საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3339-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.017672
3339-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
040000000.05.001.017672
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ქმედუნარიანობა

1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.

3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა.

4. ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

5. მხარდაჭერის მიმღებად სასამართლომ შეიძლება ცნოს აგრეთვე არასრულწლოვანი იმ ფარგლებში, რომლებშიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ სჭირდება.

6. 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.“.

2. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა.“.

3. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 58. გარიგების ბათილობა მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო

1. მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.

2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.

3. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:

„მუხლი 581. მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადება

1. თუ მხარდაჭერის მიმღები დებს გარიგებას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომ მხარდამჭერი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღები ამ გარიგებით სარგებელს იღებს.

2. მხარდაჭერის მიმღების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე გარიგების დადებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 64-ე და 66-ე მუხლებით დადგენილი წესი.“.

5. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მას, მხარეების გარდა, ხელს აწერს მხარდამჭერი. მხარდამჭერი ხელმოწერით ადასტურებს მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის გაწევას.“.

6. 109-ე მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხარდაჭერა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად დაუწესდა.“.

7. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას

თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.“.

  8. 721-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შედეგები

1. ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან  მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.

3. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, იგი რწმუნებულისათვის გაგრძელებულად ითვლება, სანამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ არ ეცნობება.“.

9. 995-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 995. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.

2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.“.

10. 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.“.

11. 1143-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარდაჭერის მიმღებთან ქორწინების ბათილობის შესახებ საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში იმ მხარდამჭერის ჩაბმა, რომელიც მისი მეუღლე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.“.

12. 1172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1172. საქორწინო ხელშეკრულება

1. მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

2. საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია. საქორწინო ხელშეკრულების დადების პროცესში აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე მხარდამჭერის ჩაბმა იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

4. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

5. თუ საქორწინო ხელშეკრულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის იდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღებს მისი დადების პროცესში დროებით მხარდამჭერად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს უნიშნავს.“.

13. 1245-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1245. მშვილებელი

მშვილებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში.“.

14. 1247-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1247. მეუღლის თანხმობა ბავშვის შვილად აყვანისას

თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეუღლეებს საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილი უცნობია.“.

15. 1254-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან  გარდაცვლილად გამოაცხადა;“.

16. 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. მეხუთე წიგნის მესამე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა“.

18. 1275-ე და 1276-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1275. მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები

1. არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

2. მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.

3. მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

მუხლი 1276. მეურვეობა

მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია.“.

19. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12771 მუხლი:

„მუხლი 12771. მხარდაჭერა

მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.“.

20. 1278-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.“.

21. 1279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.“.

22. 1280-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1280. მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნა

1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

3. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

4. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

5. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.“.

23. 1283-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1283. პირი, რომელიც მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს

მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი:

ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია;

ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო;

გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;

დ) რომელიც  მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.“.

24. 1284-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

25. 1289-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1289. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები

1. მეურვე/მზრუნველი ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.

2. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.“.

26. 1291-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს და სრულწლოვნის მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

27. 1292-ე და 1293-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1292. მხარდამჭერის მოვალეობა მხარდაჭერის დანიშვნის საფუძვლის არარსებობისას ან შეცვლისას

მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

მუხლი 1293. მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას

1. მეურვე სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენელია და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს აუცილებელ გარიგებებს.

2. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.

3. მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

  4. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.“.

28. 1300-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო რეაგირებას ახდენს ამ კოდექსის 13055 მუხლის შესაბამისად.“.

29. 1301-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1301. მზრუნველის/მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლება სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების თხოვნით/მოთხოვნით

1. სრულწლოვნის მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდეს თავისი მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის თხოვნით. ასეთ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სამზრუნველო პირს მასთან შეთანხმებით მზრუნველად სხვა პირი დაუნიშნოს.

2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).“.

30. 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ არასრულწლოვანმა სამეურვეო პირმა 7 წლის ასაკს მიაღწია;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

31. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13041 მუხლი:

„მუხლი 13041. მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები

1. მხარდაჭერა შეწყდება, თუ:

ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა;

ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.

32. მეხუთე წიგნის მესამე კარის:

ა) მესამე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი მესამე

მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა

მუხლი 13051. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა

 1. მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 13052 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პერიოდულობით, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებას.

5. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

მუხლი 13052. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა

  მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს:

ა) 6 თვეში ერთხელ;

ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით;

გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ.

მუხლი 13053. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

2. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობის განხორციელების ფორმა და მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

მუხლი 13054. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები აისახება ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნაში.

2. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

3. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა დადებითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.

  4. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა უარყოფითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად არ ასრულებს/ვერ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს ან მხარდაჭერის გაწევისას შეინიშნება გარკვეული ხარვეზები და აუცილებელია ამ კოდექსის 13055 მუხლით დადგენილი წესით რეაგირება.

5. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის თაობაზე ინფორმაცია შეიტანება ამ კოდექსის 13056 მუხლში აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში.

მუხლი 13055. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეაგირება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე/არაჯეროვნად შესრულებაზე

 თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს, არღვევს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას უარყოფითი დასკვნა გამოაქვს და მოქმედებს შემდეგნაირად:

ა) თუ მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არასაკმარისია:

ა.ა) სოციალური მუშაკის მეშვეობით ეხმარება მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, რათა მან უკეთ გააცნობიეროს და შეასრულოს თავისი მოვალეობები;

ა.ბ) თავისი მოვალეობისაგან ათავისუფლებს მეურვეს/მზრუნველს;

ა.გ) მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

ბ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობის შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

მუხლი 13056. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის მონაცემთა ბაზა

1. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის შედეგების ასახვის მიზნით იქმნება შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. მონაცემთა ბაზაში შეიტანება:

ა) მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების შესახებ მონაცემები;

ბ) მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მონაცემები;

გ) სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადი მონაცემები;

დ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემები;

ე) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ მონაცემები;

ვ) მხარდაჭერის მიმღების მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების შესახებ მონაცემები;

ზ) მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ მონაცემები;

თ) სტაციონარში მოთავსებულ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაცია;

ი) ზედამხედველობის შედეგების მოკლე აღწერა;

კ) სხვა მონაცემები, რომლებიც ეხება სამეურვეო პირს/სამზრუნველო პირს/მხარდაჭერის მიმღებს და რომლებიც, მეურვეობისა და მზრუნველობის  ორგანოს გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.“;

ბ) მესამე თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე თავი:

„თავი მეოთხე

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები

მუხლი 13057. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია − „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;

ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) ბავშვი − 16 წლამდე ასაკის პირი;

დ) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით/სარჩელით არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) მეურვეობის უფლება − უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამ თავის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე და ეს პირი ან ორგანო ახორციელებდა მეურვეობას ერთობლივად ან ინდივიდუალურად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა გადაადგილებამდე ან დაკავებამდე;

ვ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი;

ზ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება. 

მუხლი 13058. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული საქართველოდან კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული კონვენციის ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის გადაგზავნა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული.

2. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც არამართლზომიერად იმყოფება კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის გადაგზავნა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იმყოფება.

მუხლი 13059. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.“.

33. 1362-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები

ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანი, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი ხაზით და აღმავალი ხაზით, და, ძმა, მეუღლე, საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).“.

34. 1422-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება

1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით.

 2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.“.

35. 1446-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მემკვიდრე ქმედუუნაროა, შეზღუდულქმედუნარიანია ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.“.

36. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15081–15083 მუხლები:

„მუხლი 15081. ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. მანამდე იგი შეუფერხებლად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას.

2. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.

3. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სპეციალიზებულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.

მუხლი 15082. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.

2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალურ შეფასებამდე ამ პირის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.

3. თუ მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

4. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. თუ პირს ეკისრება ზიანის მიმყენებელი ქმედუუნარო პირის მეთვალყურეობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

5. თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეორე მეუღლე არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

6. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

7. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გაათავისუფლებს მეურვეს თავისი მოვალეობისაგან და მიმართავს სასამართლოს სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის.

8. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე მეურვეობის განხორციელებისას ანგარებით იმოქმედებს ან სამეურვეო პირს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე დატოვებს, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

9. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის დაწესებული მეურვეობა შეწყდება, თუ:

ა) სამეურვეო პირი გარდაიცვალა;

ბ) სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

10. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი არ შეიძლება იყოს ანდერძის მოწმე, სანამ  მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

11. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი სამკვიდროს იღებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

12. თუ მემკვიდრე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

მუხლი 15083. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია:

ა) 2015 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლება და ამ კოდექსთან შესაბამისობა;

ბ) ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს მეურვეებისთვის და ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის ამ კოდექსის 15081 მუხლით დადგენილი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ამ მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ;

გ) 2017 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს სტაციონარში მოთავსებული ქმედუუნარო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, აგრეთვე  2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს იმ ქმედუუნარო პირის, რომელიც სტაციონარში არ არის მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, თუ მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 მუხლის მე-5 ნაწილით და 13053 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების გამოცემა.

2.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13056 მუხლში აღნიშნული მონაცემთა ბაზის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტისათვის ხელმისაწვდომობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3339-IIს