„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.060.05.001.001.789
  • Word
1346
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
010.190.060.05.001.001.789
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №008, 8.05.96, გვ.12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22

1. კომისიის დასკვნა, როგორც წესი, განიხილება პარლამენტის ღია სხდომაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის დასკვნის განსახილველად შეიძლება მოეწყოს დახურული სხდომა.

2. პარლამენტის გადაწყვეტილებით კომისია დასკვნასთან ერთად წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალას. თუ დასკვნას თან ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები, ღია სხდომის მოსაწყობად აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების პარლამენტის ღია სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.

3. დახურული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებს კომისიისა და წინასწარი გამოძიების მონაცემების, სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.“.

2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24

1. კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, წარმოადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

2. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით, – საქართველოს გენერალური პროკურორის ნებართვით, – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ადგილზე გაეცნოს წინასწარი გამოძიების სტადიაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.

3. კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით, გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის საქმის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

4. კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. კომისიას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.“.

3. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27

1. განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის შესახებ კომისიას უფლება აქვს დასვას საკითხი იმ სახელმწიფო ორგანოში ან თანამდებობის პირთან, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით – შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დააყენოს საკითხი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

2. საკითხის განხილვის შედეგებისა და მიღებულ ღონისძიებათა შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1346-Iს