„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4200-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.017910
4200-Iს
03/09/2015
ვებგვერდი, 10/09/2015
080090020.05.001.017910
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ უპასუხებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის/საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში;“.

2. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემს მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.“.

3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 სექტემბერი 2015 წ.

N4200-Iს