დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2791 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 31/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.002.188 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
3. ამ კანონის, გარდა V თავისა, მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის, მათ შორის, ლტოლვილის სტატუსის, მქონე პირებზე.“.
2. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე;“.
3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) ბინადრობის ნებართვა.“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, აღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;“.
5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საცხოვრებელი ვიზა გაიცემა საქართველოში შემოსვლისათვის უცხოელზე, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ნებართვის მოპოვებისას იმყოფება საზღვარგარეთ.“.
6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა.“.
7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;“.
8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:
ა) მას არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები;
ბ) საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;
გ) ვიზის მისაღებად ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად მან წარადგინა ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;
დ) მას არ გააჩნია საქართველოში ყოფნისათვის, ცხოვრებისათვის ან უკან დაბრუნებისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები;
ე) საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ვ) საქართველოში მისი ყოფნა ზიანს მიაყენებს საქართველოსა და რომელიმე უცხო სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს;
ზ) იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
თ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულია უარის თქმის სხვა საფუძველი.“.
9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საქართველოში ყოფნის საფუძვლები
1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვა ორი სახისაა: დროებითი და მუდმივი.“.
10. მე-18–26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხები განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 19. დროებითი ბინადრობის ნებართვა
1. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ იმ უცხოელზე, რომელიც:
ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;
დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;
ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.
2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.
მუხლი 20. მუდმივი ბინადრობის ნებართვა
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:
ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;
გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
მუხლი 21. სპეციალური დებულებები მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად
1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროება შემდეგი კატეგორიის უცხოელებს:
ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური დებულებების საფუძველზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი მოწმობის მიღების შემდეგ მისი გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი უცხოელის მიმართ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებები განმეორებით აღარ გამოიყენება.
მუხლი 22. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს.
3. დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.
4. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებასა და გაგრძელებაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 თვეს.
5. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებების განხილვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განხილვის შედეგები.
6. გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან გაგრძელებაზე შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ა) თუ იგი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა უშიშროებისათვის, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;
ბ) თუ იგი არ იცავს საქართველოში ყოფნის ნებართვით მიღებულ პირობებს;
გ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;
დ) თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;
ე) თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე;
ვ) თუ იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა სახის დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ასეთ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) თუ მას არა აქვს საქართველოში ცხოვრებისათვის და ცხოვრების მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემოსავლის ლეგალური წყარო ან არ იმყოფება სხვის სრულ კმაყოფაზე;
თ) თუ იგი საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ვიზის მოსაპოვებლად წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე დოკუმენტებს;
ი) თუ იგი შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის;
კ) კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 24. საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განმეორებით შეტანა
1. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
2. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, უფლება აქვს იმავე საფუძველზე განმეორებით შეიტანოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ.
მუხლი 25. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა
1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს:
ა) თუ გამოვლინდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;
ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;
გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა ან გარიცხულ იქნა საქართველოს სასწავლო დაწესებულებიდან, თუ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული;
დ) თუ მან შეწყვიტა ის შრომითი საქმიანობა და ურთიერთობები, რომელთა საფუძველზედაც მოპოვებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;
ე) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული;
ვ) თუ იგი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით შევა ფიქციურ ქორწინებაში;
ზ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;
თ) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ორდინალური და საცხოვრებელი ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტაზე – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
3. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ვიზა და ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა ან ნებართვა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან ნებართვის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა ან ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
მუხლი 26. უცხოელთა რეგისტრაცია
1. უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობას.
3. საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციის აუცილებელი მოვალეობისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების პერსონალის მუშაკები, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობენ სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით;
ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე უცხოელები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უცხოელები.
4. უცხოელები, რომლებიც დაკავებული არიან ან სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლდებიან საქართველოში უცხოელთა რეგისტრაციისა და ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან თავისუფლების აღკვეთის პერიოდში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნისა და ბინადრობის მოწმობის ფორმა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.“.
11. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. უცხოელთა დაბეგვრა
საქართველოში მცხოვრები უცხოელები იბეგრებიან ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
12. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. მოწვევის უფლება
უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში მოიწვიოს თავისი ოჯახის წევრები და ნათესავები.“.
13. 50-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვეზე მეტ ხანს უკანონოდ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. 1 წლის განმავლობაში მასზე აღარ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:
ა) თუ მას შეტანილი აქვს შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა;
ბ) ავადმყოფობის, მშობიარობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნით პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
გ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის, გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;
დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას იგი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:
დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;
დ.ბ) ავადმყოფობა, როდესაც ექიმის დასკვნით ავადმყოფის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ავადმყოფთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
დ.გ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
დ.დ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;
დ.ე) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე შეუფერხებლად გადაადგილება;
ე) თუ მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელის გაძევების შესახებ – გადაწყვეტილების აღსრულებამდე.“.
14. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე ამ კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო იმავე მუხლის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად – სასამართლო. საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია დასკვნა საქართველოდან უცხოელის გაძევების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელსაც საქართველოდან უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოში წარადგენს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.
15. 58-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოდან არ შეიძლება გაძევებულ იქნეს:
ა) უცხოელი, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;
ბ) უცხოელი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;
გ) უცხოელი, რომელიც არასრულწლოვანია და რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის გარეშე;
დ) საქართველოში მყოფი უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული:
ა) საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობა, საქართველოსთან პირის პირადი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები;
ბ) უცხოელის გაძევების შემთხვევაში მისი ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ პირთათვის სავარაუდოდ დამდგარი შედეგები.“.
16. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს 1 წლის განმავლობაში არ მიეცემა საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოსვლის ნებართვა და ბინადრობის ნებართვა.“.
17. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის უცხოელები იხდიან სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
18. 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2791–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები