დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 512 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 10/11/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.120.000.05.001.001.586 |
საქართველოს კანონი
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წ.) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-9 პუნქტები:
„5. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე:
ა) რომლებიც ახორციელებენ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-10-მე-15, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებულ სამგზავრო გადაყვანას, გარდა ადგილობრივი სატაქსო გადაყვანისა, აგრეთვე მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო გადაზიდვებს;
ბ) რომლებიც ფლობენ 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის მქონე სატვირთო ავტომობილებს.
6. დაზღვევა შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობითი დაზღვევის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. 2004 წლის 13 სექტემბრამდე იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც განკუთვნილი არ არის სამგზავრო გადაყვანისათვის, ძალას ინარჩუნებენ მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი დაზღვევის ფორმით, დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-9 მუხლისა.
9. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ დაუზღვეველ ავტომოტოტრანსპორტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, რომლებიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას. სხვა შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება წარმოებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№512_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები