„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016171
14
26/08/2016
ვებგვერდი, 30/08/2016
300280000.16.009.016171
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №14

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  №20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., № 140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განაწილების ლიცენზიატმა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცენ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.  მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი წერილობითი/ელექტრონული ფორმით პასუხის გაცემა, თუ ამ მოთხოვნაზე მოხდება სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ხელმოწერით.“;

ა.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ   წესებში  მითითებული  ვადების  ათვლა  ხდება  იმავე  წესითა  და  პირობებით,  როგორც  ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.“;

ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31.  ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე მაინც;

ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის შესახებ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;

გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;

გ) ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ   შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  სამუშაოების დაწყებამდე არა უმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც;

დ) ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციის შედგენას), გათიშვის  ზუსტი  მიზეზისა  და  მომარაგების  აღდგენის  სავარაუდო დროის შესახებ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე (დაუყოვნებლივ), მაგრამ არაგეგმური წყვეტის დასაწყისიდან (დაფიქსირებიდან) არაუგვიანეს 1 საათისა.

2. განაწილების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ელექტროენერგიით მომარაგების მომსახურებასთან.

3. განაწილების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა  განაწილების  ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა   განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;

გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.

5. როდესაც მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);“;

გ.ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე.

16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. როდესაც  განაწილების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).“;

დ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი  ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.“;

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება.“;

ე.ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა განაწილების ლიცენზიანტმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან განაწილების ლიცენზიატსა  და  მოხმარებელს  შორის  დავალიანების  ეტაპობრივი  გადახდის  გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 3 საათისა, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.“;

ვ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული  პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში  მონაცემების ასახვა)  არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.“;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო  სამუშაოების  შესახებ.  მომხმარებლის ინფორმირება  უნდა მოხდეს   სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი  სამუშაოების შედეგად მომარაგება  უწყდება  შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე პუნქტში მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.“;

ზ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს არაგეგმური წყვეტის აღმოფხვრა არაუმეტეს 6 საათის ვადაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს მარტივი სამუშაოების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა შესაბამის თვითმმართველ ერთეულში  არსებულ  მომხმარებელთა  2  პროცენტზე  მეტს, მაგრამ  არანაკლებ  100  მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

თ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;“;

ი) 261 მუხლის:

ი.ა) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო  სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:

ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;

გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით  მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.“;

ი.ბ) მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესების დანართით №6 განსაზღვრულ ვადაში.“;

ი.გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური განისაზღვრება დანართით №6 (განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების მიხედვით) და მას წინასწარ ანაზღაურებს ახალი მომხმარებელი. ამასთან, ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასური“ შემცირდება - განახევრდება.“;

კ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა

1. მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს განაწილების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.

2. „საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

5. თუ 0,4 კვ (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური, რომელსაც აკლდება ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;

ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:

ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე;

ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას – მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია  მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პარამეტრებზე, ამ წესების დანართით №4 შეთავაზებულ პაკეტზე.

7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 261 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №6 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

8. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.

9. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 31 აგვისტოდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია