საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.046
  • Word
2360
20/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
090.000.000.05.001.002.046
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.“.

2. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ – 50 ლარს;

ვ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს.“.

3. 90-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად.“.

4. 192-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ასეთ შემთხვევაში სასამართლო დანიშნავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემომტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.“.

5. 194-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე საგანზე იმავე საფუძვლით დაუშვებელია. უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს კერძო საჩივარი ხუთი დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და დენა იწყება უარის თქმის შესახებ განჩინების მოსარჩელისათვის გადაცემის მომენტიდან.“.

6. 216-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ ეტაპიდან, რომელზედაც მოხდა მისი შეჩერება.“.

7. 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია განმარტების საკითხი გადაწყვიტოს სასამართლოს სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში ხდება მხარეთათვის შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.“.

8. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს დაუნიშნოს ვადა განცხადებაში ან თანდართულ მასალებში არსებული ხარვეზის შესავსებად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2360–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.