საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 27/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.552
  • Word
378
13/08/2004
სსმ, 25, 27/08/2004
090.000.000.05.001.001.552
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 44-ე მუხლის 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება) – ამ კანონის მიზნებისათვის არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, ან საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, შესაბამისად, სამოხელეო ან სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.“.

2. 123-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას – საგანს, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმისმწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმისმწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმისმწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. ასეთ შემთხვევაში თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საგანი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და მისი განკარგვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კანონის 123-ე მუხლის 11 ნაწილით დადგენილი წესი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 აგვისტო.

№378რს