საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1740
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.001.892
  • Word
1740
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
060.000.000.05.001.001.892
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

3. იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.

4. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე.

��� მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები

მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:

ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;

ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს;

გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

დ) შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.�.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

�11. სარჩელები (განცხადებები) ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შეიტანება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის ადგილსამყოფლის მიხედვით.�.

3. 25-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სამოქალაქო საქმეები პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე მაგისტრატი მოსამართლეების მიერ განიხილება ერთპიროვნულად.�;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 34-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ აცილება განუცხადეს მაგისტრატ მოსამართლეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. აცილების მიღების ან თვითაცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა მაგისტრატი მოსამართლისათვის გადასაცემად. თუ საქმის გადაცემა სხვა მაგისტრატი მოსამართლისათვის შეუძლებელია, საქმე გადაეცემა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს.�;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს წყვეტს ამავე სასამართლოს სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური სასამართლოს მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამავე სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატების, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების პალატების ან სააპელაციო სასამართლოების პალატების მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა ამ სასამართლოების თავმჯდომარეებს, რომლებიც მას კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადასცემენ სხვა შემადგენლობას. თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში ანდა სააპელაციო სასამართლოში აცილების მიღებისას ან ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მიზეზით შეუძლებელია მოსამართლეთა ახალი შემადგენლობის შექმნა, საქმე ეგზავნება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სხვა, შესაბამისი სასამართლოსათვის გადასაცემად.�.

5. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 110. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლოში საქმის აღძვრამდე

მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით (მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა.შ.).�.

6. 240-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. სასამართლოს როგორც ახალი გადაწყვეტილება, ისე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.�.

7. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.�.

8. 264-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:

ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება;

ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;

გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.�.

9. 364-ე და 365-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 364. სააპელაციო საჩივრის შეტანა

სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

��� მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება

სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.�.

10. 373-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 373. სააპელაციო საჩივრის გადაგზავნა მოწინააღმდეგე მხარისათვის. პასუხი სააპელაციო საჩივარზე

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრისა და დამატებით შემოსული მასალების ასლებს გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს და შეუძლია დაუნიშნოს მას ვადა ამ საჩივარზე პასუხის გასაცემად.�.

11. 379-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 379. შეგებებული სააპელაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.�.

12. 391-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 391. საკასაციო საჩივრის შეტანა და საჩივრის საგნის ღირებულება

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

2. საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს.

3. საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.

4. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.

5. საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. სამოქალაქო საქმეებზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების და განხილვის ვადაა 6 თვე.�.

13. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.�.

14. 397-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.�.

15. 398-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 398. საქმის გადაგზავნა საკასაციო სასამართლოში

საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს.�.

16. 401-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 401. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს საკასაციო სასამართლო წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

3. თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.�.

17. 405-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 405. შეგებებული საკასაციო საჩივარი

მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.�.

18. 407-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 407. შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი

1. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის �ვ� ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.�.

19. 409-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 409. გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები

საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.�.

20. 410-ე მუხლის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.�.

21. 411-ე და 412-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 411. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

��� მუხლი 412. სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. თუ ამ კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

2. თუ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამართლებრივი შეფასება, რომლის გამოც აუქმებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის განჩინებაში უთითებს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სააპელაციო სასამართლომ. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.�.

22. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 442-ე მუხლი:

��� ��მუხლი 442. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების განხორციელება, წარმოებაში მიღებული საქმეების გადაცემა და საკასაციო საჩივრების განხილვა

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

2. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

3. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოქმედება.�.

��� მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2005 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1740-რს