„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016176
19
26/08/2016
ვებგვერდი, 30/08/2016
300380000.16.009.016176
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №19

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა)  მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განაწილების ლიცენზიატმა და მიმწოდებელმა საცალო მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცენ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი წერილობითი/ელექტრონული ფორმით პასუხის გაცემა, თუ ამ მოთხოვნაზე მოხდება სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ხელმოწერით.“ ;

ა.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).“;

ა.გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ   წესებში  მითითებული  ვადების  ათვლა  ხდება  იმავე  წესითა  და  პირობებით,  როგორც  ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.“;

ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან (მათ მიერ შესრულებული მომსახურების/სამუშაოს შესაბამისად), მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;

ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;

გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;

გ) ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ -  შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  სამუშაოების დაწყებამდე არა უმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც;

დ) ბუნებრივი გაზით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციის შედგენას), გათიშვის  ზუსტი  მიზეზისა  და  მომარაგების  აღდგენის  სავარაუდო დროის შესახებ -  შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე (დაუყოვნებლივ), მაგრამ არაგეგმური წყვეტის დასაწყისიდან (დაფიქსირებიდან) არაუგვიანეს 1 საათისა.

2. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილნი არიან, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბუნებრივი გაზით მომარაგების მომსახურებასთან.

3. მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა  – მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა -  მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;

გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.

5. როდესაც მომხმარებელი მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, მიმწოდებელი ან განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს აღნიშნული საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.“. 

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი)";

გ.ბ) მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე.

14. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, მისცეს მითითება განაწილების ლიცენზიატს საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. როდესაც მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, შესაბამისად მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).“;

დ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი  ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.“;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).“;

ვ) მე-10 მუხლის:

ვ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მისცეს მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ.“;

ვ.ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.გ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

„21. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან დავალიანების  ეტაპობრივი  გადახდის  გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 3 საათისა, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.“.

ზ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან აწარმოონ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან შეინახონ:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში  მონაცემების ასახვა)  არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.“.

თ)  მე-15 მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო  სამუშაოების  შესახებ.  მომხმარებლის ინფორმირება  უნდა მოხდეს   სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი  სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება  შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე პუნქტში მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება. “.

თ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს არაგეგმური წყვეტის აღმოფხვრა არაუმეტეს 6 საათის ვადაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს მარტივი სამუშაოების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა შესაბამის თვითმმართველ ერთეულში  არსებულ  მომხმარებელთა  2  პროცენტზე  მეტს, მაგრამ  არანაკლებ  100  მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ი) მე-18 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაარეგისტრიროს პირი აბონენტად და განახორციელოს, ამ წესებით გაზმომარაგებასთან დაკავშირებით, განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ყველა საჭირო მოქმედება, აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.

ი.ბ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);“

ი.გ) მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე.

16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება.“.

კ) 191 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);

ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);

გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.“.

ლ) 33-ე მუხლის:

ლ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ბ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები;“.

ლ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 31 აგვისტოდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი