საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3976-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017869
3976-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 20/07/2015
090000000.05.001.017869
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 185-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

  „6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.

 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადა არ გამოიყენება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან/და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.“.

  2. 206-ე მუხლის:

  ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება ემყარება, და მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება.

  6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, განჩინებაში ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება განჩინება; მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსამართლე დარწმუნდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობაში; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; განჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).“;

  ბ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, რა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებია დასმული და მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.

  9. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება.“;

  გ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. სასამართლო აცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.  თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, მოსამართლე ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რატომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით აღკვეთის ღონისძიების მიზანი ვერ მიიღწეოდა.“.

  3. 207-ე მუხლის:

  ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.“;

  ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოიკვლია თუ არა ან შეაფასა თუ არა მან ამ კოდექსით დადგენილი წესით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

   5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას.“;

  გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. მოსამართლე აცხადებს გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს გამოტანილი განჩინების საფუძვლებს.“.

   4. 208-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 72 საათისა სასამართლო იწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვება. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.“.

  5. 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი;“.

  6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2301 მუხლი:

  „მუხლი 2301. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს

 1. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.

  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 225-ე მუხლის და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განსაზღვრული საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადა 2 თვეს აღემატება.“.

  7. 333-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები:

  „8. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა.

  9. ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3976-რს