„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018490
105
10/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
300160070.10.003.018490
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი №5).“.

2. დადგენილებას დაემატოს დანართი №5,  თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ერთობლივი 2001 წლის 1 ივლისის 27 ივნისის №83-№53 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი 5
 

საქართველოში ბალასტური წყლების მართვის

პროცედურების ტექნიკური რეგლამენტი


1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, შავი ზღვის წყლებში წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრის მინიმუმამდე დაყვანისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე გემებიდან ბალასტური წყლების მართვის პროცედურებისა  და პროცესების განსაზღვრა.

2. ამ დანართში  გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იზოლირებული ბალასტური წყლები – ბალასტური წყლები, რომლებიც მიღებულია საწვავისა და ტვირთის სისტემისაგან სრულად იზოლირებულ, გადასატანად გამიზნულ გემის ტანკში (ტანკებში);

ბ) ბალასტური წყლები – წყლები, რომლებიც გადააქვს გემს და რომელთა დანიშნულებას წარმოადგენს გემის წონასწორობის, სიმყარისა და კონსტრუქციული მთლიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, როდესაც გემი არ არის დატვირთული;

გ) თავისუფალი პრაქტიკის მიღება – გემის მიერ საბაჟო, სანიტარიული და სასაზღვრო კონტროლის გავლა;

დ) ,,ყვავილობა“ - ფიტოპლანქტონის მასიური განვითარება.

3. ტერმინებს, რომლებიც ამ დანართში არ არის განმარტებული, აქვს საქართველოს საზღვაო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, ასევე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

4. გემის კაპიტანი, რომელსაც გემზე გააჩნია იზოლირებული ბალასტური წყლები და საქართველოს ნავსადგურებში მიემართება სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად, ვალდებულია, გემის მომსახურე სააგენტო კომპანიის მეშვეობით, აცნობოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს გემზე არსებული ბალასტური წყლების რაოდენობა და წარუდგინოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A-868(20) რეზოლუციის №1 დამატებითა და სხვა შესაბამისი რეზოლუციებით გათვალისწინებული ,,ბალასტური წყლების შეტყობინების ფორმა“.

5. ღია ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების გამოცვლისას,  საქართველოს ნავსადგურებში მომავალმა გემებმა უნდა მოახდინონ ბალასტური წყლების შეცვლა საქართველოს სანაპიროებიდან 50-მილიან ზონაში შემოსვლამდე, სადაც სიღრმეები არ უნდა იყოს 200 მეტრზე ნაკლები.

6. ტანკერს, რომელსაც გადააქვს იზოლირებული ბალასტური წყლები, უნდა გააჩნდეს იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა, წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების გადატანის მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად. გეგმის დანიშნულებაა, იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურების უსაფრთხო და ეფექტური უზრუნველყოფა.

7. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა უნდა იყოს ჩართული გემის ექსპლუატაციის დოკუმენტაციაში, ითვალისწინებდეს გემიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაშვების ან ჩაბარების პროცედურებს, მონაცემებს მათ დასამუშავებელ მოწყობილობებზე, სინჯების აღების წერტილების კოორდინატებს და სხვა.

8. იზოლირებული ბალასტური წყლების აღებისას ან ჩაშვებისას რეგისტრირდება: წყლის აღების თარიღი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, გემის ტანკები, იზოლირებული ბალასტური წყლის ტემპერატურა და მარილიანობა, ასევე ჩატვირთული ან ჩაშვებული იზოლირებული ბალასტური წყლის რაოდენობა.

9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (შემდგომში - კონვენციური სამსახური) გემის ინსპექტირების დროს ვალდებულია, გადაამოწმოს ამ დანართის მე-8 პუნქტში აღნიშნული მონაცემები.

10. თუ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი გემი ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ ასრულებს უამინდობის, ზღვის მდგომარეობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ კონვენციურ სამსახურს და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

11. გემების მიერ იზოლირებული ბალასტური წყლების მიღებისას უნდა გატარდეს ღონისძიებები წყლის პოტენციურად მავნე და პათოგენური ორგანიზმების და იმ ლექების მიღების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეიცავენ ასეთ ორგანიზმებს. იზოლირებული ბალასტური წყლის მიღება მინიმუმადე უნდა იქნეს  დაყვანილი,  ან შესაძლებლობის შემთხვევაში, გამორიცხული ზღვის ისეთ რაიონებში,სადაც წყლის მავნე და პათოგენური ორგანიზმების პოპულაციების უეცარი მასიური გამოვლენა ან წყლის ყვავილობა შეიმჩნევა, ასევე, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების, ან ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოების წარმოების სიახლოვეს, ან თხელწყლიან ადგილებში და ისეთ შემთხვევებში, როდესაც წევის ხრახნმა შეიძლება გამოიწვიოს  ფსკერული ლექის დაძვრა.

12. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმის თანახმად, იზოლირებული ბალასტური წყლების  ტანკების გაწმენდა,  ლექის მოცილების მიზნით, ტარდება ღია ზღვაში, შესაძლებლობის შემთხვევაში, ხოლო ნავსადგურში – კონტროლირებად პირობებში ან მშრალ დოკზე.

13. გემის მიერ უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების გასაადვილებლად, ერთსა და იმავე ნავსადგურში იზოლირებული ბალასტური წყლის მიღების და ჩაშვების აუცილებლობის შემთხვევაში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი სხვა ნავსადგურში აღებული ზედმეტი იზოლირებული ბალასტური წყლის ჩაშვება.

14. იზოლირებული ბალასტური წყლის შეცვლის ან მისი დამუშავების შეუძლებლობის შემთხვევაში, იზოლირებული ბალასტური წყლები ინახება ტანკებში, ხოლო თუ შენახვა შეუძლებელია, გემმა საგანგებო სიტუაციებში უნდა ჩაუშვას იზოლირებული ბალასტური წყლის მინიმალურად აუცილებელი მოცულობა ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით და კონვენციური სამსახურის ზედამხედველობით.

15. ნავსადგურში შემოსული გემი უფლებამოსილია, ნავსადგურის სათანადო ტერმინალის სამსახურის მიერ   იზოლირებული ბალასტური წყლების და ლექების მიმღები ნაგებობების შეთავაზების შემთხვევაში,  გამოიყენოს ამგვარი  ნაგებობები.

16. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს ეფექტური და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო, პრაქტიკულად განხორციელებადი და მიმართული გემის შეყოვნებისა და დანახარჯების მინიმუმამდე დასაყვანად.

17. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით,  სსიპ -  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს საზღვაო კოდექსის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „წყლის შესახებ“ და „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა  და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება;

ბ) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის საქმიანობის განხორცილება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A 787(19) და A882(21) რეზოლუციების საფუძველზე;

გ) გემის ეკიპაჟის წევრების ცოდნის დონის შემოწმება;

დ) ნაოსნობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნა ზღვაში ბალასტური წყლების შეცვლის პროცესში;

ე) ინფორმაციის მიღება-გადაცემა დაინტერესებული სამსახურებისათვის;

ვ) ნავსადგურში შემავალი გემისათვის, ბალასტური წყლების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ, დეტალური მონაცემების წარდგენა.

18. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურის ფუნქციებია:

ა) „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისად, შემოსული გემების ტანკებიდან ბალასტის ლექის ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მიმღები და გადამამუშავებელი ნაგებობებით;

ბ) ბალასტური წყლის მიღებისათვის, შენობა-ნაგებობათა გამოყოფა და გაწმენდის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

გ) გემებისათვის ინფორმაციის წარდგენა ბალასტის შეცვლის ალტერნატიული ზონების ადგილმდებარეობებისა და მათი გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებისას ნავსადგურში განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა ღონისძიების შესახებ.

19. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით, კონვენციური სამსახურის ფუნქციებია:

ა) ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებასა და მართვაზე სახელმწიფო კონტროლი. გემებიდან და ბალასტური წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ბალასტთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმის დარღვევისას,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად;

ბ) ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღება, ასევე, ლაბორატორიული ანალიზების  ჩატარება;

გ) კვლევების ჩატარების მიზნით, სინჯების აღების შესახებ,  შესაძლებლად მოკლე ვადაში აცნობოს გემის ხელმძღვანელობას;

დ) აცნობოს გემის კაპიტანს, ან პასუხისმგებელ პირს, სინჯის აღების მიზანი (ბალასტური წყლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მონიტორინგი, მეცნიერული კვლევა  და სხვა); ანალიზების შედეგები წარუდგინოს გემის კაპიტანს მისი მოთხოვნის საფუძველზე.

20. ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღების, ასევე, ლაბორატორიული ანალიზების  ჩატარების წარმოებისას გემის შეჩერება-შეყოვნების ვადები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

21. გემის კაპიტანი ვალდებულია, გაუწიოს გონივრული დახმარება სინჯის აღების პროცედურებს, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის პირების, ჩანაწერების და სხვა დაწვრილებითი ცნობების წარდგენას, ბალასტური სისტემების და სინჯების აღების წერტილების განლაგების შესახებ ინფორმაციას.

22. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სამხედრო და სამხედრო-სატრანსპორტო დანიშნულების გემებზე. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების არეალია საქართველოს შიდა საზღვაო წყლები, მიმდებარე ზონა, ტერიტორიული წყლები, ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი.

23. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.“.