„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016174
17
26/08/2016
ვებგვერდი, 30/08/2016
400020010.16.009.016174
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №17

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა)  მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი წერილობითი/ელექტრონული ფორმით პასუხის გაცემა, თუ ამ მოთხოვნაზე მოხდება სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ხელმოწერით.“;

ა.ბ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ   წესებში  მითითებული  ვადების  ათვლა  ხდება  იმავე  წესითა  და  პირობებით,  როგორც  ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.“;

ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება

1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ – მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;

ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;

გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე;

დ) სასმელი წყლით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს  სამუშაოების დაწყებამდე არა უმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც;

ე) სასმელი წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციის შედგენას), გათიშვის  ზუსტი  მიზეზისა  და  მომარაგების აღდგენის  სავარაუდო დროის შესახებ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე (დაუყოვნებლივ), მაგრამ არაგეგმური წყვეტის დასაწყისიდან (დაფიქსირებიდან) არაუგვიანეს 1 საათისა.

2. წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია წყალმომარაგების საქმიანობასთან.

3. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. ამ წესების მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.

4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა  – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა -  წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;

გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.

5. როდესაც მომხმარებელი წყალმომარაგების ლიცენზიატს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს აღნიშნული საკონტაქტო მონაცემების მიწოდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურე საწარმოებისთვის (სადაც იგი რეგისტრირებულია მომხმარებლად და გააჩნია შესაბამისი აბონენტის ნომერი). ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობა შეიძლება შესრულდეს, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის აშკარა და არაორაზროვანი დადასტურების შემთხვევაში.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);“;

გ.ბ) მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. მომხმარებელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე.

15. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. როდესაც  წყალმომარაგების ლიცენზიატის  მიერ  ამ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, ამ წესების მიზნებისთვის, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით  შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან (ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან).“.

დ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი  ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს.“;

ე) მე-9 მუხლის:

ე.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს სასმელი წყლით მომარაგება.“;

ე.ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა  და  მოხმარებელს  შორის  დავალიანების  ეტაპობრივი  გადახდის  გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 3 საათისა, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.“.

ვ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. წყალმომარაგების და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული  პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.

3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს:

ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში;

ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში  მონაცემების ასახვა)  – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.“.

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო  სამუშაოების  შესახებ.  მომხმარებლის ინფორმირება  უნდა მოხდეს   სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი  სამუშაოების შედეგად მომარაგება  უწყდება  შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წინამდებარე პუნქტში მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში უნდა მოხდეს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.“;

ზ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს არაგეგმური წყვეტის აღმოფხვრა არაუმეტეს 6 საათის ვადაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს მარტივი სამუშაოების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტრონული ფორმის ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა შესაბამის თვითმმართველ ერთეულში  არსებულ  მომხმარებელთა  2  პროცენტზე  მეტს, მაგრამ  არანაკლებ  100  მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში წყალმომარაგების ლიცენზიატმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

თ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), სასმელი წყლით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) ჟურნალის ჩანაწერები;“;

ი) 181 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);

ბ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);

გ) კომისიას ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის 31 აგვისტოდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია