საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 14/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.935
  • Word
1801
24/06/2005
სსმ, 37, 14/07/2005
020.000.000.05.001.001.935
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;“;

ბ) „ზ“– „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება;

თ) განცხადება – უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;

ი) ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

კ) ადმინისტრაციული წარმოება – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 9. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება

1. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:

ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;

ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;

გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.

3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცეს დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.“.

3. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

3. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.“.

4. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

2. წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს გერბი, მისი არსებობის შემთხვევაში.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინარსის 521 მუხლი:

     „მუხლი 521. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

1. თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის სათაური;

გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);

დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.“.

6. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება

1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

6. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

7. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:

ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;

ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

8. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.“.

7. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

2. კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

3. დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია.

4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.“.

8. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 55. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი – პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია.“.

9. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 56. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს საჯაროდ.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წინასწარ განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი.“.

10. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 57. საჯაროდ გამოცხადება

საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.“.

11. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

2. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.“.

12. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.“.

13. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:

     „მუხლი 601. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

7. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.“.

15. 61-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამ მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.“.

16. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 64. დოკუმენტის დაბრუნება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს პირს ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული და რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნება.“.

17. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული ხელშეკრულება“.

18. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 65. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.“.

19. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 651მუხლი:

     „მუხლი 651. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება

1. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.“.

20. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.“.

21. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 67. მესამე პირის მონაწილეობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებაში

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მითითებულ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.“.

22. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 68. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა

ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.“.

23. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.“.

24. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება

1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.“.

25. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლა

1. გარემოებათა არსებითად შეცვლისას, რაც ზიანს აყენებს მხარეს ან საზოგადოებრივ ინტერესს, მხარე უფლებამოსილია მეორე მხარეს მოსთხოვოს თანხმობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაცვლელად.

2. თუ ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება.“.

26. 72-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

27. 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

28. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

29. 78-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.“.

30. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ მოთხოვნას, ადმინისტრაციულ ორგანოს ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის და ეს არ შეიძლება გახდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.“.

31. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 90. წარმომადგენლის დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით

თუ ამ კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები არ დანიშნავენ წარმომად-გენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი.“.

32. 93-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძველი, ამ კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის ამ ორგანოს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს კანონმდებლობის შესაბამისად ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან დამოუკიდებელი ორგანო.“.

33. 95-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.“;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა უნდა შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;

გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;

დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

6. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაუცველად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.“.

34. 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.“.

35. 99-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.“.

36. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 100. გადაწყვეტილების მიღება

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრა-ციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.

37. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 101. განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში

1. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:

ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ;

ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ განმცხადებელს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.“.

38. 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.“.

39. 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 107. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.

2. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

40. 109-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

41. 112-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.“.

42. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 113. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

1. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

43. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 114. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიური ორგანოს მიერ

1. თუ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კოლეგიურ ორგანოში, მაშინ კოლეგიური ორგანოს ყველა წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში.“.

44. 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 115. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.

2. სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.

3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) თანხმობით. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, გადაწყვეტილებას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იღებს თავად ამ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

45. 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;“.

46. 118-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.“.

47. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის წარდგენა

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.“.

48. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 120. ზეპირი მოსმენა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გადადების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ აცხადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გადადების შესახებ.“.

49. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 121. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს.“.

50. XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი

51. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 158. დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულოობა

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) შემდეგ შემთხვევებში:

ა) კონცესიის გაცემისას, თუ კონცესიის ფასი აღემატება 250 000 ლარს;

ბ) სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს) პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს.

2. კანონით შეიძლება დადგინდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სხვა სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულოობაც.

3. დამოუკიდებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.“.

52. 161-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 161. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის დაუშვებლობა

დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ზემდგომ ინსტანციაში. იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.“.

53. XII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება“.

54. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 162. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დავალებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შეიძლება განახორციელოს ქვემდგომმა ან სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომაც. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის II თავის დებულებები ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების შესახებ.

3. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უფლებამოსილების როგორც ერთჯერადი, ისე განსაზღვრული ვადით დელეგირება.

4. აღსრულების უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამდებობის პირს, რომელსაც სამსახურებრივად აკისრია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მოვალეობა.

5. პირი ვალდებულია იქონიოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი პირადობის მოწმობა და წარადგინოს იგი იმ პირების მოთხოვნით, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღსრულება.“.

55. 163-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 163. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

1. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად.

2. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

56. 164-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ყველა ვალდებულია შეასრულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონიერი მოთხოვნა.“.

57. 165-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 165. გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია განახორციელოს სხვა პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცემულია გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

2. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო საკითხს წყვეტს 10 დღის ვადაში. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას შეიძლება შეიცავდეს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა აღსრულდეს.

4. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსასრულებლადაც არის იგი გამოცემული.

6. აღსრულების უზრუნველყოფის ერთი საშუალების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების სხვა საშუალების გამოყენების შესახებ.

7. აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ხარჯების ოდენობა და ანაზღაურების წესი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად განხორციელებულ მოქმედებათა შესაბამისად შემდგომში შეცვალოს ხარჯების ოდენობა.“.

58. 167-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების ვადა“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, უნდა მიეცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის.“.

59. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 168. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება.

2. თუ პირს ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ განესაზღვრა ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ პირის მოქმედებით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აღესრულებინა.“.

60. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 169. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პირისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი შემდეგი საშუალება:

ა) სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება;

ბ) ჯარიმა;

გ) უშუალო იძულება.

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია გადაწყვეტილებით აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს აღსრულების უზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველაზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას და ზიანს არ მიაყენებს საზოგადოებას და შესაბამის პირს.

4. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისთანავე.“.

61. 170-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 170. სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება

1. თუ შესაძლებელია სხვა პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად სხვა პირს დაავალოს აღსრულება.

2. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებს შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან.“.

62. 171-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 171. აღსრულების უზრუნველყოფა ჯარიმით

1. ჯარიმა, როგორც აღსრულების სამოქალაქოსამართლებრივი საშუალება, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერ ნების გამოვლენით.

2. ჯარიმა, როგორც აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედების დავალების შესაძლებლობა.

3. ჯარიმის თანხის ოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული გადაწყვეტილებით აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს საერთო თანხით ან თანხით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის.

4. ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს ფიზიკური პირისათვის და 5000 ლარს იურიდიული პირისათვის.

5. ჯარიმის თანხა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს ფიზიკური პირისათვის და 200 ლარს იურიდიული პირისათვის.

6. ჯარიმის თანხის მინიმალური ოდენობაა 5 ლარი.

7. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება შესაბამისად სახელმწიფო ან ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში.“.

63. 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მიუხედავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდა, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალო იძულების საშუალებით.“.

64. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 173. აღსრულება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიმართ

ამ თავის დებულებანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიმართ.“.

65. 174-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 174. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე პოლიციის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, კანონით შეიძლება დადგენილ იქნეს ამ კოდექსისგან განსხვავებული წესი.“.

66. 175-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 175. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების განსაკუთრებული წესი

1. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 169-ე მუხლში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებანი.

2. ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

3. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ვალდებული პირი უარს აცხადებს გადაიხადოს ფულადი თანხა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის შესაბამისად უფლებამოსილი პირი მოვალეს დააკისრებს ვალდებულებას, მისთვის გადასაცემი ფულადი თანხა ჩარიცხოს ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშზე.

4. პირისაგან თანხის იძულებითი ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

67. 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებით შერჩეული უზრუნველყოფის საშუალება და აღსრულების ვადა უშუალოდ გამომდინარეობს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, რომლის აღსასრულებლადაც იგი გამოიცა, მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად.“.

68. 180-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.“.

69. 184-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.

70. 189-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის გამო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.“.

71. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 202. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.“.

72. 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 203. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლა, ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება. ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს, აგრეთვე შეცვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

73. 211-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გამო წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი.

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1801რს