დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016327 |
|
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“ დანართი №1 და ,,ოჯახის დეკლარაციის ფორმა“ დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
3.
ბრძანებით დამტკიცებული ,,ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების შესახებ ოქმის ფორმა“ დანართი №4 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1 1. ეს წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. მუხლი 2 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სოციალური მომსახურების სააგენტო“; ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი; ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში); ბ.დ) ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასული პირი; ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი; ბ.ვ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი. გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა განაწილებას; დ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოჯახის წევრები ანდობენ დაადასტუროს „ოჯახის დეკლარაციაში“ შესატანი მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; ე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა; ვ) ოჯახის დეკლარაცია (ან დეკლარაცია) – სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად; ზ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას; თ) ინტერვიუირება – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ჩატარებული გამოკითხვა ოჯახის შესახებ საჭირო ინფორმაციის დადგენის და/ან დაზუსტების მიზნით. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“. თავი II. ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დადგენა მუხლი 3 1. ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. 3. ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს. 4. ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) ოჯახს წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გააცნოს თავისი უფლება-მოვალეობები, განუმარტოს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა; ბ) დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრებს წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები; გ) შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ; დ) ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასების მიზნით ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით ზოგადად დაათვალიეროს ოჯახის საცხოვრისი (იგულისხმება ოჯახის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული თითოეული ნივთის _ მოძრავის თუ უძრავის, პროდუქციის (მათ შორის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მოხმარების) გულდასმით დათვალიერება, რაც დაეხმარება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მდგომარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ოჯახის დეკლარაციის სწორად შევსებისათვის). 5. სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ. 6. ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით; დ) სრულყოფილი, ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახის წევრების რაოდენობის და მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრის სამ თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის თაობაზე. სამთვიანი ვადის ამოწურვის დღიდან, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. თავი III. ოჯახის დეკლარაციის შევსების წესი მუხლი 4 1. ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განუმარტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად, ხოლო ოჯახი კარგავს უფლებას, განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. 2. ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების – მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ. მუხლი 5 1. ოჯახის დეკლარაციაში მონაცემები შეიტანება გარკვევით, ბურთულიანი კალმის გამოყენებით. შევსებას ექვემდებარება დეკლარაციის ყველა საჭირო გრაფა. 2 ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის გრაფაში მიუთითოს საკუთარი სახელი, გვარი და სამსახურებრივი კოდი. 3. ოჯახის დეკლარაციაზე უნდა მიეთითოს ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე მისამართი, ოჯახის წევრთა საკონტაქტო მონაცემები (ბინის ტელეფონი, მობილურის ნომერი და სხვა), ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მონაცემები. 4. ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს აღნიშვნა, თანახმაა თუ არა ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაიგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის ან/და სოციალური დახმარების შესახებ. 5. დეკლარაციის „B2“, „B4“ და „C2“ პუნქტების შევსებამდე ცხრილების სტრიქონში – „ოჯახის წევრის სახელი“ უნდა ჩაიწეროს ოჯახის წევრების სახელები („C2“-ის შემთხვევაში მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის). სახელები გადმოტანილი უნდა იქნას „B1“ ცხრილიდან ისეთივე თანმიმდევრობით, რომ ორივე ცხრილში ოჯახის ერთსა და იმავე წევრს ერთი და იგივე რიგითი ნომერი შეესაბამებოდეს. 6. დეკლარაციის „A“, „B“, „C“ (გარდა ,,C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-12 და მე-13 გრაფისა), „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ,,C3“ კითხვის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-12 და მე-13 გრაფები - ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. 7. „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-12 და მე-13 გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ავსებს შესაბამის გრაფას. 8. თუ ოჯახის განაცხადში დაფიქსირებულ წევრთა მონაცემები არაიდენტურია დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ წევრთა მონაცემებთან, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე–5, მე-8, მე-9, მე-12 და მე-13 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე. მუხლი 6 1. ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის – „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად. 2. თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი. 3. თუ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არასწორად უთითებს ოჯახის შემადგენლობას (ოჯახის ხელოვნური დაყოფა ან გაერთიანება), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში შეავსოს ოჯახის დეკლარაცია, ოჯახში რეალურად მცხოვრები ყველა წევრის გათვალისწინებით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება ოჯახის ხელოვნური დაყოფის/გაერთიანების ფაქტს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი წყვეტს ოჯახის დეკლარაციის შევსებას და არსებული წესის შესაბამისად ავსებს ოქმს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (დანართი N3). 5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი. 6. „A7“ პუნქტის კითხვაზე – „ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა უძრავ ქონებას ფლობთ?“ პასუხის გაცემისას, თუ ოჯახს გააჩნია ჩამოთვლილი ნაგებობებიდან რამდენიმე, შემოიხაზება ყველა პასუხის შესაბამისი ნომერი. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიყენოს ოჯახის საცხოვრებელი პირობების (მ.შ. ეზოს) დათვალიერების შედეგად ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ოჯახის სარგებლობაში არსებული სხვა უძრავი ქონების შესახებ. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში. 7. „A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას. 8. „A9“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენი ოთახია თქვენი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში სულ (სამზარეულოს, დერეფნის, სააბაზანოს, ტუალეტის და სხვა დამხმარე სათავსოების გარდა)“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა მიუთითოს იმ ოთახების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, მათ შორის მისაღები ოთახი (ე.წ. „ზალა“), საძინებელი, ლოჯია. დაკავებული ოთახების რაოდენობაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ გაითვალისწინებს დერეფანს, ტუალეტს, სააბაზანოს ან სხვა დამხმარე სათავსოს (მაგ. სხვენი, ავტოფარეხი, სამზადი/მარანი, სამეურნეო ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, დაუმთავრებელი ნაგებობა/ფართი). სააგენტოს უფლებამოსილი პირი პირადად დაათვალიერებს და შეამოწმებს ოთახების რაოდენობას, იქ არსებულ ნივთებს და ინვენტარებს და შესაბამის გრაფაში მიუთითებს ოთახებს ჯამურ რაოდენობას. 9. „A10“ პუნქტის კითხვაზე – „ძირითადად რა მასალის არის იატაკი შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი დაათვალიერებს ოთახებს და გრაფაში მიუთითებს შესაბამის კოდს. თუ ყველა ოთახში ან ოთახების უმეტეს ნაწილში არის პარკეტი, შემოხაზავს „1“ კოდს. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ ფართში/ნაწილში იატაკი შედგება პარკეტისა და ბეტონისგან, მაგრამ ძირითადი ნაწილი ბეტონისგან სააგენტოს უფლებამოსილი პირი შემოხაზავს ბეტონის აღმნიშვნელ კოდს „4“. თუ საცხოვრებელ ფართში იატაკი შედგება ჩამოთვლილისგან განსხვავებული სხვა მასალისგან, შემოიხაზება კოდი „6“. 10. „A11“ პუნქტის კითხვაზე - „ფლობთ თუ არა ძირითადი საცხოვრებელის გარდა სხვა საცხოვრებელს (ბინას, სახლს, აგარაკს)“ – შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია აუხსნას ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომ სხვა საცხოვრებელში იგულისხმება ყველა ის უძრავი ქონება (მრავალსართულიან კორპუსში, ან ერთ ან მეტ სართულიან განცალკევებულად მდგომ სახლში), რომელიც არის ოჯახის რომელიმე წევრის კანონიერ საკუთრებაში (შესაძლებელია სხვა დასახლებულ პუნქტში, ქალაქში ან სოფელში) და არის დაკეტილი და/ან გადაცემული სხვისთვის დროებით სარგებლობაში). ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში. 11. „A12“ პუნქტის – „ჩაწერეთ სხვა საცხოვრებლ(ებ)ის მთლიანი ფართობი“ - სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიუთითებს ოჯახის უფლებამოსილი წევრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ძირითადი საცხოვრისი გარდა საკუთრებაში არსებული ბინის, სახლის და/ან აგარაკის ფართობს მ2-ში. თუ ოჯახს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი ბინა, სახლი და/ან აგარაკი, მიუთითებს ჯამურ ფართობს (მაგ. თუ ოჯახი ფლობს 1 ბინას (მრავალსართულიან შენობაში/კორპუსში) 50 მ2 და 1 სახლს (ერთ ან მეტ სართულიან განცალკევებულად მდგომ შენობას) 100მ2-ს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შემოხაზავს კოდს „1“ და მიუთითებს 150მ2-ს). სააგენტოს უფლებამოსილი პირი უფლება აქვს ინფორმაცია ოჯახის რომელიმე წევრის არსებული ბინის, სახლის და/ან აგარაკის შესახებ მოიძიოს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემთა ბაზიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებებიდან (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან). ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეუსაბამო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკში. ამ წესის მიზნებისთვის, აგარაკი წარმოადგენს ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებაში არსებულ სარეკრეაციო მიზნებისთვის სეზონურად და/ან დასასვენებლად გამოყენებად უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთზე მდგომ სახლს), რომელიც მდებარეობს სხვა დასახლებულ პუნქტში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. მუხლი 7 1. დეკლარაციის „B“ ბლოკის – „ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები“ _ შევსება ხდება ოჯახის ყველა წევრზე (ახალშობილების და მოცემულ მომენტში ოჯახიდან დროებით, დეკლარაციის შევსების მომენტში არაუმეტეს სამი თვის ვადით, წასული წევრების ჩათვლით). 2. ოჯახის დეკლარაციის შევსებისას ოჯახის წევრებად არ გაითვალისწინება: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი; გ) ვადიან სამხედრო სამსახურში (სავალდებულო და საკონტრაქტო) მყოფი პირი გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში; დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი; ვ) სპეციალიზირებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი. 3. სასურველია დეკლარაციის პერსონალური ნაწილი შეივსოს უშუალოდ ამ პირ(ებ)ის გამოკითხვის შედეგად. თუ ეს ვერ ხერხდება, ინფორმაცია ივსება უფლებამოსილი წარმომადგენლის პასუხებზე დაყრდნობით. ოჯახის არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია მიიღება უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან. 4. დეკლარაციის „B1“ პუნქტში – „ბიოგრაფიული მონაცემები“. ოჯახის წევრების მონაცემები შეტანა უნდა მოხდეს ასაკის კლების რიგითობით (პირველი ფიქსირდება ყველაზე უფროსი წევრი, შემდეგ ასაკით მომდევნო წევრ(ებ)ი). ამასთან ასაკის გრაფაში უნდა მიეთითოს დეკლარაციის შევსების მომენტისათვის შესრულებულ წელთა რიცხვი. თუ დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის წევრს არ შესრულებია ერთი წელი, მაშინ იწერება „0“. 5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დაბადების მოწმობა) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები. 6. დეკლარაციის „B2“ პუნქტის ,,შინამეურნეობის მიერ დასახელებული ოჯახის უფროსი” –შევსებისას უნდა ჩაიწეროს, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შინამეურნეობის რომელი წევრი არის ოჯახის უფროსი; 7. დეკლარაციის „B3“ პუნქტში ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“; ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია: ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) და სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“); ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); ბ.გ) სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები (ასთმა J45.0-J45.9; ფილტვის არტერიის პირველადი და მეორადი ჰიპერტენზია I27.0, I27.2; ცისტური ფიბროზი პულმონური მანიფესტაციით E84.0; კიფოსკოლიოზი M41; სიმსუქნე ალვეოლური ჰიპოვენტილაციით E66.2; ვეგენერის გრანულომატოზი M31.3; პოლიარტერიტი ფილტვის დაზიანებით (ჩარჯ-სტროსის სინდრომი) M30.0; ფილტვის სხვა ინტერსტიციული ავადმყოფობები ფიბროზით J84.1; ნეირომუსკულური პრობლემები (მიასთენია გრავის და სხვა მიონევრული დაავადებები - G70.0-G70.9, გიენ-ბარეს სინდრომი - G61.0; მოტორული ნეირონების დაზიანება G12.0-G12.9, მათ შორის ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება), პოლინეიროპათია G63, პოლიომიელიტი, კუნთების პირველადი დაზიანებანი G71.0- G71.9, მიქსედემა E00.0; ემფიზემა - J43; ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები J44; ბრონქოექტაზური დაავადება J47; ფილტვის ავადმყოფობები გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით J60 - J68; ობლიტერაციული ბრონქიოლიტი, ფილტვების ფიბროზი J68.4; ქრონიკული და სხვა ფილტვისმიერი გამოვილენებები გამოწვეული რადიაციით, რადიაციის შემდგომი ფილტვის ფიბროზი J70.1; ფილტვების ქრონიკული ინტერსტიციური დაზიანებები მედიკამენტოზური J70.3; ალვეოლური და პარიესო-ალვეოლური დაზიანებები (ალვეოლური პროტეინოზი, ალვეოლური მიკროლითიაზი) J84.0; ფიბროთორაქსი J94.1; ფილტვის რევმატოიდული დაავადება J99.0; რესპირაციული დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის სხვა დიფუზური დაზიანებების დროს J99.1; ფილტვების სარკოიდოზი D86.0; ფილტვების სარკოიდოზი ლიმფური კვანძების სარკოიდოზთან ერთად D86.2; ჰისტიოციტოზი X D76.0; სუნთქვის უკმარისობა დაუზუსტებელი J96.9) გართულებული სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით (J96.1); ბ.დ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III (N18.3), IV (N18.4), V (N18.5) სტადია; ბ.ე) ონკოლოგიური, მათ შორის, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (C00-C97), რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ ონკოლოგიურ მკურნალობას: ქირურგიულ, მედიკამენტურ, რადიოთერაპიულ ან პალიატიურ მკურნალობას; ბ.ვ) შაქრიანი დიაბეტი – ნებისმიერი ტიპის, რომელიც საჭიროებს მკურნალობას ორალური ან საინექციო ანტიდიაბეტური მედიკამენტებით, მათ შორის, ინსულინით; ბ.ზ) ქრონიკული ჰეპატიტი „B“ ან „C“; ბ.თ) ღვიძლის ციროზი; ბ.ი) ეპილეფსია; გ) თუ ოჯახის წევრს შეესაბამება ორი ან მეტი კატეგორია, შემოიხაზება ყველა შესაბამისი კატეგორიის კოდი. 8. დეკლარაციის „B4“ პუნქტის ,,სპეციალური სტატუსი და კატეგორია“ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში სტატუსის/კატეგორიის აღნიშვნა ხდება მხოლოდ შესაბამისი სტატუსის/კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში: ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად (I ან II ჯგუფი) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (18 წლამდე ასაკის) – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა; გ) დედ-მამით ობოლი ბავშვი _ 18 წლამდე ასაკის ბავშვი _ ბავშვის დაბადებისა და მშობლების გარდაცვალების მოწმობები; დ) „მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“ – გაითვალისწინება სახელმწიფო პენსიის, სოციალური პაკეტის და სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები. ე) მარტოხელა დედა (პირი, რომელსაც არ ჰყოლია მეუღლე ან ქვრივია და ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი) – ქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების მოწმობა (მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში), ბავშვის დაბადების მოწმობა; 9. დეკლარაციის „B4“ პუნქტში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოხაზულ უნდა იქნეს ოჯახის თითოეული წევრის ყველა დადასტურებული სტატუსის/კატეგორიის შესაბამისი კოდი. 10. დეკლარაციის „B5“ პუნქტის ,,ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების შესახებ“ შევსებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია აუხსნას ოჯახს, რომ აქ იგულისხმება ოჯახის წევრის სრულწლოვანი შვილი, რომელიც დამოუკიდებლად, ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად. ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წევრის ქვეშ უნდა ჩაიწეროს ოჯახისაგან დამოუკიდებლად მცხოვრები შვილების რაოდენობა. ამ კითხვის შევსებისას არ გაითვალისწინება პირ(ებ)ი რომელიც: ა) იმყოფება სამედიცინო ან სპეციალიზებულ დაწესებულებაში (თავშესაფარში, პანსიონატში და სხვა); ბ) მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; გ) არის ფსიქიკურად დაავადებული. მუხლი 8 1. დეკლარაციის „C“ ბლოკი – „ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“ უნდა შეივსოს ოჯახის ყველა წევრზე. სასურველია ოჯახის ცალკეული წევრის შესახებ ინფორმაცია მიღებულ იქნეს ამ წევრთან უშუალო გასაუბრების შედეგად. 2. დეკლარაციის „C1“ პუნქტის კითხვაზე – „რა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადის შინამეურნეობის წევრი მიმდინარე (გასულ) აკადემიურ წელს“ შევსებისას – სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს შესაბამისი კოდი ოჯახის ყველა არასრულწლოვან (18 წლამდე) ასაკის წევრზე, ხოლო ,,C2” პუნქტის - ,,განათლების მიღწეული დონე” შევსებისას – უნდა შემოიხაზოს შესაბამისი კოდი ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე. 3 „C1“ და „C2“ პუნქტებში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. 4. დეკლარაციის „C3“ პუნქტის ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში; ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით; გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება მის მშობელს ან ოჯახის იმ წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია. 5. დეკლარაციის „C3“ პუნქტის შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს უნდა განუმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ ხელზე მიღებული თანხა, ან ის თანხა, რომელიც წინა მეორე თვეში უნდა მიეღო და ჯერ არ მიუღია, მაგრამ მომავალში მიიღებს; ბ) „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე–4, მე–5, მე-8, მე-9, მე–12 და მე–13 გრაფების შევსების დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აცნობს ინფორმაციას ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ მონაცემთა ბაზასა და სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით და ავსებს შესაბამის გრაფ(ებ)ას; გ) თუ ოჯახის განაცხადში ოჯახის წევრთა შესახებ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება დეკლარაციის შევსების მომენტში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი განსხვავებულ ოჯახის წევრ(ებ)ზე დეკლარაციის „C3“ პუნქტის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-12 და მე-13 გრაფებს ავსებს სააგენტოში დაცული ინფორმაციის საფუძველზე; დ) „C3“ პუნქტის მე-2 გრაფაში - „შემოსავალი კერძო საქმიანობიდან“ უნდა დაფიქსირდეს წინა მეორე თვეში ოჯახის მიერ კერძო საქმიანობიდან მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავალი ლარებში; ე) „C3“ პუნქტის მე-3 გრაფაში – „სახელმწიფო პენსია“ – სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიუთითებს ინფორმაციას განმცხადებლის მიერ წინა მეორე თვეში მიღებული თანხის ოდენობის შესახებ. ამასთან, ინფორმაცია მოწმდება და ივსება სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან შედარებით; ვ) „C3“ პუნქტის მე-4 გრაფაში – „სოციალური პაკეტი“ – უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული თანხის ოდენობის შესახებ, რომელსაც იღებს ოჯახის წევრ(ებ)ი; ზ) „C3“ პუნქტის მე-5 გრაფა – „სახელმწიფო კომპენსაცია“ – უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები თანხის ოდენობის შესახებ, რომელსაც იღებს ოჯახის წევრ(ებ)ი;. თ) „C3“ პუნქტის მე-6 გრაფაში – „სტიპენდია“ – უნდა ჩაიწეროს ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში ან სხვა ტიპის სასწავლებელში სტუდენტისათვის ან მოსწავლისათვის, წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები სტიპენდიის თანხის ოდენობის შესახებ; ი) „C3“ პუნქტის მე-7 გრაფაში – „ალიმენტი“ – უნდა ჩაიწეროს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები თანხის ოდენობა; კ) „C3“ პუნქტის მე-8 გრაფაში – „დევნილთა შემწეობა“ – უნდა ჩაიწეროს იმ თანხის ყოველთვიური ოდენობა, რომელიც დანიშნული აქვს ოჯახის თითოეულ წევრ(ებ)ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ; ლ) „C3“ პუნქტის მე-9 გრაფაში - „ფულადი სოციალური დახმარება საარსებო შემწეობა“ - უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები საარსებო შემწეობის თანხის ოდენობის შესახებ; მ) „C3“ კითხვის მე-10 გრაფაში – „სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე“ – უნდა ჩაიწეროს ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები იმ თანხის ოდენობის შესახებ, რომელსაც იღებს ოჯახი სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე დახმარების სახით და რომლის ადმინისტრირებაც არ ხორციელდება სააგენტოს მიერ; ნ) „C3“ პუნქტის მე-11 გრაფაში – „სხვა ფულადი სოციალური დახმარება“ – უნდა დაფიქსირდეს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები იმ სოციალური დახმარებ(ებ)ის ჯამური თანხა, რომელიც (რომლებიც) არ არის გათვალიწინებული ამ პუნქტის სხვა გრაფებით (მათ შორის არ არის სარეიტინგო ქულაზე დამოკიდებული) და ოჯახი იღებს რეგულარულად (არაერთჯერადად); ო) „C3“ პუნქტის მე-12 გრაფაში – „რეინტეგრაციის შემწეობა“ – უნდა ჩაიწეროს რეინტეგრაციის შემწეობის წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები თანხა, რომელსაც იღებს ოჯახის შესაბამისი წევრი; პ) „C3“ პუნქტის მე-13 გრაფაში – „მინდობით აღზრდის ანაზღაურება“ – უნდა ჩაიწეროს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები ის ყოველთვიური თანხა, რომელსაც იღებს ოჯახი (ან ოჯახის წევრი) – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მინდობით აღზრდისთვის; ჟ) „C3“ პუნქტის მე-14 გრაფაში – „სხვა რეგულარული ფულადი შემოსავალი“ – უნდა ჩაიწეროს წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები ის ფულადი შემოსავალი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „C3“ პუნქტის სხვა რომელიმე გრაფით და აქვს არაერთჯერადი (რეგულარული) ხასიათი (მაგ. საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიღებული თანხა ან კერძო კომპანიისგან მიღებული თანხა); თუ შემოსავალი არის რეგულარული, მაგრამ მისი მიღება არ ხდება ყოველთვიურად, უნდა დაფიქსირდეს ამ შემოსავლის ერთ თვეზე დაანგარიშებული ოდენობა; ამ გრაფაში არ ფიქსირდება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ აღებული კრედიტი, სესხი ბანკიდან, ლომბარდიდან, ნაცნობ-მეგობრებისგან; რ) „C3“ პუნქტში შესაძლებელია ერთ პიროვნებაზე მიეთითოს ორი და მეტი სახის შემოსავალი. თუ ოჯახის რომელიმე წევრი იღებს ერთი და იმავე სახის შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან შესაბამის გრაფაში უნდა დაფიქსირდეს თანხის ჯამური ოდენობა. 6. დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები. მუხლი 9 1. დეკლარაციის „D“ ბლოკის ,,ოჯახის მიწა და სხვა ქონება“, „D1“ პუნქტის – „ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწას (იჯარით აღებულისა და უფასო სარგებლობის ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება ოჯახის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული (იჯარით, თხოვების ან სხვა ფორმით აღებულის ჩათვლით) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. 2. დეკლარაციის „D2“ პუნქტის – ,,ჩაწერეთ ოჯახის სარგებლობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის (იჯარით აღებულისა და უფასო სარგებლობის ჩათვლით) მთლიანი ფართობი” - შევსებისას, მონაცემები უნდა დაფიქსირდეს ჰექტრებში (ჰა). 3. დეკლარაციის „D3“ პუნქტის – ,,გყავთ თუ არა ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი” – დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში ივსება დეკლარაციის „D4“ პუნქტი – ,,რა რაოდენობის შინაური ცხოველი და ფრინველი გყავთ“ – სადაც შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს ოჯახის საკუთრებაში არსებული ზრდასრული (პროდუქტიული) შინაური ცხოველების/ფრინველების რაოდენობა. 4. დეკლარაციის „D5“ პუნქტში - „მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონების რომელ საგნებს ფლობს ოჯახი“ – ფიქსირდება, მხოლოდ მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონების (უცხოური (არასაბჭოთა) წარმოების მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი და/ან ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი) რაოდენობა, რომლითაც სარგებლობს (იჯარით, ქირით, საკუთრების ფორმით) ოჯახი, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ეს საგნები ოჯახის რომელიმე წევრზე. მუხლი 10 დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები. თუ ოჯახს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“. მუხლი 11 1. დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების სრულად შევსების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს შევსებულ დეკლარაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ დეკლარაციის ყველა საჭირო კითხვაზე შემოხაზულია შესაბამისი პასუხი და დამატებით გადამოწმდეს დეკლარაციის შევსების მართებულობა და სისრულე. 2. თუ შევსებული დეკლარაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნება არასწორად შემოხაზული ან ჩაწერილი პასუხი, რომელიც მექანიკურად დაუშვა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ან დაზუსტების მიზნით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ითხოვს უკვე შემოხაზული (ჩაწერილი) პასუხის სხვა პასუხით შეცვლას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გადახაზოს უკვე შემოხაზული პასუხი „X“ ნიშნით და ახლიდან შემოხაზოს/დააფიქსიროს სწორი პასუხი. ჩასწორებულ პასუხზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩასწორების შეტანა დასაშვებია, თუ ჩასწორება ხელს არ უშლის შემოხაზული (ჩაწერილი) მონაცემის (პასუხის) ერთგვაროვან გაგებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩასწორების გაკეთება სადაოს და გაუგებარს ხდის შეტანილ (ჩაწერილი) მონაცემს (პასუხს), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეავსოს ახალი დეკლარაცია. 4. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირს ეჭვი ეპარება, რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დეკლარირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას, იგი ვალდებულია შეეცადოს შეასწორებინოს ისინი დამატებითი კითხვებისა და მოყვანილი ფაქტების საშუალებით. თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ თანხმდება შესწორებაზე ან მიწოდებული ინფორმაციის შეცვლაზე, შეტანილი მონაცემები რჩება უცვლელი და დეკლარაციის „F2“ გრაფაში – „ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უთითებს აღნიშნული უზუსტობის შესახებ. 5. დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების შევსების დასრულების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციის ყველა შესაბამისი ფურცლის ბოლოს, რაც ადასტურებს შემდეგს: ა) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად, შეესაბამება სიმართლეს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე; ბ) თანხმობას, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები შეტანილ იქნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო. 6. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს და იბარებს „ოჯახის საინფორმაციო ფურცელს“, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. მუხლი 12 1. დეკლარაციის „F“ ბლოკში ,,სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ მოცემული გრაფები ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე. 2. „F1“ ,,ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება“ და „F2“ ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ პუნქტებით გათვალისწინებული ველების შესავსებად გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის წევრებისა და ბინის/სახლკარის მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ამ გრაფებში უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. 3. „F1“ პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკუთარი სუბიექტური შეფასების მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის; გ) ღარიბად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრებს საკუთარი შემოსავლებით შეუძლიათ მხოლოდ საკვების შეძენა, მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის სხვა აუცილებელი საგნებისა თუ მომსახურების შეძენას (მაგ.: ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ ისეთი აუცილებელი საგნების ყიდვა, როგორიცაა წამლები, სახელმძღვანელოები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა); დ) საშუალო შეძლების მქონედ შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა, რომელიც აუცილებელი მოთხოვნილებების გარდა, მეტნაკლებად იკმაყოფილებს სხვა დამატებით მოთხოვნილებასაც (მაგ.: შესაძლებელია ზოგჯერ მოიძებნოს შინამეურნეობაში საშუალება იმისა, რომ გაწეულ იქნას ხარჯები ოჯახის წევრის დასვენებაზე, სარემონტო სამუშაოებზე და სხვა); ე) მდიდრად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა, რომელიც მარტივად იკმაყოფილებს ყოველდღიურ და სხვა სამომხმარებლო მოთხოვნებს, აქვს საშუალება შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება ოჯახის წევრ(ებ)ის კომფორტისათვის; 4. დეკლარაციის „F2“ პუნქტში შემოიხაზება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შეფასების შესაძლო პასუხებიდან („სანდოა“, „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“) უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაფერისი პასუხი; ბ) თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი შეგნებულად მალავს სიმართლეს, მან უნდა შემოხაზოს პასუხი - „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“ და აღნიშნული დააზუსტოს ყველა შესაბამისი პასუხის კოდის შემოხაზვით (მაგ.: „მალავს შემოსავლებს“, „მალავს საცხოვრისს“, „არასწორად უთითებს წევრ(ებ)ის ფიზიკურ მდგომარეობას“ და ა.შ.). მუხლი 13 სააგენტოს უფლებამოსილი პირი დეკლარაციის ყველა ბლოკის შევსების შემდეგ შესაბამის გრაფაში აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს, ვიზიტის დაწყებისა და დასრულების დროს და ხელმოწერითა და პირადი ბეჭდით ადასტურებს დეკლარაციის შევსებას. თავი IV. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსების წესი მუხლი 14 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი; გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს, ან ვერ ხერხდება ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა; დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; ე) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; ვ) სხვა მიზეზი, რაც ხელს უშლის სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა–ნაგებობა). შეწყვეტის ოქმის გრაფა „სხვა მიზეზი“ ივსება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის შემოტანისას განმცხადებელი ან მისი ოჯახის წევრ(ებ)ი მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია სხვა, უკვე რეგისტრირებული ოჯახის შემადგენლობაში, რის გამოც დუბლირდება მონაცემები და ვერ ხერხდება სარეიტინგო ქულის დათვლა. 2. შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამი ვიზიტის განხორციელების შემდეგ ვერ შეძლებს ოჯახთან ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრას. ამ შემთხვევაში შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკის შესაბამისი გრაფა მოინიშნება მას შემდეგ, რაც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სრულად იქნება შევსებული შეწყვეტის ოქმის „B“ ბლოკი. ამ საფუძვლით შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) განხორციელებულ პირველ და მესამე ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები; ბ) შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღად უნდა მიეთითოს სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული მესამე ვიზიტის თარიღი; გ) შეწყვეტის ოქმში არ არის სავალდებულო მიეთითოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; დ) „B“ ბლოკის თითოეული გრაფის შევსებისას სასურველია ფიქსირდებოდეს იმ პირის მონაცემები (სახელი, გვარი, კავშირი ოჯახთან (მეზობელი, ნათესავი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა) და ხელმოწერა), რომელიც დაადასტურებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის ფაქტს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას. 6. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს არ გააჩნია ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთი (ან არსებულ საბუთში არ არის მითითებული პირადი ნომერი) დეკლარაციის შევსება ჩერდება და ოჯახს ეძლევა ერთთვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ შემთხვევაში სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ავსებს შეწყვეტის ოქმის „C“ ბლოკს, რომელშიც უთითებს ოჯახის შესაბამისი წევრ(ებ)ის სახელსა და გვარს, სვამს ვიზიტის თარიღსა და ოჯახის გაფრთხილების თაობაზე ხელს აწერინებს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს. 7. თუ ოჯახი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილ პირს ვერ წარმოუდგენს პირადობის დამადასტურებელ შესაბამის საბუთ(ებ)ს, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაასრულოს შეწყვეტის ოქმის შევსება, კერძოდ: ა) შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკში მიუთითოს შესაბამის მიზეზი (ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები); ბ) მიუთითოს შეწყვეტის ოქმის შევსების დასრულების თარიღი. ამასთან, შეწყვეტის ოქმის „C“ ბლოკის შევსების (გაფრთხილების) თარიღსა და შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. 8. სააგენტოს პასუხისმგებელი პირი შეწყვეტის ოქმის შევსებას ადასტურებს ხელმოწერით. შეწყვეტოს ოქმზე არ არის სავალდებულო ფიქსირდებოდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა. 9. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად. 10. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების შესახებ. თავი V. ოჯახის სარეიტინგო ქულის დაანგარიშება მუხლი 15 1. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. 2. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. თავი VI. ოჯახის დეკლარაციის შევსების სიზუსტის კონტროლი მუხლი 16 1. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს უფლებამოსილი პირი „F2“ კითხვაში ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ აფიქსირებს ოჯახის მხრიდან ფაქტების დამალვა-დამახინჯებას, შესაძლებელია ოჯახის დეკლარაციის განმეორებითი შევსება დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დეკლარაციის განმეორებითი შევსება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახის შესახებ დეკლარირებული სუბიექტური და დადგენილი ობიექტური ინფორმაციის ურთიერთშედარების შედეგად ფიქსირდება არსებითი განსხვავება. 3. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად პერიოდულად ხორციელდება შერჩევითი გადამოწმება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები