საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.798
  • Word
1355
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
200.000.000.05.001.001.798
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან რომ მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს სასამართლოს ხარჯებს.“;

ბ) 22-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმოშობილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

გ) 23-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

2. მე-40 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული და სასამართლო წესით.“.

3. 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.“.

4. 81-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დავის განხილვის ფორმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში).“.

5. 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარდგენის ან სასამართლოში „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრების შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 150-ე მუხლით;

ბ) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაგებლის ან სარჩელის წარუდგენლობის შემთხვევაში, რაც განიხილება საგადასახადო ვალდებულების აღიარებად, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

6. 83-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „საგადასახადო მოთხოვნა“ და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ უქმდება, თუ მოთხოვნის წარმდგენმა უარი განაცხადა მასზე, ან თუ „საგადასახადო მოთხოვნაში“ მითითებული პირის ან „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარმდგენი პირის სარჩელის საფუძველზე მოთხოვნა ცნობილი იქნა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად.“.

7. 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლოს – გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასამართლოს აღმასრულებლებს – საგადასახადო დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.“.

8. 146-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია მისი გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მას უფლება აქვს დავის გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში იმავე ვადაში, რომელშიც მას აქვს გადაწყვეტილების ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრების უფლება.“;

გ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წერილობითი შეტყობინებით, თუ „საგადასახადო მოთხოვნის“ საპასუხოდ დავის დაწყებას აპირებს სასამართლოში გასაჩივრებით.“.

9. 147-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შესაგებელი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.“.

10. 149-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დავის გაგრძელების შემთხვევაში მისი გადაწყვეტის ფორმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ).“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაგებლის წარუდგენლობას უთანაბრდება ისეთი შესაგებლის წარდგენა, რომელშიც მითითებული არ არის დავის გადაწყვეტის ფორმა.“;

დ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 155-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასამართლოში, თუ მის შესაგებელში ასე იყო აღნიშნული.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

12. 157-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასამართლოში, თუ მის საჩივარში ასე იყო აღნიშნული (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

13. 160-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო.“.

14. XXI თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე კერძო არბიტრაჟების მიერ საგადასახადო დავების განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელდეს „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ამ დავების განხილვის პროცესში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.

2. საგადასახადო დავები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროს განიხილება საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი კერძო არბიტრაჟების მიერ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსჯადობის წესის შესაბამისად, განსახილველად გადაეცემა საერთო სასამართლოებს. სასამართლოში საგადასახადო დავის გაგრძელების შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები განაწილდება მხარეებს შორის – სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული (უარყოფილი) სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

    მუხლი 3

ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, მოამზადოს და არა უგვიანეს 2005 წლის 1 ივნისისა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს წინადადებები საგადასახადო დავების არბიტრაჟის წესით განხილვის პროცედურების სრულყოფისა და ეფექტიანი გამოყენების თაობაზე.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 აპრილი.

№1414–Iს