საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3221-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017640
3221-IIს
18/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
080000000.05.001.017640
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 332-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „შენიშვნა:

  1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების წევრები და თანამშრომლები, საარჩევნო სუბიექტები (მხოლოდ ამ კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიზნებისათვის), კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას.

  2. ამ თავის მიზნებისათვის, მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს), ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს რაიმე საჯარო ფუნქციას სხვა სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ თანამშრომელს, აგრეთვე ნებისმიერ მივლინებულ ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ თანამდებობის პირის ან თანამშრომლის ფუნქციების შესაბამის ფუნქციებს, უცხო ქვეყნის ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, საერთაშორისო საპარლამენტო კრების წევრს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს, საერთაშორისო სასამართლოს ან სასამართლო ორგანოს მოსამართლეს და თანამდებობის პირს.

  3. ამ კოდექსის 338-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები ასევე არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟების წევრები, ხოლო ამ კოდექსის 338-ე–3391 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები − ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები), რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 მარტი 2015 წ.

N3221-IIს