013 წლის 25 მაისს ჩააბარა ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა შესაბამისი საქმიანობის უფლება, თუმცა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო, იუსტიციის სამინისტროსთვის ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებით არ მიუმართავს.

7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და აწესებენ განსხვავებულ მოპყრობას დისციპლინური გადაცდომის შედეგად საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნოტარიუსის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმებს.

8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის ანალოგიურ საფუძველს არ ითვალისწინებს სხვა, მაგალითად, მოსამართლის, ადვოკატის, არბიტრის თანამდებობების დაკავების მარეგულირებელი ნორმები. ამგვარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს არც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. შესაბამისად, კანონმდებელმა გაუმართლებლად მოახდინა ნოტარიუსის თანამდებობის მიმართ სხვა საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელ თანამდებობებთან შედარებით განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების დადგენა და ამგვარ პირთა დიფერენცირება.

9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე სადავო ნორმით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლები შინაარსობრივად განსხვავებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია და ერთსა და იმავე სამართლებრივ შედეგს არ უნდა იწვევდეს. სადავო ნორმა კი, იდენტურ შეზღუდვას აწესებს როგორც დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული, ისე სისხლის სამართლის წესით გასამართლებული პირების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების განხორციელება გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ იგი არ აწესებს დისციპლინური გადაცდომის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული კანდიდატისთვის ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შეზღუდვის ვადას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია, პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის მოხსნა ან გაქარწყლება, თუმცა სადავო ნორმა ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა შესაძლებელია უვადოდ გაგრძელდეს, რაც, მოსარჩელის აზრით, გამორიცხავს პირის ინდივიდუალურად შეფასების და მისი შემდგომი ქცევების შესწავლის შესაძლებლობას, განსხვავებით ნასამართლევი პირებისგან, რომლებიც აღნიშნული უპირატესობით სარგებლობენ.

10. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა მხოლოდ საჯარო სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო გათავისუფლებულ პირებს ეხება და არ ვრცელდება კერძო სფეროში დასაქმებულ პირებზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საკითხი პრობლემურია, რადგან სადავო ნორმა კერძო სამართლის იურიდიული პირიდან გათავისუფლებულ პირს არ უზღუდავს საქმიანობის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა საწარმოსთვის გაცილებით უფრო დიდი ზიანის მომტანი იყოს.

11. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმის „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან ერთად, სისტემური განმარტების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო პირის მიმართ სანქციის სახით გამოყენებული იქნება სამსახურიდან გათავისუფლება, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნისთვის დადგენილი ერთ წლიანი ვადა არ მოქმედებს. „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი აწესრიგებს მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს.

12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციებს.

13. მოპასუხე მხარის განმარტებით, პირთა დაუსაბუთებელ დიფერენცირებაზე მსჯელობისას, აუცილებელია მოხდეს შედარებითი კატეგორიების იდენტიფიცირება. ამგვარ კატეგორიას, მოპასუხის აზრით, არ წარმოადგენენ სხვა იურიდიული განათლების მქონე პირები, რომელთა მიმართ არ არის დადგენილი მსგავსი შეზღუდვა, გამომდინარე იქიდან, რომ დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის შედარებად კატეგორიებად განხილულ იქნენ ის პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ სადავო ნორმის სუბიექტებს.

14. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი უნდა განიმარტოს სისტემურად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტთან ერთად, რომლის თანახმადაც, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. მოპასუხის აზრით, „ნოტარიატის შესახებ“ კანონი ადგენს ნოტარიუსის დანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხოლო უშუალოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მოხსნის საფუძვლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც სპეციალური ხასიათისაა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმების სისტემური ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ პირს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული აქვს დისციპლინური გადაცდომის გამო, გათავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში.

15. მოპასუხე მიუთითებს, რომ შედარებად კატეგორიებს არ წარმოადგენენ დისციპლინური გადაცდომისთვის კერძო სამართლის იურიდიული პირიდან და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირები. მოპასუხის აზრით, კერძო სამართლის იურიდიული პირიდან დისციპლინური გადაცდომის გამო პირის გათავისუფლება გარკვეულწილად მხედველობაში მიიღება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის დროს, ვინაიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსად შეიძლება დაინიშნოს პიროვნება, რომლის ნოტარიუსად მუშაობისთვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის. ამასთანავე, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფარგლებში პირის მიერ მიერ განხორციელებული საქმიანობა არ წარმოადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის წინაპირობას, ვინაიდან „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ იმ მოქალაქემ, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება, აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

 16. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №556 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა გიორგი უსტიაშვილმა წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება.

17. სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ განსხვავებით სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობისგან, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ამგვარი პასუხისმგებლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესაძლებლობას. შესაბამისად, იგი შეზღუდვას განუსაზღვრელი ვადით აწესებს. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმა არ ემყარება სამართლიანობის პრინციპს და არ გამომდინარეობს იმ მიზნიდან, რომელიც შესაძლებელია, ნოტარიუსის მაღალი სტატუსის დაცვას ემსახურებოდეს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

2. კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.1). მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია, არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით.

3. სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. ამასთან, „მე-14 მუხლზე მსჯელობისას, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები”. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).

 4. მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.

5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს დისციპლინური გადაცდომის შედეგად საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესების კრიტერიუმებს. გარდა ამისა, მისი მტკიცებით, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებისთვის სადავო ნორმით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლები შინაარსობრივად განსხვავებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია და ერთსა და იმავე სამართლებრივ შედეგს არ უნდა იწვევდეს. სადავო ნორმა კი იდენტურ შეზღუდვას აწესებს როგორც დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული, ისე სისხლის სამართლის წესით გასამართლებული პირების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების განხორციელება გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია.

6. შესაბამისად, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში, შესადარებელ ჯგუფებს (კატეგორიებს) წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ნოტარიუსობის პრეტენდენტები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და შეუძლიათ დაიკავონ ნოტარიუსის თანამდებობა და მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, რომლებიც, მართალია, ფორმალურად ასევე აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაგრამ საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს დისციპლინური გადაცდომის გამო და შესაძლებლობა ერთმევათ ნოტარიუსად იმუშაონ, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირები და ის პირები, რომლებიც ნოტარიუსად ვერ გამწესდებიან ნასამართლობის გამო.

7. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება, თავისი შინაარსით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით განმტკიცებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლებს. სადავო ნორმა კი ადგენს, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე არ განწესდება პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

8. ნოტარიუსად განწესებისთვის კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს საშუალებას აძლევს, დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. ამასთან, კანონმდებელი ცალკე გამოყოფს პირთა წრეს, რომლებსაც სამართალდარღვევის თუ დანაშაულის ჩადენის გამო აღნიშნული უფლება ეზღუდებათ და მათ მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს. განსხვავებული მოპყრობის საფუძვლად განსაზღვრულია პირის მიერ კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება (მაგალითად, განზრახ დანაშაულის ჩადენა) ან/და მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომა (საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო). შესაბამისად, პრეტენდენტები, რომლებიც კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და მათ მიმართ არ არსებობს ნოტარიუსად განწესებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლები, ვერ ჩაითვლებიან მოსარჩელის მსგავსი პირების თანასწორად.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში ნოტარიუსობის პრეტენდენტები და მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები არსებითად თანასწორები არიან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, სადავო ნორმა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არ შეფასდება.

10. მოსარჩელე მხარე ასევე უთითებს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლებული კანდიდატისთვის ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შეზღუდვის ვადას არ აწესებს, განსხვავებით ნასამართლევი პრეტენდენტისგან, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ნასამართლობა უქარწყლდება ან ეხსნება და შეუძლია აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობისთვის მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები და ნასამართლევი კანდიდატები არსებითად თანასწორები არიან. მისთვის პრობლემურია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნასამართლევი კანდიდატისგან განსხვავებით, საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლებულ პირს საშუალება არ აქვს შეიცვალოს სამართლებრივი სტატუსი (მოეხსნას ან გაქარწყლდეს დაკისრებული პასუხისმგებლობა), რის შედეგადაც ნოტარიუსად მუშაობა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალება.

11. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა უნდა განიმარტოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტთან ერთად, რომლის თანახმადაც, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. შესაბამისად, პირს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული აქვს დისციპლინური გადაცდომის გამო, გათავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში კი, თუ პირის სამსახურიდან გათავისუფლებიდან გავიდა ერთი წელი (შესაბამისად, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ) და ამ მიზეზით მას მაინც არ განაწესებენ ნოტარიუსის თანამდებობაზე, ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს კანონის არაკეთილსინდისიერ განმარტებად.

12. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მიზნებისთვის არიან თუ არა არსებითად თანასწორები მოსარჩელის ანალოგიურ პირობებში მყოფი პირები, ნასამართლევი ნოტარიუსობის კანდიდატები და სახეზეა თუ არა მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა.

13. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი: 1) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; 2) რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია მხოლოდ ის გარემოება, რომ ნასამართლევ პირს გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ უქარწყლდება ან ეხსნება ნასამართლობა და შესაძლებლობა ეძლევა ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავოს. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო არ შეაფასებს უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის პირისთვის ნოტარიუსის თანამდებობის აკრძალვის შემთხვევას, რადგან ამ კატეგორიის პრეტენდენტებისთვის ნასამართლობის მოხსნა ან გაქარწყლება სტატუს-კვოს არ ცვლის.

14. ნასამართლობის ინსტიტუტი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, „მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე”. ამავე მუხლით გათვალისწინებულია ნასამართლობის გაქარწყლების და მოხსნის შემთხვევები, კერძოდ, დანაშაულის სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის ტიპების მიხედვით, ნასამართლობის გაქარწყლების განსხვავებული ვადებია დაწესებული. ნასამართლობის მოხსნა კი გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით პირს ნასამართლობა ეხსნება ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე. აქედან გამომდინარე, ნასამართლობა არის სამართლებრივი კატეგორია, ინსტიტუტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თანმდევი შედეგია და დროში შეზღუდული მოქმედება ახასიათებს.

15. ნასამართლობისგან განსხვავებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა მიემართება არა ზოგადად დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირებს, არამედ მათ, ვინც ამ გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, მოითხოვონ თავიანთი სტატუსის შეცვლა (დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა ან გაქარწყლება), რაც, თავის მხრივ, მათ საშუალებას მისცემდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაეკავებინათ ნოტარიუსის თანამდებობა. მოპასუხის მიერ დასახელებული „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებები მხოლოდ მოქმედი საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს და არ ვრცელდება საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე. შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას აწესებს.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში, დიფერენცირებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. სადავო ნორმა ადგენს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც, თავის მხრივ, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

17. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, თავისი საქმიანობა აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს, კერძოდ „სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების რეგულირებისაკენ და იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას ან ნიშანს უკავშირდება დიფერენცირება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-21).

18. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, რომ ნოტარიუსის თანამდებობასთან დაკავშირებული საკითხები კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაარეგულიროს და არ დაუშვას თანასწორი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ან პირიქით. 

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების „მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვლის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.2). „დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს... აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.4).

20. მოსარჩელე არ უთითებს, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა დისკრიმინაციას იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებული რომელიმე ნიშნის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ნოტარიუსობის კანდიდატთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის არსებობა, თავისთავად, შეფასებადია თანასწორობის ძირითად უფლებასთან მიმართებით.

21. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. „კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, , II.2; იხ. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.3).

22. თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.5).

 23. შესაბამისად, სასამართლო იყენებს ორგვარ – რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების თანაზომიერების ტესტს. კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას რომელი მათგანით იხელმძღვანელებს სასამართლო, დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებსა თუ ფაქტორებზე, მათ შორის, მნიშვნელოვანია ჩარევის ინტენსივობა და დიფერენცირების ნიშანი.

24. განსხვავებული მოპყრობის შეფასებისას გამოსაყენებელი ტესტის განსაზღვრისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად უკავშირდება სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება კონსტიტუციიის მე-14 მუხლში მოხსენიებულ კლასიკურ ნიშნებს. „ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე, ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.4). როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ აწესებს დიფერენცირებულ მოპყრობას კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებული არც ერთი ნიშნის საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს დიფერენცირების კლასიკური ნიშნის საფუძვლით მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა.

25. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, შესაძლებელია, მკაცრი ტესტი მაინც გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ თანასწორობის უფლებაში ჩარევა მაღალი ინტენსივობით ხდება. აღნიშნულის განსახორციელებლად უნდა შეფასდეს „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.6).

26. მოცემულ საქმეზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებაში ჩარევის ინსტენსივობის დასადგენად, აუცილებელია სადავო ნორმის სრულყოფილი ანალიზი, მისი შინაარსისა და მოქმედების ფარგლების განსაზღვრა. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის სადავო დებულების თანახმად, „ნოტარიუსის თანამდებობაზე პირი არ დაინიშნება, თუ ის გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო”. სასამართლომ უნდა დაადგინოს, საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლებული პირებისთვის ნოტარიუსად გამწესებაზე უარის თქმა რამდენად მკვეთრად აშორებს არსებითად თანასწორ პირებს.

27. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა მიემართება არა უშუალოდ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, არამედ ამ მიზეზით პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს. სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცევიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომა და, ამავდროულად, საჯარო სამსახურიდან ამ მიზეზით გათავისუფლდნენ. სამსახურიდან გათავისუფლება ერთჯერადად, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ხორციელდება. ამასთან, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც მოსარჩელის ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ამ პროცესზე ზეგავლენა მოახდინონ, კერძოდ, შეცვალონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი დისციპლინური გადაცდომის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის მოხსნის ან გაქარწყლების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ადგენს აბსოლუტურ (ბლანკეტურ) აკრძალვას და საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლებულ პირებს ნოტარიუსად განწესების უფლებას განუსაზღვრელი ვადით უზღუდავს.

28. განუსაზღვრელი ვადით დადგენილი აბსოლუტური აკრძალვა განსახილველ სამართალურთიერთობაში მყოფ არსებითად თანასწორ პირებს ერთმანეთისგან მკვეთრად აშორებს. შესაბამისად, დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი და სადავო ნორმის შეფასებისას სასამართლომ მკაცრი შეფასების ტესტით უნდა იხელმძღვანელოს.

29. მკაცრი ტესტის გამოყენების პირობებში, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენდეს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.60).

30. ადამიანის უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ , II.9).

31.  ამასთან, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.15.).

32. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის მიზანია, ნოტარიუსის საპატიო თანამდებობა არ დაიკავოს უღირსმა პირმა, რომელსაც მორალურად და პროფესიულად არ ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილად განახორციელოს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობები.

33. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვის მატარებელია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება”. ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს ნოტარიატის როგორც საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტისა და ნოტარიუსის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირის განსაკუთრებულ როლს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება, მათ შორის, შეიმუშაოს ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესების ცხადი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები.

34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ემსახურება მკვეთრად გამოხატული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – ნოტარიუსის თანამდებობაზე კვალიფიციური და ღირსეული პირის განწესებას. თუმცა, მხოლოდ ღირებული ლეგიტიმური მიზნის არსებობა საკმარისი არ არის ასეთი ინტენსივობის დიფერენცირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის. ამისთვის აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა იყოს აბსოლუტურად აუცილებელი და არსებობდეს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი.

35. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება უვადოდ ზღუდავს მის უფლებას, დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ დისციპლინური გადაცდომა თავისი არსით წარმოადგენს ქმედებას, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველია და არ იწვევს მნიშვნელოვანი კერძო თუ საჯარო სიკეთეების ხელყოფას. ამაზე მიუთითებს აღნიშნული ტერმინის ლეგალური დეფინიციაც, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომაა: 1) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; 2) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; 3) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

36. აღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ დისციპლინური გადაცდომა არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ეკვივალენტური ქმედება, რომელიც ასევე წარმოადგენს ნოტარიუსად განწესებაზე უარის თქმის წინაპირობას. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მოხსნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას უფლება აქვს მოხელეს ვადამდე ადრე მოუხსნას პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ”.

37. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულება” ითვალისწინებს თავად ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური გადაცდომის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. ამავე ბრძანებით განსაზღვრულია გადაცდომის გაქარწყლების ვადებიც, რომლებიც დადებული სახდელის ტიპის მიხედვით, 6 თვიდან 2 წლამდე განისაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობა როგორც ზოგადად საჯარო მოხელეების, ასევე მოქმედი ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის თუ გაქარწყლების შესაძლებლობას უშვებს, განსხვავებით მოსარჩელის მსგავს პირობებში მყოფი პირებისა, რომლებიც ამგვარი შესაძლებლობით ვერ სარგებლობენ.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესებისას შესაძლებელია, დაწესდეს იმგვარი შეზღუდვები, რამაც დიფერენცირებული მოპყრობის აუცილებლობა გამოიწვიოს, მათ შორის, საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლების ნიშნითაც, რაც, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია გონივრული და თანაზომიერიც კი იყოს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არსებითად თანასწორ პირებს შორის გაუმართლებლად უთანასწორო მოპყრობას ადგენს და უფლებას ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. კერძოდ, ნოტარიუსობის მსურველ პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურიდან დათხოვნილნი არიან დისციპლინური გადაცდომის გამო, უვადოდ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკრძალებათ დაიკავონ ნოტარიუსის თანამდებობა. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის ძირითად უფლებას.

 

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №556 (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების ნოტარიუსად დანიშვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.  

 

 

კოლეგიის წევრები:

 

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი