დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.05.001.002.251 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) აპოსტილით დამოწმება – „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში გამოსაგზავნად უცხო სახელმწიფოში გაცემული ან უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.
2. საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ შესრულებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთები საქართველოში ნამდვილად იქნება ცნობილი საკონსულო ლეგალიზაციის არსებობისას ან დადგენილი წესით აპოსტილით დამოწმებისას. ლეგალიზაციისას აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გაფორმება (ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება);“.
4. 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქორწინების რეგისტრაციისას უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარადგენს დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია იმ ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ან საკონსულოს მიერ, რომლის მოქალაქედაც ის ითვლება (ითვლებოდა). აღნიშნული დოკუმენტები საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.“.
5. 123-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. აპოსტილით დამოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3135–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები