დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018552 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/04/2015 - 25/08/2015)
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. 2015 წლის 1 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობების სისტემისა და აირბალონის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება განხორციელდეს მხოლოდ სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ.
2. მძღოლებმა, რომლებიც მართავენ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, უზრუნველყონ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით გათვალისწინებული ინსპექტირება 2016 წლის 1 აპრილამდე. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ინსპექტირების ორგანოების ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისობის ფირნიშებით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების სფეროში ელექტრონული კონტროლის/აღრიცხვის სისტემის დანერგვის მიზნით 2017 წლის 31 დეკემბრამდე. |
| მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
დანართი
|
ტექნიკური რეგლამენტი
|
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ |
თავი I
რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა რეგლამენტით განსაზღვრულ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოებისთვის (შემდგომში – სერვისის საწარმო), კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებისთვის, აგრეთვე ყველა მძღოლისათვის, რომლებიც მართავენ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და აირსავსები საკომპრესორო სადგურებისთვის. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. აირბალონიანი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას ბუნებრივ აირზე სამუშაოდ და შედგება აირბალონისა და შესაბამისი სხვა პერიფერიული დანადგარებისა და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელისაგან. 2. ბუნებრივი აირი (გაზი) – საწვავი ნახშირწყალბადებისა (ძირითადად მეთანი – СH4) და არასაწვავი გაზების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისთვის, გამოიყენება სათბობად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3) მაინც. 3. აირბალონი – ჰერმეტული ჭურჭელი, რომელსაც აქვს ხრახნიანი ნახვრეტი ჩამკეტი არმატურის დასაყენებლად და განკუთვნილია შეკუმშული ბუნებრივი აირით შესავსებად. 4. აირბალონის შემოწმება – ექსპლუატაციაში მყოფი აირბალონის პერიოდული კონტროლი. 5. საგამოცდო წნევა – აირის წნევა, რომლითაც გამოიცდება აირბალონის სიმტკიცე. 6. მუშა წნევა – აირბალონში აირის მაქსიმალური წნევა. 7. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა აირბალონში აირის ნაკადის გადასაკეტად. 8. მცველი არმატურა – მოწყობილობა აირის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად. 9. შესაბამისობის შეფასება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დგინდება მასზე დაყენებული აირბალონიანი მოწყობილობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა, რომელსაც ახორციელებს სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო. 10. შესაბამისობის ფირნიში – ამ „წესების“ მიხედვით დამზადებული, შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიში, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ მხოლოდ გამართულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ. 11. ინსპექტირების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შედეგებსა და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ. 12. ინსპექტირების ორგანო − სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული საწარმო, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას. 13. სერვისის საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებასა და საშემკეთებლო სამუშაოებს.
თავი II სერვისის საწარმოს პერსონალი და მეურნეობა
მუხლი 3. ტექნიკური პერსონალი 1. სერვისის საწარმოს ტექნიკურ პერსონალად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. 2. ტექნიკურ პერსონალს უნდა შეეძლოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. მუხლი 4. მომსახურე პერსონალი 1. სერვისის საწარმოში სამუშაოდ დაშვებამდე, მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს ამ რეგლამენტს, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს. 2. მომსახურე პერსონალმა, რომელიც დასაქმებულია ისეთი სამუშაოებით, რომლებიც ითვალისწინებს საწარმოო პროფესიების შეთავსებას, უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი სამუშაოთა ყველა სახეობაში. მუხლი 5. მეურნეობა 1. სერვისის საწარმოს განლაგება, აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისა და საშემკეთებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო უსაფრთხო სამუშაო პირობებს. 2. სერვისის საწარმოს მიერ სამუშაოების ჩასატარებელი ღია ტიპის სადგომის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებს.
თავი III ინსპექტირების ორგანოს მეურნეობა
მუხლი 6. შენობა-ნაგებობები 1. ინსპექტირების ორგანო არ უნდა იყოს განთავსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან მრავალსართულიან შენობაში. 2. ინსპექტირების ორგანოს მიერ სამუშაოების ჩასატარებელი სადგომი აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი მოწყობილობით, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვემოდან დათვალიერების საშუალებას იძლევა. 3. აირბალონებიდან აირის გამოსაშვები სპეციალური მოედნის ზომები განისაზღვრება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურ გაბარიტებს დამატებული 1,5 მ-ით ყოველ მხარეს. მანძილი მოედნიდან შენობა-ნაგებობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 5 მ-ისა ან მათ შორის უნდა მოეწყოს დამცავი კედელი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ცეცხლისა და სხვა სახის საფრთხისგან შენობა-ნაგებობების დაცვას.
მუხლი 7. ინსპექტირების ორგანოს მოწყობილობები 1. ინსპექტირების ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობითა და გაზომვის საშუალებებით. 2. ინსპექტირების ორგანოს მიერ გამოყენებულ თითოეულ მოწყობილობასა და გაზომვის საშუალებაზე უნდა არსებობდეს შემდეგი მონაცემები: ა) მოწყობილობისა და გაზომვის საშუალების დასახელება, მარკა და ტექნიკური მონაცემები; ბ) დამამზადებელი საწარმო; გ) გაზომვის საშუალებებისათვის - მეტროლოგიური დაკალიბრების დოკუმენტები და შემდგომი პროცედურების თარიღები. 3. ინსპექტირების ორგანოში არსებული მოწყობილობა და გაზომვის საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სრულად ჩატარებას. 4. ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შემდეგი მოწყობილობა და გაზომვის ხელსაწყოები: ა) აირბალონიანი მოწყობილობისა და მისი ელემენტების ჰერმეტულობის შესამოწმებელი საშუალებები; ბ) აირბალონში აირის წნევის შესამოწმებელი მაღალი წნევის მანომეტრი; გ) ელექტრომაგნიტური სარქვლის მუშაობის შესამოწმებელი სტენდი იმ სისტემებისათვის, რომლებშიც ელექტრომაგნიტური სარქველი რედუქტორისაგან განცალკევებულია; დ) აირბალონების გამოსარეცხი საშუალება; ე) აირბალონების საგამოცდო სტენდი; ვ) აირბალონის შიგა კედლების დასათვალიერებელი მოწყობილობა; ზ) სამუშაოების ჩასატარებელი იარაღებისა და სამარჯვების კომპლექტი; თ) ჰაერის კომპრესორი 200 ბარი ან მეტი წნევის წარმადობით; ი) წყლის ჰიდრავლიკური ტუმბო 300 ბარი ან მეტი წარმადობით; კ) აირბალონის ასაწონი მოწყობილობა; ლ) აირბალონის შესაღები მოწყობილობა (ლითონის აირბალონებისათვის). 5. ინსპექტირების ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.
მუხლი 8. ინსპექტირების ორგანოს დოკუმენტაცია ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს აკრედიტაციის პირობებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.
თავი IV ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება
მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალის მიერ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის საწარმოში. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განსათავსებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული აირბალონიანი მოწყობილობა. 3. აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება ნებადართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციით“ (TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2)-ით განსაზღვრული კატეგორიების ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას არ უნდა ირღვეოდეს ავტომობილის საბაზო მოდელის გაბარიტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოწყობილობა მონტაჟდება სახურავზე. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მატებამ სიმაღლეში არ უნდა გადააჭარბოს საბაზო მოდელის 12%-ს. 5. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძებზე მასების სწორ განაწილებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა და სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ზღვარს. 6. აირბალონიანი მოწყობილობის არცერთმა აგრეგატმა ან კვანძმა, მათ შორის, იატაკის ზონაში განლაგებულმა აირბალონებმა, არ უნდა შეცვალოს ავტომობილის შესაბამისი გეომეტრიული პარამეტრები. 7. აირბალონიანი მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ისე უნდა განთავსდეს, რომ იგი, ისევე როგორც მისი დამაგრების ადგილები, შეძლებისდაგვარად დაცული იყოს მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისაგან. დამაგრება უნდა პასუხობდეს დანართი №1-ის მოთხოვნებს. 8. აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების კონსტრუქცია და მათი განთავსება არ უნდა ზღუდავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითად ელემენტებთან შეუფერხებელ მიდგომას მონტაჟ-დემონტაჟის, რეგლამენტური საკონტროლო-სარეგულირებელი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე არ უნდა ართულებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სათადარიგო თვლის მოხსნასა და დაყენებას. 9. აირბალონიანი მოწყობილობის, მისი სამაგრი კვანძებისა და დასაყენებელი ელემენტების განთავსებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე მისი ყველა კვანძისა და შეერთების ჰერმეტულობის კონტროლის შესაძლებლობა. ამასთან, გაჟონვის ადგილის საძიებელი გადასატანი ხელსაწყოს გამოყენება არ უნდა ითხოვდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატის მოხსნას ან დაშლას. 10. აირბალონიანი მოწყობილობა ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მისი კვანძები და აგრეგატები, თუ მათ არ გააჩნიათ თერმოიზოლაცია, ნამუშევარი აირის გამშვები სისტემიდან დაცილებული იყოს არანაკლებ 100 მმ მანძილით. 11. თუ აირბალონიან მოწყობილობაში გამოიყენება ძრავას შემშვებ კოლექტორზე დასამონტაჟებელი, აირისა და ჰაერის შემრევი მოწყობილობა, მაშინ ეს მოწყობილობა უნდა იყოს ქარხნული წარმოების და ჰქონდეს მწარმოებლის შესაბამისი დოკუმენტაცია. 12. სერვისის საწარმოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების შედეგად, სერვისის საწარმოს მიერ გაიცემა მონტაჟის დეკლარაცია (დანართი №2).
მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში აირბალონების განთავსებისას აირბალონების ვენტილი და მისი მილგაყვანილობასთან შემაერთებელი ელემენტები მოთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ ნაკვეთურში (შემდგომში - გარსაცმი). 2. გარსაცმის კონსტრუქციამ აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში შეღწევის შესაძლებლობა. 3. გარსაცმის კონსტრუქციაში არახისტი მასალის გამოყენებისას ცალკე უნდა იყოს გათვალისწინებული მექანიკური ზღუდის მოწყობა. 4. გარსაცმის შიდა სივრცის ვენტილაცია უნდა მოხდეს ერთი ან რამდენიმე ხვრელის მეშვეობით, შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) სავენტილაციო ხვრელების ჯამური ფართობი (მათში შემავალი აირსადენების ფართობის გამოკლებით) არ უნდა იყოს 500 მმ2-ზე ნაკლები; ბ) სავენტილაციო ხვრელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის სისტემიდან ან სითბოს სხვა რომელიმე წყაროდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ-ით. 5. აირბალონიანი გარსაცმის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს აირბალონის ვენტილებთან თავისუფალ მიდგომას მათ დასაკეტად ან გასახსნელად. გარსაცმის შიგნით ვენტილის სახელურის განთავსების შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნა - თუ გარსაცმის ხისტი კონსტრუქციის პირობებში აირბალონის ვენტილის სახელური მთლიანად ნაკვეთურის შიგნით არის მოქცეული, მაშინ სახელურთან მიდგომა უნდა განხორციელდეს ჰერმეტული ლუქის მეშვეობით, რომელიც უნდა იღებოდეს ხელით, ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ამასთან, ლუქზე სავალდებულოა, იყოს ვენტილის დაკეტვის მიმართულების მაჩვენებელი და წარწერა „დაკეტილია“. 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონების დამაგრება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) აირბალონების განთავსებისა და ადგილზე დამაგრების ხერხმა უნდა გამორიცხოს აირბალონის კორპუსის ნებისმიერი დაზიანების შესაძლებლობა; ბ) აირბალონის ადგილზე დამაგრების ხერხი არ უნდა ასუსტებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის სიმტკიცეს; გ) დაუშვებელია ფოლადის გვარლით აირბალონების დამაგრება; დ) დაუშვებელია შედუღების გამოყენება აირბალონზე სამაგრი დეტალების მისაერთებლად; ე) ჩარჩოზე/ძარაზე აირბალონის დამაგრება უნდა მოხდეს არანაკლებ ორი ცალუღის მეშვეობით. თუ ცალუღებზე აირბალონის წონაც მოდის, მაშინ ცალუღების რაოდენობა სამზე ნაკლები არ უნდა იყოს; ვ) ცალუღების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს აირბალონის სრიალი, გადაადგილება. ცალუღებმა უნდა მოიცვან აირბალონის შემოწერილობის მთელი (ან თითქმის მთელი) სიგრძე; ზ) აირბალონის გარსსა და სამაგრ ცალუღს შორის მოთავსებული უნდა იყოს დამცავი (საამორტიზაციო) საფენი; თ) თუ აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება მის გასწვრივ, ანუ ისე, რომ აირბალონის ღერძი ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწვრივ სიბრტყესთან ქმნის 30 გრადუსზე მეტ კუთხეს, ჩარჩოზე/ძარაზე აირბალონის დახრის მხარეს უნდა დაყენდეს ბჯენი. 7. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებადართულია მხოლოდ იმ აირბალონების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია ბუნებრივ აირზე სამუშაოდ 200 ბარი მუშა წნევით (საგამოცდო წნევა – 300 ბარი). 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ თითოეულ აირბალონზე უნდა დაყენდეს ინდივიდუალური ვენტილი. 9. აირბალონიანი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იქნეს შევსებისა და სახარჯო მაგისტრალების ჩამკეტი საშუალებით (ვენტილი, უკუსარქველი, ელექტრომაგნიტური სარქველი ან სხვ.). აირბალონზე დამონტაჟებული ვენტილი შეიძლება, ასრულებდეს სახარჯო მაგისტრალის ჩამკეტის ფუნქციას. 10. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი.
მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირსადენების განლაგება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: ა) სამგზავრო სალონში გაზის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, იქ გამავალი ნებისმიერი აირსადენი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ჰერმეტული და ვენტილირებადი გარსით; ბ) სამგზავრო სალონში ჩაკეტილ სივრცეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს აირსადენის არანაირ შეერთებას, გარდა აირბალონთან იმ მიერთებებისა, რომლებიც განლაგებულია ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების იატაკის ქვეშ აირსადენის განლაგებისას, ეს უკანასკნელი ჩარჩოს/ძარას ელემენტების გამოყენებით ან სხვაგვარად დაცული უნდა იყოს კოროზიული და დარტყმითი ზემოქმედებისაგან; დ) აირსადენი არ შეიძლება, განლაგებული იყოს დათვალიერებისათვის მიუწვდომელ ადგილას; ე) დამაგრების ადგილებში აირსადენები სამაგრ ელემენტებთან შეხებისაგან დაცული უნდა იყოს დამატებითი საამორტიზაციო საფენებით; ვ) აირსადენის მიერთებების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტექნიკური დათვალიერებისა და რემონტისათვის მათთან დაუბრკოლებლად მიდგომის შესაძლებლობა; ზ) აირსავსები მილის სახშობის ავტოსატრანსპორტო საშუალების კორპუსზე ან კორპუსის გარეთ დამონტაჟების შემთხვევაში, სახშობი უნდა განთავსდეს დაზიანებისაგან მეტად დაცულ ადგილზე და ამ შემთხვევაში, შემშვები ვენტილის მილყელზე უნდა დამონტაჟდეს უკუსარქველი.
მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ 1. აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული უნდა იყოს ოთხ წერტილში მაინც, რომელთა შორის მანძილი საკმარისი უნდა იყოს აირბალონის უძრაობის უზრუნველსაყოფად. 2. იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი დამაგრებულია ლითონის სამაგრი ცალუღებით, ეს უკანასკნელი დამაგრების ადგილზე გაძლიერებული უნდა იყოს საყელურებით (ფირფიტებით). დამაგრებისას დაცული უნდა იყოს დანართი №1-ის მოთხოვნები. 3. მაღალი წნევის ლითონის აირსადენები დამზადებული უნდა იყოს უჟანგავი ლითონისაგან ან ანტიკოროზიული დაცვის მქონე ლითონისაგან. აირბალონიანი მოწყობილობის მაღალი წნევის ლითონის აირსადენების გარე დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 6 მმ-ისა და არა უმეტეს 10 მმ-ისა.
მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ 1. მკვებავი ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტული სისტემის ძაბვას. 2. ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს გადამეტტვირთვისაგან დაცვა, რისთვისაც მკვებავ კაბელზე დაყენებული უნდა იყოს ერთი მცველი მაინც. 3. დაუშვებელია აირსადენების მეშვეობით ელექტრომოწყობილობის ელემენტებთან მკვებავი ძაბვის მიყვანა. 4. ელექტრომოწყობილობის ყველა ელემენტის შეერთება და იზოლირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს დენის გავლა იმ კვანძებში, რომლებშიც შეკუმშული ბუნებრივი აირი გადის. 5. ელექტროსადენები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან და ჰქონდეს ელექტრული იზოლაცია.
თავი V აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მისი პერიოდულობა
მუხლი 14. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონების იდენტიფიკაცია და შემოწმების პერიოდულობა 1. აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი არქონის შემთხვევაში ჩაატაროს აირბალონის შემოწმება, ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად. 2. აირბალონების პერიოდული შემოწმება უნდა ხდებოდეს: ა) ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების – სამ წელიწადში ერთხელ; ბ) ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების – ხუთ წელიწადში ერთხელ. 3. თუ აირბალონის შემადგენლობა წარმოდგენილი არ არის მწარმოებლის დოკუმენტაციით, მაშინ ასეთი ბალონის შემოწმება ხდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება და პერიოდულობა 1. აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ინსპექტირების ორგანოს მიერ, რომელიც თავისი აღჭურვილობითა და მომსახურე პერსონალით უნდა უზრუნველყოფდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების სამუშაოებისა და პროცედურების სრულად შესრულებას საჭირო მოცულობითა და სიზუსტით. 2. შესაბამისობის შეფასებაზე წარდგენილი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში, ტვირთის გარეშე. 3. შესაბამისობის შეფასებისას ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, რომლის: ა.ა) მფლობელსაც არ გააჩნია ამ „წესების“ მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტი; ა.ბ) აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა; ა.გ) აირბალონებს აქვთ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10%-ზე მეტი, ბზარები, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი; ბ) ჩაატაროს აირბალონიანი მოწყობილობის შემოწმება, დაადგინოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან.
მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების სამუშაოები 1. ინსპექტირების ორგანო პირველ რიგში ამოწმებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9-მე-13 მუხლებთან შესაბამისობას. 2. აირბალონიანი მოწყობილობის შემოწმება ხდება შეკუმშული ჰაერის წნევით. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა: ა) მოთავსდეს სრულად დაკომპლექტებული და გარეცხილი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაბამისობის ჩასატარებელ სამუშაო ადგილზე; ბ) დაიკეტოს შემშვები, მაგისტრალური და სახარჯო ვენტილები; გ) მომზადდეს სამუშაოდ შეკუმშული ჰაერის მიწოდების პოსტი; დ) მოიხსნას სახშობი შევსების ვენტილის მილყელიდან (შევსების ხვრელიდან); ე) მიუერთდეს შეკუმშული ჰაერის მიწოდების მილი აირბალონიანი მოწყობილობის შევსების ვენტილის მილყელს. 3. ჰერმეტულობაზე შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) შესაბამისი უსაფრთხო ტექნიკური საშუალების მეშვეობით უნდა შემოწმდეს შეკუმშული ჰაერის მიწოდების მილის შეერთების ჰერმეტულობა შევსების ვენტილის მილყელთან. ამისათვის იკეტება შემშვები ვენტილი და აირმოწყობილობას მიეწოდება შეკუმშული ჰაერი 10 ბარი წნევით. თუ ჰერმეტულობა დარღვეულია, უნდა გაიხსნას შეკუმშული ჰაერის გაშვების ვენტილი და წნევის ნულამდე შემცირების შემდეგ კუთხვილიანი შეერთებების მოჭერით ან მამჭიდროებლის შეცვლით აღდგენილი უნდა იქნეს ჰერმეტულობა. ხელახლა უნდა შემოწმდეს შეკუმშული ჰაერის მიწოდების მილის შეერთების ჰერმეტულობა შევსების ვენტილის მილყელთან; ბ) უნდა გაიხსნას აირბალონების შევსების და სახარჯო ვენტილები და დაიწყოს ძრავას კვების აირსისტემის თანდათანობითი შევსება შეკუმშული ჰაერით 10 ბარ წნევამდე; გ) სისტემაში წნევის 10 ბარამდე მიღწევისას უნდა შეწყდეს შეკუმშული ჰაერის მიწოდება და 2-3 წთ-ის შემდეგ დაიწყოს სისტემის ჰერმეტულობაზე შემოწმება; დ) შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხო საშუალების მეშვეობით უნდა შემოწმდეს შეერთებების ჰერმეტულობა შევსების ვენტილის სამკაპასთან, აირბალონების სახარჯო ვენტილების, აირბალონზე დაყენებული ჯვარედინების, მცველი არმატურის (არსებობის შემთხვევაში), მანომეტრების, მილგაყვანილობის შეერთებები. გაჟონვის აღმოჩენისას უნდა გაიხსნას შეკუმშული ჰაერის გაშვების ვენტილი და წნევა სისტემაში შემცირდეს ნულამდე. გაჟონვა უნდა აღმოიფხვრას კუთხვილიანი შეერთებების მოჭერით ან ძრავას კვების აირსისტემის მამჭიდროებლის, დეტალებისა და კვანძების შეცვლით. ამის შემდეგ, ჰერმეტულობაზე შემოწმება უნდა განმეორდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ე) უნდა შემოწმდეს მაგისტრალური ვენტილის შიგა ჰერმეტულობა სისტემაში წნევისას. ამ მიზნით, ეს ვენტილი უნდა დაიკეტოს, შემდეგ უნდა ჩაირთოს ავტომობილის ანთების სისტემა, საწვავის სახეობის გადამრთველი გადაირთოს მდგომარეობაში „აირი“. ვენტილის ჰერმეტულობის შემთხვევაში დაბალი წნევის ორსაფეხურიანი რედუქტორის მანომეტრზე ისარი არ უნდა გადაადგილდეს. თუ ვენტილის ჰერმეტულობა დარღვეულია, მანომეტრის ისარმა უნდა აჩვენოს წნევა რედუქტორში. შემოწმების შემდეგ ძრავას ანთების სისტემა გამოირთოს, ხოლო საწვავის სახის გადამრთველი გადაირთოს მდგომარეობაში „ბენზინი“; ვ) უნდა შემოწმდეს შეერთებების ჰერმეტულობა მაგისტრალური ვენტილიდან აირის ფილტრის ელექტრომაგნიტურ ჩამკეტ სარქვლამდე. ამ მიზნით: ვ.ა) თანდათანობით უნდა გაიხსნას ავტომობილზე მაგისტრალური ვენტილი; ვ.ბ) საპნის ქაფის მეშვეობით ან სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებით უნდა შემოწმდეს შეერთებები მაგისტრალურ ვენტილთან, წნევის რედუქტორთან (ქაფის გამოყენების შემთხვევაში რედუქტორი მთლიანად უნდა დაიფაროს საპნის ქაფით), ელექტრომაგნიტურ ჩამკეტ სარქველთან, აგრეთვე მილგაყვანილობის შეერთებები კაპოტის ქვეშ; ზ) უნდა შემოწმდეს აირსისტემის ჰერმეტულობა ელექტრომაგნიტური სარქვლიდან დაბალი წნევის ორსაფეხურიან რედუქტორამდე. ამ მიზნით: ზ.ა) უნდა ჩაირთოს ანთების სისტემა; ზ.ბ) საწვავის სახის გადამრთველი უნდა გადაირთოს მდგომარეობაში „აირი“; ზ.გ) საპნის ქაფის მეშვეობით უნდა შემოწმდეს ყველა შეერთება ელექტრომაგნიტური სარქვლიდან დაბალი წნევის ორსაფეხურიან რედუქტორამდე; ზ.დ) უნდა გამოირთოს ანთების სისტემა; თ) უნდა შემოწმდეს ძრავას ბენზინით კვების სისტემის ელექტრომაგნიტური სარქვლის მუშაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რისთვისაც: თ.ა) საწვავის სახის გადამრთველი უნდა გადაირთოს მდგომარეობაში „ბენზინი“; თ.ბ) უნდა ჩაირთოს ანთების სისტემა და ძრავა ამუშავდეს ბენზინზე; თ.გ) საწვავის სახეობის გადამრთველი უნდა გადაირთოს ნეიტრალურ მდგომარეობაში. მოკლე ხნით მუშაობის შემდეგ ძრავა უნდა ჩაქრეს; ი) უნდა გამოირთოს ანთების სისტემა. 4. აირბალონიანი მოწყობილობის მაღალი წნევით შემოწმება სრულდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) თუ 10 ბარი წნევისას ავტოსატრანსპორტო საშუალების კვების აირსისტემა ჰერმეტულია, უნდა გაიზარდოს მისაწოდებელი ჰაერის წნევა 50 ბარამდე; ბ) უნდა შეწყდეს შეკუმშული ჰაერის მიწოდება და შემოწმდეს აირბალონის მაღალი წნევის მანომეტრისა და შეკუმშული ჰაერის წნევის საკონტროლო მანომეტრის ჩვენებების შესაბამისობა; გ) უნდა შემოწმდეს სისტემის ჰერმეტულობა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად; დ) თუ 50 ბარი წნევისას კვების აირსისტემა ჰერმეტულია, უნდა გაიხსნას ჰაერის გაშვების ვენტილი და ავტომობილის აირსისტემაში წნევა შემცირდეს ნულამდე; ე) უნდა ჩატარდეს აირბალონიანი მოწყობილობის საბოლოო დაწნეხა. ამისათვის, ავტომობილის აირბალონიან მოწყობილობაში წნევა თანამიმდევრულად უნდა გაიზარდოს ჯერ 100 და შემდეგ 200 ბარ წნევამდე და თითოეული შემთხვევისთვის უნდა შემოწმდეს აირბალონის მაღალი წნევის მანომეტრისა და შეკუმშული ჰაერის წნევის საკონტროლო მანომეტრის ჩვენებების შესაბამისობა. ჰაერის წნევის თითოეულ საფეხურზე შეერთებების ჰერმეტულობა უნდა შემოწმდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ) 200 ბარ წნევაზე დაწნეხის დამთავრების შემდეგ უნდა ჩაიკეტოს შევსების ვენტილი; ზ) შეკუმშული ჰაერის მიწოდების მილი უნდა მოიხსნას შევსების ვენტილის მილყელიდან (შევსების ხვრელიდან); თ) შევსების ვენტილის მილყელი (შევსების ხვრელი) და შევსების ვენტილი უნდა შემოწმდეს ჰერმეტულობაზე; ი) თანდათან უნდა გაიხსნას შევსების ვენტილი და სისტემიდან გამოიდევნოს შეკუმშული ჰაერი. ამასთან, აირბალონიანი სისტემის მანომეტრის ჩვენება ნულამდე უნდა შემცირდეს; კ) შევსების ვენტილი უნდა დაიკეტოს; ლ) ავტომობილი უნდა ამუშავდეს ბენზინზე. 5. თუ აირბალონიანი სისტემის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება შესაბამისი პროცედურით.
მუხლი 17. აირბალონიანი სისტემის შესაბამისობის შეფასების შედეგების გაფორმება 1. ინსპექტირების ორგანო ვალდებულია, ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩატარებული შესაბამისობის შეფასების შედეგად, ყოველ ვარგისად მიჩნეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშულებაზე გააფორმოს და გასცეს ინსპექტირების სერტიფიკატი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში) და მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის ფირნიში, რომელიც დაადასტურებს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობას. 2. ინსპექტირების სერტიფიკატის ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში. 3. ინსპექტირების ორგანოს პასუხისმგებელმა პირმა პირადად უნდა შეიტანოს ინსპექტირების სერტიფიკატში და შესაბამისობის ფირნიშზე ყოველი კონკრეტული ინსპექტირების მონაცემები. შესაბამისობის ფირნიში საიმედოდ უნდა დააკრას აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში. 4. ამ რეგლამენტით დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ინსპექტირების ოქმი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში), აღმოჩენილი უწესრიგობის მითითებით. ასეთ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შესაბამისობის ფირნიში არ გაიცემა. ამასთან, განმცხადებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს გაუმართავი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში კანონის წინაშე მისი პასუხისმგებლობის შესახებ. 5. შეფასების სამუშაოების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობის 10 დღის განმავლობაში აღმოფხვრის შემთხვევაში, ხორციელდება მხოლოდ აღნიშნული შეუსაბამობის განმეორებითი შემოწმება. 6. განმეორებითი შეფასების დადებითი შედეგის შემთხვევაში, აღნიშნულ ელემენტებზე ფორმდება ინსპექტირების სერტიფიკატი და აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შესაბამისობის ფირნიში ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად. 7. აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატისა და ოქმის ასლები ინახება ინსპექტირების ორგანოს მიერ სათანადოდ დაცულ ადგილას, სულ მცირე აირბალონის სავალდებულო პერიოდული შემოწმების ვადის განმავლობაში.
მუხლი 18. შესაბამისობის ფირნიში 1. ინსპექტირების სერტიფიკატთან ერთად აირბალონიანი მოწყობილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შესაბამისობის ფირნიში. 2. შესაბამისობის ფირნიში წარმოადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტს და იგი სავალდებულოა, ჰქონდეს ყველა აირბალონიანი მოწყობილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 3. შესაბამისობის ფირნიში (დანართი №3) წარმოადგენს წრეს, რომლის დიამეტრია 90 მმ და შედგება ორი ნაწილისაგან: აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი A და ინსპექტირების სერტიფიკატზე დასაკვრელი B ნაწილებისგან. 4. შესაბამისობის ფირნიში ყველა კატეგორიის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, ღია ცისფერ ფონზე. 5. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე დატანილი უნდა იყოს: ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის); ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა (შავი ფერის); გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისი დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრების (წითელი რომაული ციფრები I, II, III შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი №3, სწორკუთხედი 1); დ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვისთვის აღმნიშვნელი ციფრის (წითელი ციფრები 1-დან 12-ის ჩათვლით შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი №3, სწორკუთხედი 2). 6. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის უკანა მხარეზე რეკვიზიტების ჩასაწერი ჩარჩოების თავზე დატანილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების: ა) მარკა, ტიპი და/ან მოდელი; ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშანი; გ) ინსპექტირების ორგანო; დ) შესაბამისობის შეფასების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). 7. შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის უკანა მხარეზე დატანილი უნდა იყოს: ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის); ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა (შავი ფერის); გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ამოწურვისთვის (დანართი №3, სწორკუთხედი 4) და ამ თვის დეკადის (დანართი №3, სწორკუთხედი 3) აღმნიშვნელი ციფრების ჩასაწერი ჩარჩოები. 8. ფირნიშების ბლანკები მზადდება ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმითა და წესით, ცენტრალიზებულად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობების მიხედვით და განსაზღვრული რაოდენობით. 9. ფირნიშების ბლანკების დამზადებასა და მათი ინსპექტირების ორგანოებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს სსიპ - საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) ინსპექტირების ორგანოს წერილობითი მოთხოვნისა და შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. 10. ინსპექტირების ორგანო, როგორც წესი, ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე წარადგენს სააგენტოში მოთხოვნას ფირნიშის ბლანკების მომავალი წლისთვის საჭირო რაოდენობაზე (თვეების მიხედვით). მოთხოვნას უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 11. ინსპექტირების ორგანოების განაცხადების საფუძველზე სააგენტო ადგენს დასამზადებელი ფირნიშების ბლანკების ჯამურ რაოდენობას. 12. ფირნიშების ბლანკები მზადდება სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის მიხედვით. 13. ფირნიშების ბლანკები მზადდება არანაკლებ სამი დამცავი ნიშნით, ისეთი ტექნოლოგიითა და მასალით, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ: ა) შესაბამისობის ფირნიშის A და B ნაწილების უკანა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) სპეციალური საწერი საშუალებით ამ მუხლის მე-6 პუნქტსა და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემების ჩაწერა; ბ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ჩაკვრა; გ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის საიმედოდ დაკვრა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში; დ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა შესაბამისობის ბარათის ქვედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას. 14. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის გაუქმების გამო დარჩენილი, გაუხარჯავი ფირნიშების ბლანკები ექვემდებარება აღრიცხვასა და სააგენტოსთვის დაბრუნებას. 15. ფირნიშის ბლანკი/ბლანკები გამოსაყენებლად უვარგისად ითვლება და მისი/მათი ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედების ვადის გასვლის გამო. 16. გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშის ბლანკის/ბლანკების ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით, მისი/მათი ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს ჩამოწერის აქტში.
მუხლი 19. მოთხოვნები აირბალონებისა და მათი შესაბამისობის შეფასების მიმართ 1. აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადაა 20 წელი მისი დამზადების თარიღიდან. 2. აირბალონების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და მათი მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად საჭიროა, პერიოდულად შეიღებოს აირბალონის გარეთა ზედაპირი ზეთოვანი ან ემალის წითელი ფერის საღებავით. 3. შეღებვის წინ აირბალონები გულდასმით უნდა გაირეცხოს, გაიწმინდოს ჭუჭყისაგან და გაშრეს. შეღებვა დასაშვებია უშუალოდ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჩამკეტი არმატურის დემონტაჟის გარეშე, როცა აირბალონები აირისაგან დაცლილია. 4. აირბალონების, ისევე როგორც მთლიანი აირმოწყობილობის სწორ ექსპლუატაციასა და შენახვაზე პასუხისმგებელია აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი. 5. აირბალონების შემოწმება ჩატარებულ უნდა იქნეს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ. 6. აირბალონების შემოწმება მოიცავს შემდეგ ოპერაციებს: ა) გარე და შიგა ზედაპირების დათვალიერება; ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა 300 ბარი საგამოცდო წნევით; გ) აირბალონის ყელისა და აირის მილსადენთან შეერთებების ჰერმეტულობაზე შემოწმება; დ) აირბალონის მასისა და მოცულობის შემოწმება. 7. აირბალონები, რომელთაც დათვალიერებისას გარე და შიდა ზედაპირზე აღმოაჩნდებათ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10%-ზე მეტი, ბზარები, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე რომლებზეც არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი, ჰიდრავლიკური გამოცდის გარეშე უნდა იქნეს დაწუნებული. 8. აირბალონების მასა დგინდება მათი აწონით, ხოლო მოცულობა განისაზღვრება წყლით გავსებული და ცარიელი აირბალონის მასათა სხვაობით. თუ აირბალონის მასა შემცირებულია 7%-ზე მეტად იმასთან შედარებით, რაც აირბალონზეა აღნიშნული, ან თუ მოცულობა 2%-ზე მეტადაა გაზრდილი, აირბალონი ითვლება უვარგისად. 9. დაწუნებულ აირბალონს ინსპექტირების ორგანოს წარმომადგენლის მიერ შეგნებულად უზიანდება ყელის ხრახნი ან იხვრიტება აირბალონის კორპუსი, რაც გამორიცხავს მის შემდგომ გამოყენებას. 10. აირბალონების ჰიდრავლიკურ გამოცდას სპეციალურ დანადგარზე აწარმოებენ 300 ბარი წნევით. წნევის ქვეშ აირბალონები უნდა იყოს არანაკლებ 2 წუთისა. ჰიდრავლიკური გამოცდის შემდეგ აირბალონი ითვლება ვარგისიანად, თუ მის ზედაპირზე არ შეიმჩნევა ნაჟონი, ნაცრემლი, ნაორთქლი და ნარჩენი დეფორმაცია. 11. ჰიდრავლიკური გამოცდის შემდეგ აირბალონს აშრობენ, მასზე ამონტაჟებენ არმატურასა და ვენტილებს, ხოლო შემდეგ წნეხენ 200 ბარი წნევით შეკუმშულ ჰაერს ხრახნული შეერთებისა და ვენტილების ჰერმეტულობაზე შესამოწმებლად. 12. დადებითი შედეგების მიღწევისას, შემოწმებულ აირბალონზე გაიცემა ინსპექტირების სერტიფიკატი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ისპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში) და ინსპექტირების ორგანოს წარმომადგენელი აირბალონს ადებს მრგვალი ფორმის 12 მმ დიამეტრის დამღას აირბალონის ზედა სფერულ ნაწილზე, ჩატარებული შემოწმების თარიღისა და შემდგომი შემოწმების ვადის ჩვენებით. 13. ამ რეგლამენტით დაწესებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აირბალონზე გაიცემა ინსპექტირების ოქმი (ფორმა ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში), აღმოჩენილი უწესრიგობის მითითებით. 14. აირბალონის ინსპექტირების სერტიფიკატისა და ოქმის ასლები ინახება სათანადოდ დაცულ ადგილას, სულ მცირე აირბალონის სავალდებულო პერიოდული შემოწმების ვადის განმავლობაში.
თავი VI შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები
მუხლი 20. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის მდგომარეობის მიმართ 1. აკრძალულია მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აირსადენების სამაგრი დეტალების დამატებითი მოჭერა. 2. აკრძალულია: ა) ძრავას მუშაობის დროს აირბალონიანი მოწყობილობის რემონტი; ბ) აირის გაჟონვისას ძრავას ჩართვა და მუშაობა; გ) აირის გამოშვება შენობაში, სხვა აირბალონიან სატრანსპორტო საშუალებების სადგომ ადგილებთან, აალების წყაროსთან ან ადამიანთა თავშეყრის ადგილთან სიახლოვეს; დ) აირბალონების ჯვარედინაზე განლაგებული შევსებისა და გამშვები ვენტილების გახსნილ ან შუალედურ მდგომარეობაში დატოვება. აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ვენტილები ან სრულად გახსნილი, ან სრულად დაკეტილი უნდა იყოს; ე) ღია ცეცხლის ზონასთან ახლოს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება, აგრეთვე განათების, შედუღების ან ჰერმეტულობის შემოწმების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ღიაალიანი საშუალების მიტანა; ვ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი ან აირსადენები ეხება პლატფორმის ძირს; ზ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მაღალი წნევის მილების დეფორმაციას. 3. ჰერმეტულობის დარღვევის შემჩნევისთანავე უნდა დაიკეტოს ვენტილები აირბალონზე (ბალონებზე), სრულად დაიხარჯოს სისტემიდან აირი, დაიკეტოს მაგისტრალური ვენტილი. 4. თუ აირის გაჟონვის ლიკვიდაცია შეერთებების დამატებითი მოჭერით ვერ ხერხდება, საჭიროა, აირი აირბალონიდან გაიშვას ატმოსფეროში აალების წყაროსა და ადამიანებისგან მოცილებულ უსაფრთხო ადგილას. აირის გამოშვებისას ძრავა აუცილებლად უნდა იყოს გამორთული, ხოლო აკუმულატორის ბატარეები გათიშული. 5. კატეგორიულად იკრძალება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და დახურულ შენობებში შეყვანა აირის დაზიანებული აპარატურით. 6. ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას საჭიროა, დაიკეტოს მაგისტრალური და აირბალონების ვენტილები, სრულად დაიხარჯოს კვების სისტემაში დარჩენილი აირი (ძრავას გაჩერებამდე), გამოირთოს ძრავა და გაითიშოს აკუმულატორის ბატარეები (განმხოლოვდეს „მასა“). ხანგრძლივი დროის მანძილზე ღია ონკანებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია. 7. იმის გამო, რომ აირი გარემომცველი ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს ამუშავების შემცირებული უნარით ხასიათდება, აირბალონიანი სატრანსპორტო საშუალების ჩართვა და ძრავას წინასწარი შეთბობა რეკომენდებულია, განხორციელდეს ბენზინზე. 8. აკრძალულია ორი სახის საწვავის – აირისა და ბენზინის ნარევით ძრავას მუშაობა. გახურების შემდეგ ძრავა გადაყვანილ უნდა იქნეს აირზე ან ავტომატურად უნდა გადადიოდეს. 9. ხანგრძლივი დგომის შემდეგ შეკუმშული ბუნებრივი აირით ძრავას ჩართვა რეკომენდებულია, განხორციელდეს ახდილი კაპოტით. 10. აირბალონიდან (ბალონებიდან) აირის გამოშვება უნდა მოხდეს მხოლოდ მყარსაფარიან საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე. 11. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დასაყენებლად განკუთვნილ აირბალონებს უნდა ჰქონდეთ მარკირება პარამეტრების აღნიშვნით. 12. თითოეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლმქრობი და ქეჩა. 13. ონკანები თავისუფლად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს. მათი გაღებისას ან დაკეტვისას დამატებითი ბერკეტების გამოყენება აკრძალულია. 14. დაუშვებელია მილების გადაღუნვა, გადაგრეხა, დაჭმუჭნა ან გაზეთილი მილების გამოყენება. 15. წნევის კონტროლის, აირის მიწოდებისა და ხარჯვის, საწვავის ერთი სახეობიდან მეორეზე გადართვის კონტროლის სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.
მუხლი 21. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და აირსავსები საკომპრესორო სადგურის პერსონალის მიმართ 1. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, ჩაატაროს მანქანის დათვალიერება აირის შესაძლო გაჟონვის, ჩამკეტი არმატურისა და აირბალონიანი მოწყობილობის გაუმართაობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს აირბალონების სამაგრების საიმედოობა. 2. ხანგრძლივი დროით გაჩერებული ძრავას ჩართვამდე საჭიროა, მცირე დროით გაიხსნას ავტოსატრანსპორტო საშუალების კაპოტი აირმოწყობილობის, მილსადენებისა და შეერთებების გამართულობის დადგენის მიზნით. 3. ბენზინიანი ძრავას ამუშავება შეიძლება მხოლოდ ერთი სახის საწვავზე – აირზე ან ბენზინზე. 4. ძრავას ჩართვა უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) მაღალი წნევის მანომეტრით შემოწმდეს აირის წნევა აირბალონებში; ბ) გაიხსნას გამშვები ვენტილი; გ) სიჩქარის კოლოფის ბერკეტი მოყვანილ იქნეს ნეიტრალურ მდგომარეობაში; დ) შემოწმდეს დროსელ-საფარის ხელით სამართავი ღილაკის მდგომარეობა (იგი უნდა ეთანადებოდეს დროსელ-საფარის სრულად დახურულ მდგომარეობას); ე) ჩაირთოს ანთების სისტემა. დაბალი წნევის მანომეტრის საშუალებით უნდა შემოწმდეს, გაიხსნა თუ არა აირის ელექტრომაგნიტური სარქველი და მიეწოდება თუ არა აირი დაბალი წნევის რედუქტორის პირველ საფეხურს; ვ) ჩაირთოს სტარტერი. 5. ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, დროსელ-საფარის თანდათანობით გახსნისას ხანდახან შეინიშნება ძრავას ბრუნვის სიხშირის მკვეთრი ვარდნა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დროსელ-საფარის მკვეთრი გახსნა. 6. მოძრაობის დროს აირის სუნის შეგრძნებისთანავე მძღოლი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააჩეროს მანქანა, აღმოფხვრას უწესივრობა, თუ ეს შესაძლებელია, ან დაკეტოს სახარჯო ვენტილი და მიმართოს სერვისის საწარმოს. 7. აირსავსებ საკომპრესორო სადგურს ეკრძალება, შეავსოს ისეთი აირბალონები, რომლებსაც არ გაუვლიათ მორიგი შემოწმება და არა აქვთ შესაბამისი დამღა ან აირბალონიან სისტემაზე არაა გაცემული ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი და შესაბამისობის ფირნიში. 8. აირსავსებ საკომპრესორო სადგურზე აირბალონების შევსების წინ მძღოლმა და მგზავრებმა უნდა დატოვონ ავტოსატრანსპორტო საშუალება. შევსება უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გამოირთოს ძრავა; ბ) დაიკეტოს გამშვები ვენტილი; გ) აირგასამართი სადგურის თანამშრომელმა შემვსებ ვენტილს უნდა მიუერთოს გასამართი მილი (საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ბუნიკი დახრახნილია ბოლომდე); ბოლომდე გახსნას შევსების ვენტილი და შეავსოს აირბალონები არა უმეტეს მუშა წნევამდე – 200 ბარი (200 ატმ); დაკეტოს შევსების ვენტილი; დ) შემვსებ ვენტილს მოეხსნას აირშევსების მილი (ეს ოპერაცია უნდა განახორციელოს სადგურის თანამშრომელმა); ე) აირბალონების შევსების შემდეგ თანდათანობით გაიხსნას გამშვები ვენტილი, ჩაირთოს ძრავა და ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოვიდეს აირგასამართი სადგურის ტერიტორიიდან. 9. აირსავსები საკომპრესორო სადგურის პერსონალი ვალდებულია: ა) შეამოწმოს აირბალონების მორიგი შემოწმების შესაბამისი დამღა და შესაბამისობის ფირნიში. პერსონალს ასევე შეუძლია, მოითხოვოს აირბალონებსა და აირბალონიან სისტემაზე გაცემული, ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი; ბ) აირსადენებსა და შეერთებებში ჰერმეტულობის დარღვევის აღმოჩენისას არ შეავსოს აირბალონები აირით; გ) აირით აირბალონების შევსებისას გამშვები ვენტილი ჰქონდეს დაკეტილი, ხოლო შევსების კი – სრულად გაღებული; დ) აირბალონების შევსებისას განერიდოს შემვსებ მილს; ე) არ დაუშვას შეერთებების დამატებითი მოჭერა იმ დროს, როდესაც სისტემაში აირი წნევის ქვეშაა. ასევე არ დაუშვას ამ დროს სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 10. შევსების მილის ჰერმეტიზაციის დარღვევისას საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიკეტოს შევსების ვენტილი, რათა არ მოხდეს აირბალონებიდან აირის დაცლა. 11. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხანძრის გაჩენისას აუცილებელია მაგისტრალური და აირბალონების ონკანების დაუყოვნებლივ დაკეტვა. 12. ალმოდებული აირის ჩაქრობა უნდა მოხდეს ცეცხლსაქრობის, სილის, წყლის ჭავლის ან ქეჩის გამოყენებით. წნევიანი აირის აირბალონებს უხვად უნდა მიესხას ცივი წყალი, მათში წნევის მატების თავიდან აცილების მიზნით. 13. აკრძალულია იმ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომლის ძარაში განთავსებული აირბალონები, არმატურა და მაერთებელი ელემენტები არ არის მოთავსებული განცალკევებულ ნაკვეთურში, ან აირბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები არ არის მოქცეული ადგილობრივ ვენტილირებად გარსაცმში. დამცავი მექანიზმის კონსტრუქცია აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში აირის შეღწევის შესაძლებლობას. 14. მძღოლი პასუხისმგებელია აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ყველა პირის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის (მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების) წესების შესრულებაზე და ვალდებულია, მოსთხოვოს მათ ამ წესების დაცვა.
დანართი №1 აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების მინიმალური ზომები
დანართი №2
აირბალონიანი მოწყობილობის მონტაჟის დეკლარაცია
უფლებამოსილი პირის მიერ ქვემოთ ხელმოწერით, მონტაჟის განმახორციელებელი სერვისის საწარმო კისრულობს პასუხისმგებლობას აირბალონიანი სისტემის განთავსების შესაბამისობაზე:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები