„საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1869
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 19/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.001.961
  • Word
1869
01/07/2005
სსმ, 41, 19/07/2005
010.270.000.05.001.001.961
„საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დედაქალაქის სტატუსი, ამ კანონის მიხედვით, გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მართვას თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ეს კანონი და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერიის მეშვეობით.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქალაქ თბილისის მერია (თბილისის მთავრობა, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობები) წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    `მუხლი 5. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) ქალაქ თბილისის მოსახლეობის უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიოს წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტისას;

გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) კანონმდებლობის დაცვა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებისას;

ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები მოქმედებენ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის დაცვით.“.

4. მე-6 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს;

ბ) ხელს უწყობენ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.

2. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში. ამ მიზნით ისინი მონაწილეობენ:

ა) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა და მოვლა-პატრონობაში;

გ) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო სისტემისა და კომუნალური მეურნეობის აღდგენა-განვითარებაში.

3. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს უთანხმებენ ამ დაწესებულებებისადმი დაქვემდებარებული დარგების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მის გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათთან შეთანხმებით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური სახსრების გადაცემასთან ერთად.“.

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დედაქალაქის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ამ კანონით და მათგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით.“.

7. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო“.

8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    `მუხლი 11. ქალაქ თბილისის საკრებულო

1. ქალაქ თბილისის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იქმნება შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 25 წევრისგან და ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 12 წევრისგან.

2. საკრებულოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.“.

9. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ქალაქ თბილისის მერის და ქალაქის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

კ) ქალაქ თბილისის მერის არჩევა;“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მერის წარდგინებით ქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;“;

ა.დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქის მერს ამ კანონის 221 მუხლით დადგენილი წესით.“.

10. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ თბილისის მერის წინადადებით;“.

11. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიციირების უფლება აქვთ საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს, ქალაქ თბილისის მერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერით.“.

12. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის, ქალაქ თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობათა სხდომებს; შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, ქალაქ თბილისის მერს, ქალაქ თბილისის რაიონის და დაბა წყნეთის გამგებელს, ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

13. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) თუ საკრებულომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა ბიუჯეტი;

დ) რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.“.

14. 22-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერს ირჩევს ქალაქის საკრებულო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით. მერის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. მერის არჩევის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. ქალაქ თბილისის მერად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მთავრობის წევრებს, მერიის აპარატის უფროსს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს;“;

ბ.ბ) „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხელს აწერს მთავრობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;“;

ბ.დ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) უძღვება მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის; თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

რ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ს) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს;

ტ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერი საკუთარ უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. მერი ვალდებულია ყოველწლიურად წარდგეს ანგარიშით საკრებულოს წინაშე. ქალაქის საკრებულოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მერი ვალდებულია წარდგეს რიგგარეშე ანგარიშით.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

    მუხლი 221. ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქის მერს.

2. საკრებულოს წინაშე მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 1/3-ს. უნდობლობის საკითხის დასმა დაუშვებელია მერის თანამდებობაზე არჩევიდან პირველი სამი თვის განმავლობაში და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანება რიგგარეშედ, ხოლო აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ტარდება უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმიდან არა უადრეს ერთი და არა უგვიანეს ორი თვისა.

3. ქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმიდან კენჭისყრამდე საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს შეუძლია დაასახელოს მერის ახალი კანდიდატურა.

4. თუ მერის თანამდებობაზე დასახელდება რამდენიმე კანდიდატი, მათ კენჭი ეყრება ერთად და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას.

5. ქალაქის მერის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ საკრებულო აირჩევს ახალ მერს.

6. თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის დღიდან ერთი თვის ვადაში ვერ დასახელდა ახალი მერის კანდიდატურა ან ვერ აირჩა ახალი მერი, დაუშვებელია ქალაქის მერის უნდობლობის საკითხის დასმა უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის დღიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

7. უნდობლობის გამოცხადების გარდა ქალაქის მერის უფლებამოსილების სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში ქალაქის საკრებულო ირჩევს ახალ მერს ერთი თვის ვადაში.“.

16. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 23. ქალაქის მთავრობა

1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებასა და შესრულებას.

2. მთავრობა შედგება: მერის, მერის მოადგილეებისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.

3. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

17. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 25. მერის მოადგილეები

1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.

2. მერის მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და მერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას.“.

19. 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქალაქო სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. იგი იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მერის, საკრებულოს და მთავრობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

4. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მერის წინაშე.“.

20. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 27. აპარატი

1. საკრებულოსა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფენ საკრებულოსა და მერიის აპარატები. საკრებულოს აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო. მერიის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.

3. მერიის აპარატის თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.“.

21. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოს დადგენილების, მერის და გამგებლის განკარგულებების, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით.

4. მერი და გამგებელი ნორმატიულ აქტებს გამოსცემენ შესაბამისად მთავრობისა და გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.

5. საკრებულოს, მერის, მთავრობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.“.

22. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 29. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა

1. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) შედგება გამგებლის, მისი მოადგილეებისა და რაიონული სამსახურების ხელმძღვანელებისაგან.

2. გამგეობის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერიის დებულებით.“.

23. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონის გამგებელს (მათ შორის, დაბა წყნეთის გამგებელს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებელს (მათ შორის, დაბა წყნეთის გამგებელს) აქვს გადადგომის უფლება. რაიონის გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია ქალაქის მერის წინაშე.“.

24. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები“.

25. 33-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ეკონომიკური უფლებამოსილება და ფინანსური ბაზა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ეკონომიკური უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: ქალაქ თბილისის ბუნებრივი რესურსები (მიწა, მისი წიაღი, წყალი, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო); ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრება; ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.“.

26. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენს საკუთრების გამიჯვნის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრება, რომელსაც განაგებენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები.

2. ადგილობრივ საკუთრებაში შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობები, კომუნალური საბინაო ფონდი და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.), სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განსახორციელებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.“.

27. 36-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემით;

ბ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;

გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში, აგრეთვე იმ გარიგებათა საფუძველზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ არც ეწინააღმდეგება მას;“.

28. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 37. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობა იმ საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც არ შედის ადგილობრივ საკუთრებაში

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობა იმ საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც არ შედის ადგილობრივ საკუთრებაში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.“.

29. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით, უფლება აქვთ დაამყარონ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები თვითანაზღაურების პრინციპების საფუძველზე.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში, საექსპორტო ბაზრისა და წარმოების განვითარებაში.“.

30. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 39. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და მოიცავს ქალაქის ბიუჯეტს, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახსრებს, რომლებიც გამოიყენება თბილისის სოციალურეკო-ნომიკური განვითარებისათვის და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის.“.

31. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს:

ა) საკუთარი შემოსავლები, დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით;

ბ) დამტკიცებული სახელმწიფო საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლებიდან ნორმატივებით განსაზღვრული ანარიცხები;

გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად განკარგონ ბიუჯეტის შემოსავალი ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

32. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 41. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები

1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და საგასავლო ნაწილებს.

2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და მისგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ბიუჯეტის გასავალი იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად.

4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას ქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის მიხედვით.

5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების (დაბა წყნეთის), სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არის სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსებას. სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ ანგარიში შედის მერიის ანგარიშში ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.“.

33. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 42. საბიუჯეტო პროცესი

1. საბიუჯეტო პროცესი მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ბიუჯეტის შედგენას, განხილვას, მიღებასა და შესრულებას.

2. თბილისის მერი საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს. საკრებულოს უფლება არა აქვს მერის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში.

3. საბიუჯეტო პროცესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით.

4. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან თბილისის მთავრობა, მისი რაიონების (დაბა წყნეთის) გამგეობები. ბიუჯეტის შესრულებისას მიღებული დამატებითი შემოსავალი, აგრეთვე შემოსავლის გასავალზე გადამეტება, რომელიც მიღებულია ხარჯების ეკონომიით ან დამატებითი შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი წესით რჩება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების განკარგულებაში და გამოიყენება მათი შეხედულებისამებრ.

5. ქალაქ თბილისის რაიონების (დაბა წყნეთის) გამგეობებისათვის თბილისის მთავრობის გამგებლობაში არსებული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად.“.

34. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 43. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მერიის ორგანოებს თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლება აქვთ ისარგებლონ საბანკო კრედიტებით.“.

35. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ზოგადი კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებში“.

36. 44-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია

მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხებში“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მიწის ნაკვეთების მართვა;

ბ) მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ამოღება;

გ) ქალაქ თბილისის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;

დ) მიწის გაწმენდა და რეკულტივაცია;

ე) მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;

ვ) ქალაქ თბილისის ბრუნვიდან ამოღებული მიწის ნაკვეთებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დანაკარგების და შესაბამისი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრა;

ზ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება.“.

37. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 45. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებში

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ:

ა) დააფუძნონ კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;

ბ) მოახდინონ ადგილობრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

გ) თანამდებობაზე დანიშნონ ადგილობრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები;

დ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში წაახალისონ ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებას;

ე) დადონ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) კანონით დადგენილი წესით განახორციელონ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები;

ზ) განახორციელონ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოები ვალდებულნი არიან:

ა) იზრუნონ ქალაქ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის;

ბ) შექმნან ხელსაყრელი პირობები მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის;

გ) ხელი შეუწყონ კერძო ინიციატივასა და მეწარმეობის განვითარებას, კონკურენტული გარემოს შექმნას;

დ) უზრუნველყონ ეკონომიკური რეფორმების განხორციელება;

ე) შექმნან პირობები ტრადიციული მეწარმეობის განვითარებისათვის.“.

38. 46-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია

საკუთრებითი ურთიერთობების საკითხებში“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების მართვა; მათი რეკონსტრუქცია, რესტავრაცია და მშენებლობა; ამ ობიექტების დაცვა და მოვლა-პატრონობა;

ბ) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების იჯარით გადაცემა;

გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;

დ) სახელმწიფო საკუთრებისა და ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების პროექტის მომზადება;

ე) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.“.

39. 47-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო

უფლებამოსილებანი“;

ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერისა და გამგებლების ანგარიშების განხილვა და დამტკიცება.“;

გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის მერიის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენა;

ბ) ბიუჯეტის შესრულება;

გ) საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.

3. ბიუჯეტში ცვლილების შეტანა შეუძლია საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით. ცვლილებების შეტანა სარეზერვო ფონდიდან თავისუფალი სახსრების ფარგლებში ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“.

40. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 49. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება

ეს კანონი ვრცელდება და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ამოქმედების დროს არსებულ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-20 პუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს მისი მიღების შემდეგ ქ. თბილისში ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტი – გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის მიღების შემდეგ თბილისის საკრებულოს პირველი არჩევნებით არჩეული იქნეს საკრებულოს 37 წევრი, მათ შორის, ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით – 25 წევრი და ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით – 12 წევრი.

4. საკრებულოს მიერ ახალი დებულების დამტკიცებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1869-რს