დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 927 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.001.698 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 28-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველყოფა სადაზღვევო პოლისით ან საბანკო გარანტიით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი დახურული ტიპის საბაჟო საწყობის საქმიანობისა). ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცეული საქონლის დახურული ტიპის საბაჟო საწყობში განთავსებისას საბაჟო ორგანოს წარედგინება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან იდება ფულადი დეპოზიტი ან შესაბამისი ქონებრივი იპოთეკა იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა მოცემული საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში;“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განცხადების განხილვისა და საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლებისა და გაუქმების წესი რეგულირდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ამასთან, დახურული ტიპის საბაჟო საწყობის დაარსების ნებართვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეტარტამენტი გასცემს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
2. 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საბაჟო გადასახდელის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები ამ გადამხდელის მიმართ ახორციელებენ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.“.
3. 75-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანოები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ თავის კონტროლს დაქვემდებარებულ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას, აგრეთვე საბაჟო გადასახდელების ადმინისტრირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის IV-VI კარებით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.“.
5. 165-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საბაჟო ორგანოებისათვის ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
6. 176-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 176. გარდამავალი დებულებანი
2006 წლის 1 იანვრამდე:
ა) საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-8 მუხლის „ე“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები. ამასთან, ამ საქონლის რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ 1 თვის ვადით, ხოლო საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევის დროს ეს საქონელი უნდა განთავსდეს მხოლოდ დახურული ტიპის საბაჟო საწყობში არა უმეტეს 3 თვისა;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის, ამ კოდექსის მე-8 მუხლის „გ“ და „ნ“ პუნქტებით გათვალისწინებულ საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად (რომელთა შედეგად ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები გადაკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს) საბაჟო ორგანოებში წარმოდგენილი უნდა იქნეს საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან უნდა დაიდოს ფულადი დეპოზიტი იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. აღნიშნული საქონლის საქართველოდან გატანისას უქმდება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი ან ბრუნდება ფულადი დეპოზიტი გატანილი საქონლის ოდენობის შესაბამისად. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცევის დროს, აღნიშნული საგარანტიო უზრუნველყოფის ფორმების გარდა, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ქონებრივი იპოთეკა იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა მოცემული საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად, რომლის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტით, საბაჟო ორგანოებში შესაძლებელია წარდგენილი იქნეს საქართველოს რკინიგზის მიერ გაცემული თავდებობა;
გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 99-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში იქნება სახელმწიფოს მიერ საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის შემთხვევაში;
დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით ელექტრონული საბუთის, ელექტრონული პასპორტისა და ელექტრონული ლუქისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში შედის სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნისთანავე;
ე) სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში ელექტრონული საბუთების შექმნისათვის დეკლარანტის მიერ და ელექტრონული ლუქის გაცემა-ექსპლუატაციისათვის საქონლის მფლობელის ან საბაჟო გადამზიდველის მიერ გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური;
ვ) ამ კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 137-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 25 ოქტომბრიდან;
ზ) აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე), გარდა უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმში მოქცეული თამბაქოს ნაწარმისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი
№927-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები