„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 31/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.002.255
  • Word
3139
25/05/2006
სსმ, 18, 31/05/2006
240.000.000.05.001.002.255
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4–57 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია

4.1. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით.

4.2. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.

4.3. სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში რეესტრის ამონაწერები.

4.4. ერთიანი სამეწარმეო რეესტრის ელექტრონულ ვერსიას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

4.5. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, სამეწარმეო რეესტრის წარმოების პირობები, სამეწარმეო რეესტრის ფორმულარები და სამეწარმეო და საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების, მოწმობის, რეესტრის ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4.6. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სტატისტიკის დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა. სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) საგადასახადო ორგანო ამავე ვადაში უგზავნის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.

4.7. საწარმოსათვის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობები

5.1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოსათვის დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

5.2. განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით.

5.3. განცხადება სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს:

5.3.1. ყველა საწარმოსათვის:

ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

დ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

ე) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.

5.3.2. კომანდიტური საზოგადოებისათვის, ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3.1 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი ფაქტობრივად განხორციელებული შენატანის შესახებ.

5.3.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, ამ მუხლის 5.3.1 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს:

ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ;

ბ) საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, პირადი ნომერი.

5.4. განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი.

5.41. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გირავნობის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შედგენილი განცხადება;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

გ) საზოგადოების ან პარტნიორთა თანხმობა, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.

5.5. განცხადებას ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

ა) საზოგადოების წესდება (2 ეგზემპლარი);

ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას – შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის – დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.6. პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებული არიან, წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.

5.7. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).

    მუხლი 51. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესი და პირობები

51.1. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას 2 ეგზემპლარად.

51.2. განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული განცხადების ფორმა ან მისი ასლი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადების ფორმა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს მისი ასლი.

51.3. განცხადების ორივე ეგზემპლარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

51.4. შევსებული განცხადების ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საფირმო სახელწოდებას;

ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს;

გ) ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს);

დ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

51.5. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, ინდივიდუალური საწარმო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. დაუშვებელია სხვა, ამ მუხლით გაუთვალისწინებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა მოტივირებული უარის შესახებ, ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

51.6. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) განცხადება არ არის წარდგენილი 2 ეგზემპლარად;

ბ) განცხადების თითოეული ეგზემპლარი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.

51.7. სამეწარმეო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის 51.4 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.

51.8. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.

    მუხლი 52. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ვადა

52.1. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საწარმო (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

52.2. თუ 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

52.3. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლის 51.5 პუნქტით.

    მუხლი 53. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესი

53.1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემით.

53.2. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლით.

    მუხლი 54. უარი საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე

54.1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3 პუნქტში მითითებულ მონაცემებს;

ბ) განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის გარეშე;

გ) არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში;

დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;

ე) საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;

ვ) არაფულადი შესატანით საწარმოს დაფუძნებისას არ არის წარმოდგენილი შესატანის დადგენილი წესით შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

ზ) არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

თ) განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

54.2. კომანდიტურ საზოგადოებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის 54.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში არ არის მითითებული ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის ოდენობა;

ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი.

54.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის 54.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვათ, თუ:

ა) მათ არ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალის კანონით დადგენილი ოდენობა;

ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი პარტნიორის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი;

გ) არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;

დ) არ არის მითითებული ყოველი დირექტორის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

54.4. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლით.

54.5. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უარი სახელმწიფო და საგადასახადო სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

54.6. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია.

    მუხლი 55. ხარვეზის შევსების ვადა

55.1. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3 პუნქტის მოთხოვნებს ან/და არ ერთვის იმავე მუხლის 5.5 და 5.6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 15-დღიან ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 დღის განმავლობაში საწარმოს ატარებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში. ხარვეზის შევსებისათვის ამ პუნქტში აღნიშნული ვადის განმეორებით მიცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა აითვლება თავიდან.

55.2. თუ საზოგადოების შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებული არიან, გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზიანი.

    მუხლი 56. ცვლილებებისა და ლიკვიდაციის რეგისტრაცია

56.1. ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას.

56.2. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ.

56.3. პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებაში არ მოითხოვს რეგისტრაციას.

56.4. ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება დირექტორს (დირექტორებს). აღნიშნული ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის/აქციონერის (პარტნიორების/აქციონერების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.

56.5. ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებანი, რის შემდეგაც საწარმო უნდა ამოიშალოს სამეწარმეო რეესტრიდან.

    მუხლი 57. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმება

57.1. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსწორებისათვის ეძლევა 3 თვის ვადა. თუ ხარვეზები ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საგადასახადო ორგანომ ან საზოგადოების ნებისმიერმა პარტნიორმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

57.2. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. ფილიალები

16.1. საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საგადასახადო ორგანოს საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის საგადასახადო ორგანოს ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

16.2. კანონით დადგენილი ხელმოწერები შესანახად უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში. ფილიალის რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) ცნობა ფილიალის ადგილმდებარეობის შესახებ;

გ) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;

დ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

16.3. ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ორგანო ფილიალის რეგისტრაციისათვის არსებული საბუთების საფუძველზე ახდენს ფილიალის რეგისტრაციას და რეგისტრაციის თაობაზე აცნობებს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოს.

16.4. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კორპორაციებს, კომპანიებს, ფირმებსა და სხვა მსგავს წარმონაქმნებს (უცხოურ საწარმოებს) შეუძლიათ საქართველოში დააარსონ ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ. უცხოური საწარმოს ფილიალის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

16.5. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) ცნობა ფილიალის ადგილმდებარეობის შესახებ;

გ) უცხოური საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნის შესახებ, დამოწმებული სანოტარო წესით;

დ) უცხოური საწარმოს (ლეგალიზებული) წესდების ასლი ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესდების შემცვლელი დოკუმენტი, დამოწმებული სანოტარო წესით;

ე) ამონაწერი უცხოური საწარმოს სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის დოკუმენტებიდან (რეესტრიდან), დამოწმებული სანოტარო წესით;

ვ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, დამოწმებული სანოტარო წესით.“.

3. I და II დანართები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3139–Iს