„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016739
84
18/03/2015
ვებგვერდი, 19/03/2015
200090000.22.033.016739
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №84

2015 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის  2010  წლის  31  დეკემბრის  №996  ბრძანებით  (სსმ,  ვებგვერდი  060111; 200090000.22.033.016112,  03.01.2011 წ.)  დამტკიცებული  ინსტრუქციის 392 მუხლში  შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია, ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი  − 1800 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.“.

3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაუბეგრავი   მინიმუმის  მიზნისათვის, ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-6 გრაფაში (განაცემის სახე – ხელფასი), ასევე   მე-7 და მე-8 გრაფებში (განაცემის თანხა (ლარი), დაკავებული გადასახადი (ლარი)) ასახული მონაცემების საფუძველზე, ხოლო 2014 კალენდარული   წლის   მიხედვით   ფიზიკური   პირის ერთობლივი   შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-7 გრაფაში  ასახული ჯამური  მონაცემების  მიხედვით.“.

4. მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის/საგადასახადო აგენტის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ფიზიკურ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და ზემოაღნიშნულ თანხებს შორის სხვაობის აღმოფხვრა იწვევს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

9. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო 2014 კალენდარული წლის მიხედვით დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი.“.

6. მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დეკლარაციაში მიეთითება პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაუბეგრავი მინიმუმის მიღების კალენდარული წელი, ბანკის დასახელება, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, დეკლარირებული თანხის ოდენობა, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და დეკლარაციის შევსების თარიღი.

12. დეკლარაციის შევსების მიზნით პირი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა შემოსავლების სამსახურის  მიერ  დეკლარაციაში  მითითებული საბანკო  ანგარიშსწორების ანგარიშის  ამ  პირისადმი  კუთვნილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაციის ბანკისაგან მიღების თაობაზე. ასევე პირი განაცხადებს თანხმობას მის მიერ შეტანილი მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით.“.

7. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.      პირს,  დამქირავებლის  მიერ  დაკავებული  საშემოსავლო  გადასახადის  შესაბამისი  თანხა უბრუნდება მისი საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა   შესაძლებელია შეიცვალოს პირის საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) გათვალისწინებით.“.

8. მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საგადახდო დავალება მზადდება საგადახდო დავალების მომზადების დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.“.

9. 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება პირის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე.“.

10. 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო  ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.“.

11. მე-3-მე-5 მაგალითები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაგალითი 3

 

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 2 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირი არ მიეკუთვნება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა რიცხვს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებელი პირი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2).

 

მაგალითი 4

 

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა  გადასახადმა  შეადგინა  200  ლარი.  სახაზინო  სამსახურში  გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით (100*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 400 ლარით (200*2).

 

მაგალითი 5

 

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 25 ივნისს   წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ, დადგინდა, რომ Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი Y დამქირავებელი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2).“.

12.  მე-7 მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მაგალითი 7

 

დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში 2013 კალენდარული წლის მიხედვით წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი - 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას. შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის  82-ე  მუხლის  მე-2  ნაწილით  დადგენილი  3000-ლარიანი  შეღავათი  და  დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.

შენიშვნა: აღნიშნულ მაგალითში გამოყენებული პრინციპი ვრცელდება ასევე 2014 კალენდარული წლის მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე.“.

13. მე-8 მაგალითის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-13 მაგალითები:

 

„მაგალითი 9

 

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 160 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის  დაბრუნების  შემდგომ  დადგინდა,  რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად X დამქირავებელის მიერ დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 60 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ  დაკავებულმა  გადასახადმა - 140 ლარი. ფიზიკურ პირს შეუმცირდა დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 200 ლარამდე. ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 40 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით ((360*(160-60)/360)*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 120 ლარით ((360*(200-140)/360)*2).

 

მაგალითი 10

 

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 5000 ლარს (ეს შემოსავალი არ  არის გათავისუფლებული დაბეგვრისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით). ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვ(ეებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს.

ვინაიდან 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს, მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მაგალითი 11

 

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა)  შეადგენს 5000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 6500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი - 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას.

შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 6000-ლარიანი შეღავათი (პირი წარმოადგენს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) და დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.

 

მაგალითი 12

 

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ  მის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 5000 ლარს.

2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს.

სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი.

თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის დაზუსტებული ფორმა, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 360 ლარი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 180 ლარი.

 

მაგალითი 13

 

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, X დამქირავებლისაგან და Y საგადასახადო აგენტისაგან მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 3000 ლარს. ამავე დროს საგადასახადო აგენტების (მათ შორის, დამქირავებლის) მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, მათ შორის, X დამქირავებლისგან 1800 ლარი და Y საგადასახადო აგენტისგან -  1200 ლარი.

2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დაუბრუნდება 360 ლარი.

თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის, ხოლო საგადასახადო აგენტებმა (მათ შორის, დამქირავებელმა) განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებული ფორმა. შედეგად მეწარმის მიერ დეკლარირებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 5000 ლარი, X დამქირავებლის მიერ გაცემულმა - ხელფასმა 500 ლარი, ხოლო Y საგადასახადო აგენტის მიერ გაცემულმა თანხამ - 2000 ლარი. 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს და მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში, ი/მეწარმემ  ერთობლივი შემოსავალი შეცვალა 2000 ლარით (5000-3000), X დამქირავებელმა გაცემული ხელფასი - 1300 ლარით (1800-500), ხოლო Y საგადასახადო აგენტმა 800 ლარით (2000-1200). ჯამში მონაცემი  შეიცვალა - 4100 ლარით (2000+1300+800).

შესაბამისად, ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის  გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 176 ლარი (360*(2000/4100)%), ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 88 ლარი. X დამქირავებელს სანქციის სახით დაერიცხება 228 ლარი ((360*(1300/4100)%)*2), ხოლო Y საგადასახადო აგენტს – 140 ლარი ((360*(800/4100)%)*2).“.

14. „დანართი №II-085“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური