„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017312
58/ნ
23/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
430030000.22.022.017312
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №58/ნ

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი

 

პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება

თავი I
ზოგადი დებულებანი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება (შემდგომში − დებულება) არეგულირებს პროფესიული ტესტირების (შემდგომში − ტესტირება) ჩატარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აპლიკანტი − პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს ან/და რომელიც პროფესიულ ტესტირებაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) დაწესებულება – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) ექსპერტთა გუნდი/გუნდები − სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასების მიზნით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი არანაკლებ 3 ექსპერტისაგან შემდგარი გუნდი;

დ) მოსაწვევი – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში მართვის სისტემა) მიერ გაცემული ბარათი, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი დაიშვება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალი – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე, აპლიკანტის მიერ „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების ჩამონათვალი, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალი − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის ტესტირებაზე, ერთი დაწესებულების მიერ განხორციელებული, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში, სარეგისტრაციო განცხადებაში აპლიკანტის მიერ პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურების ჩამონათვალი, რომელზეც/რომლებზეც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება;

ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაცია − პროცედურა, რომელიც მოიცავს აპლიკანტისათვის, მისი ინტერესების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შერჩევაში დახმარების გაწევას;

თ) რესურსცენტრი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო − საგანმანთლებლო რესურსცენტრი;

ი) საგამოცდო ცენტრი − ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების − საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობაში განთავსებული ადგილი, სადაც წარიმართება  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პირველადი საფეხურის  ტესტირება;

კ) საგანი/საგანთა ჯგუფი − ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგანი/საგნები, რომელთა ჩაბარება პროფესიული უნარების ტესტთან ერთად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;

ლ) საგნის/საგნების  საგამოცდო პროგრამა − საკითხთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც იქმნება საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტი და რომელიც არ სცილდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

მ) საპრეტენზიო კომისია –  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით შექმნილი დროებითი ორგანო;

ნ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი −  ინტელექტუალური და განვითარების დარღვევის, სენსორული (სმენისა და მხედველობის) ან/და ქცევითი და ემოციური აშლილობის ან/და  ფიზიკური შეზღუდვის მქონე აპლიკანტი;

ო) პროფესიული უნარების ტესტი − „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის  შესაბამისი უნარების შესაფასებელი დავალებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ამა თუ იმ მიმართულების შესაბამისი საფეხურისათვის მნიშვნელოვანი უნარების შეფასება (მაგ.: მექანიკური, საკანცელარიო და სივრცითი უნარები) და რომლის ჩაბარებაც საგანთან/საგანთა ჯგუფთან ერთად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;

პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხური − პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გათვალისწინებული საწყისი საფეხური;

ჟ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხური − პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გათვალისწინებული საფეხურები (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურისა).


მუხლი 3. ტესტირების ჩატარების მიზანი
ტესტირების ჩატარების მიზანია:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელ უნარებთან.


მუხლი 4. ტესტირების ენა
1. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე, აპლიკანტის მიერ მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი სარეგისტრაციო განაცხადში ტესტირების ენად მიუთითებს რუსულ ენას, იგი არ არის უფლებამოსილი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ენად ჩააბაროს რუსული ენა.


მუხლი 5. ტესტირების სამართლებრივი შედეგები
1.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.

2. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.

3. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურებზე.


თავი II
ტესტირება

მუხლი 6. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკმაყოფილებს შესაბამისი პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით  პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე   დადგენილ დამატებით მოთხოვნებს და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე.


მუხლი 7. პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია პროფესიული უნარების ტესტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნის/საგანთა ჯგუფის ჩაბარება.

2. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისად, ტესტირება წესდება შემდეგ საგანში/საგნებში:

ა) ქართული ენა;

ბ) მათემატიკა;

გ) შემდეგი უცხოური ენებიდან ერთ-ერთში:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) რუსული ენა;

გ.დ) ფრანგული ენა;

დ) ისტორია;

ე) გეოგრაფია;

ვ) ფიზიკა;

ზ) ქიმია;

თ) ბიოლოგია;

ი) ხელოვნება.

4. თუ პროფესიული უნარების ტესტთან ერთად განისაზღვრა „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის სპეციალობის  შესაბამისი საგანთა ჯგუფი, აპლიკანტი აბარებს ამ საგანთა ჯგუფში შემავალ ყველა საგანს.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურისათვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აპლიკანტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.


მუხლი 8. ტესტირების ჩატარების ფორმა
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების ფორმას და ტესტირების შინაარსს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 


მუხლი 9. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, ტესტირების ჩაბარებამდე შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის გავლის სავალდებულოობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება.

3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ტესტირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, გაუგზავნოს მართვის სისტემას. კონკურსის შედეგების შესახებ მართვის სისტემას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) პირველადი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პროფესიული სპეციალიზაციის კოდი;

ბ) პირველადი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;

გ) აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;

დ) კონკურსზე მიღებული ქულა;

ე) მართვის სისტემის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.


მუხლი 10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, პირველად საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ტესტირების ჩაბარებამდე უნდა გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, აპლიკანტი ვალდებულია გაიაროს დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსი და მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაში. აპლიკანტის ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.

3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე გაუგზავნოს მართვის სისტემას. კონკურსის შედეგების შესახებ მართვის სისტემას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა)  პირველადი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სპეციალიზაციის კოდი;

ბ) პირველადი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და ინფორმაცია მისი განხორციელების თავისებურების შესახებ;

გ) აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;

დ) კონკურსზე მიღებული ქულა;

ე) მართვის სისტემის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის განსაზღვრისას, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, არ ვრცელდება ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი.


მუხლი 11. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი და შემდგომი საფეხურის  ტესტირების კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე აპლიკანტთა რეგისტრაციასა და საგამოცო ცენტრების მიხედვით განაწილებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებებისა და რესურსცენტრების მეშვეობით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პირველადი საფეხურის  ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, უზრუნველყოფს ცენტრი.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს დაწესებულება ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის წესი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების ჩატარებისათვის სხვა აუცილებელი პირობები.


თავი III
ტესტირების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი

მუხლი 12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დაგეგმვა და ჩატარება
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, სამინისტრო:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით ასახავს ამ დებულების მე-40 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ, ხოლო ამ დებულების მე-40 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ახორციელებს საგამოცდო ცენტრების მონიტორინგს;

გ) ცენტრის წარდგინებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარების განრიგს;

დ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ წარდგენილი საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამის/პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენასა და დამტკიცებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო:

ა) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით მართვის სისტემა:

ა) ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;

გ) ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე უზრუნველყოფს ცენტრისთვის აპლიკანტების რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდებას, მათ შორის მონაცემებს იმ აპლიკანტთა შესახებ, რომლებსაც ტესტირებისთვის ესაჭიროებათ განსხვავებული გარემო (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების პროცესში, საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;

ე) უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრების შერჩევას და საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტთა განაწილებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებისთვის სხვადასხვა სირთულის დავალებების შემუშავებას;

ბ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს საცდელი ტესტირების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და დავალებებზე სამუშაო დრო;

დ) უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს  ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების განრიგს; ე) მართვის სისტემის მიერ მიწოდებული ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ტესტირებისთვის ადამიანური რესურსის მობილიზებასა და ტესტირების ჩატარებისთვის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხორციელებას;

ვ) ატარებს ტესტირებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, დაწესებულება:

ა) სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ამ პროგრამებზე მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ, ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით;

ბ)უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში;

გ) ხელს უწყობს ცენტრს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარებაში;

დ) ვალდებულია  გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და შეასრულოს მართვის სისტემის, ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მითითებები;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:

ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციას;

ბ) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალი ის იურიდიული პირი, რომელშიც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი:

ა) ვალდებულია სამინისტროს/მართვის სისტემის მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;

ბ) ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს მართვის სისტემისა და ცენტრის თანამშრომლების მითითებები;

გ) ვალდებულია გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და შეასრულოს ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მითითებები;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების პერიოდში ვალდებულია დაიცვას საგამოცდო ცენტრში წესრიგი და არ დაუშვას ტესტირებისთვის გამოყოფილ შენობაში/შენობის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრისა და სამინისტროს მიერ მივლინებული პირებისა;

ე) ვალდებულია დაიცვას და არ დააზიანოს საგამოცდო ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განთავსებული ქონება;

ვ) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს, ცენტრისა და მართვის სისტემის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომელიც ინახება და გამოიყენება საგამოცდო ცენტრში;

ზ) ვალდებულია ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი ტესტირებების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;

თ) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს/მართვის სისტემის/ცენტრის კონკრეტული მითითებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

ი) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 13. დაწესებულების მიერ აპლიკანტების მიღების გამოცხადება
1. დაწესებულება სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღები აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე/საფეხურებზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) დაწესებულების საფოსტო მისამართი;

გ) დაწესებულების ტელეფონი (ელ. ფოსტის მისამართი);

დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე)  პირველადი და შემდგომი საფეხურის/ საფეხურების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც მოხდება აპლიკანტების მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა (არანაკლებ 5-ისა);

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით;

ზ) ინფორმაცია კონკურსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში;

თ) მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5. დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი/შემდგომი საფეხურის  ტესტირების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეავსებს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამას.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას.

7. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების  რაოდენობის გაანგარიშება ხდება დაწესებულების ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში ამ პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღებ/მიღებულ და დამამთავრებელ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.

8. მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის საფუძველზე, მართვის სისტემა ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას.

9. მართვის სისტემა სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე. განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პირველადი საფეხურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება და ასევე საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და შემდგომი საფეხურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.


მუხლი 14. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში  კონსულტაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი (შემდგომში სარეგისტრაციო ცენტრი) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში სთავაზობს აპლიკანტს  პირველადი საფეხურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირებაზე, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, სარეგისტრაციო ცენტრი ერთი დაწესებულების მიერ განხორციელებული, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში, სთავაზობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი.


მუხლი 15. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე რეგისტრაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე რეგისტრაციისათვის აპლიკანტი გადის ავტორიზაციას  სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს სარეგისტრაციო ცენტრს, რომელიც რეგისტრაციას ახორციელებს ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.   

3. აპლიკანტს ან სარეგისტრაციო ცენტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის პირადი ნომერი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

გ) აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება; აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც განსაზღვრულია საერთო ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი. აპლიკანტს უფლება აქვს ტესტირებაზე ჩააბაროს პროფესიული უნარების მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი;

ე) აპლიკანტის მიერ არჩეული ტესტირების ენა. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს ტესტირების მხოლოდ ერთი ენა;

ვ) აპლიკანტის მიერ ჩასაბარებელი უცხოური ენა. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა;

ზ) ინფორმააცია აპლიკანტისთვის ადაპტირებული გარემოს/საჭიროების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) მართვის სისტემისა და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4. აპლიკანტის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით, ხოლო სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება როგორც ერთჯერადი კოდის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე გაგზავნით, ასევე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელზეც ელექტრონულად დაიტანება სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის  მონაცემები (სახელი და გვარი) და გადაეცემა აპლიკანტს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, აპლიკანტს ელექტრონულ განაცხადში ცვლილების განხორციელება შეუძლია სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით ან ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.  

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში სარეგისტრაციო ცენტრს ცვლილების განხორციელების უფლება აქვს აპლიკანტის მიმართვის შემთხვევაში, შემდეგი წესის დაცვით:

ა) აპლიკანტს უნდა მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი კოდი და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს ერთჯერადი კოდის მეშვეობით;

ბ) მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელება დაადასტუროს ახალი ამონაბეჭდითა და გადასცეს აპლიკანტს;

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია ამ დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართვის სისტემა იტოვებს შესაძლებლობას აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.


მუხლი 16. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირებაზე რეგისტრაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირებაზე აპლიკანტი რეგისტრირდება სარეგისტრაციო ცენტრში.

2. სარეგისტრაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. სარეგისტრაციო ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს მართვის სისტემის  სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) აპლიკანტის მიერ დაძლეული ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური;

დ) აპლიკანტის მიერ მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება.

4. სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მართვის სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელზეც ელექტრონულად დაიტანება სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის  მონაცემები (სახელი და გვარი) და გადაეცემა აპლიკანტს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში სარეგისტრაციო ცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.


მუხლი 17. მონაცემთა ბაზა და მოსაწვევები
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემა, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზე ხდება ტესტირების დაგეგმვა.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვის მიზნით, მართვის სისტემა რეგისტრაციის დასრულებიდან ორი დღის ვადაში, ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრების შესაბამისად აპლიკანტთა განაწილებას. ამ მიზნით:

ა) მართვის სისტემა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის, აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტის და  საგნის/საგანთა ჯგუფის შესახებ;

ბ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცენტრის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მართვის სისტემას წარუდგენს ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების მიხედვით აპლიკანტთა რაოდენობის განაწილების შესახებ.

3. აპლიკანტის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ თითოეულ აპლიკანტზე, რომელმაც ამ დებულებით დადგენილი პროცედურებით გაიარა რეგისტრაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაზე, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც აბარებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებას, პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და  საგანი/საგანთა ჯგუფი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების ჩატარების თარიღები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;

4. აპლიკანტების თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღისა, ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემა ცენტრს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ფორმით) აწვდის აპლიკანტთა განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები).

5. მართვის სისტემა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.


მუხლი 18. ტესტირების ჩატარების დრო
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ − გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

2. ფორსმაჟორის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო მართვის სისტემის/ცენტრის ბრალეულობით ან სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ − გაზაფხულზე და შემოდგომაზე, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.


თავი IV
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების პროცესი

მუხლი 19. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების მიმდინარეობა
1. აპლიკანტმა მოსაწვევში მითითებულ დაწესებულებაში ტესტირებაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას აპლიკანტი ვალდებულია წარადგინოს დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მართვის სისტემის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  დადგენილი პროცედურით.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს, პროფესიული უნარების ტესტის/საგნის/საგნების შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.


მუხლი 20. აპლიკანტის უფლებები და ვალდებულებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებისას
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩაბარების მიზნით, აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ დებულების  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში/მართვის სისტემაში ან/და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით თუ არა.

5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დროს აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, ცენტრის წინასწარი თანხმობით.

6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დროს აპლიკანტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.

7. ცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო აღჭურვილობის მეშვეობით.


მუხლი 21. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დროს წესის დარღვევა
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დროს აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ დებულების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აპლიკანტი იხსნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.


მუხლი 22. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების პროცესზე დასწრება
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ ცენტრის თანამშრომელთა, სამინისტროს უფლებამოსილ დამკვირვებელთა და იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების მიმდინარეობას, მათ ეკრძალება ტესტირების შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

  


თავი V
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა

მუხლი 23. საპრეტენზიო კომისია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. საპრეტენზიო კომისია იხილავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.


მუხლი 24. საპრეტენზიო კომისიის რეგლამენტი
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომაზე მიიღება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

6. საპრეტენზიო კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს საპრეტენზიო კომისიის ერთ-ერთი წევრი.


მუხლი 25. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აპლიკანტი უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადი შეიტანოს საგამოცდო ცენტრის შენობაში ტესტირების დღეს, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.

2. პრეტენზიის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას ტესტირების სხვა მონაწილის მიერ;

ბ) სხვა აპლიკანტის მიმართ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა აპლიკანტების მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ.).

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აპლიკანტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

ბ) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე.

5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აპლიკანტს.


თავი VI
ტესტირების საბოლოო შედეგები და დაწესებულებაში ჩარიცხვა

მუხლი 26. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლა
1. ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დასრულებიდან 5 დღის ვადაში, მართვის სისტემას წარუდგენს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების შედეგებს. ასევე,  ინფორმაციას იმ აპლიკანტების შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდნენ, გამოცხადდნენ, მაგრამ არ დაასრულეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირება ან მოიხსნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებიდან, რომელთა მონაცემები არ იქნება გათვალისწინებული ცენტრისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით მიწოდებულ ინფორმაციაში.

2. მართვის სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების შედეგებს ასახავს მართვის სისტემის სპეციალური პროგრამაში. ამ შედეგების ასახვის შემდგომ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალი, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან მომდევნო სამუშაო დღეს, მართვის სისტემა ცენტრს წარუდგენს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახულ სრულ ინფორმაციას, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების საბოლოო რეიტინგულ ჩამონათვალსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის მისაღები ადგილების რაოდენობას ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას.


მუხლი 27. საბოლოო შედეგები
1. ცენტრი, ამ დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 7 დღის ვადაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტების განაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინების საფუძველზე.

3. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაში აპლიკანტის მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით.

4. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

5. ცენტრის მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი დამოწმებული უნდა იქნეს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. ცენტრი 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს რანჟირების ამ დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის და მართვის სისტემისათვის.

6. მართვის სისტემა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის მიღებიდან 3 დღეში, უზრუნველყოფს რანჟირების დოკუმენტში ასახულ აპლიკანტთა მონაცემების შეტანას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

7. დაწესებულების ხელმძღვანელი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების დასრულებიდან 10 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინებით  ქმნის და მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით მართვის სისტემას შესათანხმებლად წარუდგენს  რანჟირების დოკუმენტს. მართვის სისტემა რანჟირების დოკუმენტის წარდგენიდან 5 დღის ვადაში ამოწმებს რანჟირების დოკუმენტის სისწორეს.  მართვის სისტემის თანხმობის მიღების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს.

8. დაწესებულების მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი დამოწმებული უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით.

9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი/შემდგომი საფეხურის ტესტირების ან/და კონკურსის შედეგების საფუძველზე, თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად ჩასაბარებელ საგნებში/დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტს.


მუხლი 28. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაში მიღებული ქულების მოქმედების ვადა
1. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტირების საფუძველზე ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე უფლება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.

2. ქულის შენახვის მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაზე აპლიკანტი რეგისტრირდება ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი წესით.

3. აპლიკანტი/სარეგისტრაციო ცენტრი, აპლიკანტის ქულის შენახვის მიზნით ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრაციასთან ერთად ავსებს ელექტრონულ განაცხადს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი;

ბ) აპლიკანტის გვარი;

გ) აპლიკანტის პირადი ნომერი;

დ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ე) მართვის სისტემისა და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის შევსების შემთხვევაში, მონაცემები მომენტალურად აისახება მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში.

5. აპლიკანტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირებაზე ამ დებულებით დადგენილი წესით და სცადოს გააუმჯობესოს წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე ადრე მიღებული შედეგები.


მუხლი 29. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვა
1. დაწესებულების ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 27-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან (ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან) აპლიკანტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, დაწესებულების მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ აპლიკანტის ჩარიცხვის შემთხვევაში, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით, დაწესებულება ვალდებულია ამ პირთათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით.

4. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში ასახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.


მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვა, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების  უფლების მქონე პროფესიული სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია
1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  ტესტირების შედეგად ჩაირიცხება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც ჩაირიცხა და სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს, პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის შემდგომი ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.


მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვა, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია
1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის  ტესტირების შედეგად ჩაირიცხება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც ჩაირიცხა და სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლონ შიდა მობილობით მათ მიერ ჩაბარებული გამოცდის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე;

გ) შეიჩერონ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნონ მათ მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის შემდგომი ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.


მუხლი 32. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის გაგრძელება
1. ამ დებულების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტი, ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ა) სწავლა განაგრძოს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას  პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი ტესტირების ფარგლებში ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა არ მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

3. ამ დებულების 29-ე მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის მიერ ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.


თავი VII
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირება

 


მუხლი 33. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაში მონაწილეობის უფლება
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აპლიკანტს წარმოეშობა ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 34. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაზე რეგისტრაციას, ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განხორციელებასა და ტესტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო, მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით.

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციის მიზნით, მართვის სისტემა:

ა) უზრუნველყოფს დაწესებულების კომპიუტერული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) სამინისტროს მიერ მიწოდებული ფორმატის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტესტირებაში მონაწილე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;

გ) უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ვალდებულია სამინისტროს  მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი და სათანადო ადამიანური რესურსი;

ე) ვალდებულია ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მითითებები;

ვ) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს კონკრეტული მითითებები ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

ზ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ტესტირების ჩატარებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:

ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 35. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ეტაპები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) რეგისტრაცია;

ბ) ექპერტთა გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება;

გ) ტესტირება;

დ) დაწესებულებაში ჩარიცხვა.


მუხლი 36. ექსპერტთა გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასების მიზნით, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის არანაკლებ 3 ექსპერტისაგან შემდგარ ექსპერტთა გუნდს/გუნდებს;

2. ექსპერტთა გუნდი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია მისი მშობლის/კანონიერ წარმომადგენლის) წარმომადგენლის მიმართვიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასებასა და აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ დასკვნის მომზადებას.


მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაზე რეგისტრაციისათვის გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს სარეგისტრაციო ცენტრს, რომელიც რეგისტრაციას ახორციელებს ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. რეგისტრაციისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის გაწევის მიზნით, სარეგისტრაციო ცენტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს ან სარეგისტრაციო ცენტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის პირადი ნომერი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები (არაუმეტეს სამისა), სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობა - სპეციალურ გრაფაში.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის დასრულებისთანავე ეცნობება, ხოლო სარეგისტრაციო ცენტრი ვალდებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს განუმარტოს ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში წარდგენის აუცილებლობა, სადაც მას უნდა სწავლა.

6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით, ხოლო სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება როგორც ერთჯერადი კოდის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე გაგზავნით, ასევე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელზეც ელექტრონულად დაიტანება სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის მონაცემები (სახელი და გვარი) და გადაეცემა აპლიკანტს. ამონაბეჭდში ასევე მიეთითება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს განაცხადში ცვლილების განხორციელება შეუძლია სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით ან მიმართვის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ცენტრის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო ცენტრს, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელების უფლება აქვს შემდეგი წესის დაცვით:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს უნდა მოსთხოვოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი უნიკალური კოდი და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს ერთჯერადი უნიკალური კოდის მეშვეობით;

ბ) მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელება დაადასტუროს ახალი ამონაბეჭდითა და გადასცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სტატუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, სადაც უნდა სწავლა, წარადგენს:

ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნას, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროება, დამოწმებულს ექსპერტთა გუნდის მინიმუმ სამი წევრის ხელმოწერით;

ბ) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;

გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:

გ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);

გ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობას (მხედველობის დარღვევისას);

დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მიმდინარეობისას მართვის სისტემა უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა შესახებ მონაცემთა ბაზებზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წვდომას.


მუხლი 38. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურის ტესტირებაზე რეგისტრირდება სარეგისტრაციო ცენტრში.

2. სარეგისტრაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. რეგისტრაციისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის გაწევის მიზნით, სარეგისტრაციო ცენტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი.

4. სარეგისტრაციო  ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) აპლიკანტის მიერ დაძლეული ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური;

დ) აპლიკანტის მიერ მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობა სპეციალურ გრაფაში;

ვ) იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება (არაუმეტეს სამისა).

5. სარეგისტრაციო ცენტრი ვალდებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს  განუმარტოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში წარმოდგენის აუცილებლობა, სადაც მას უნდა სწავლა.

6. სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მართვის სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელშიც მიეთითება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და რომელიც გადაეცემა აპლიკანტს.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში სარეგისტრაციო ცენტრის მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სტატუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, სადაც უნდა სწავლა, წარადგენს:

ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნას, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროება, დამოწმებულს  ექსპერტთა  გუნდის მინიმუმ სამი  წევრის ხელმოწერით;

ბ) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;

გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:

გ.ა)  აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);

გ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობას (მხედველობის დარღვევისას);

დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის  დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა  სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ექსპერტთა გუნდის მიერ შეფასებული არ არის ან/და  სწავლას აგრძელებს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

11. აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მიმდინარეობისას მართვის სისტემა, უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურებზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზებზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წვდომას.


მუხლი 39. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საგამოცდო ცენტრებში განაწილება
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საგამოცდო ცენტრებში განაწილების მიზნით, რეგისტრაციის დასრულებიდან  5 დღის ვადაში, მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელშიც განთავსდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის საგამოცდო ცენტრები;

ბ) დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების მონაცემებზე დაყრდნობით, ანაწილებს მათ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო ცენტრებში.

2. დაწესებულება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის.


მუხლი 40. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება და შედეგები
1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების განრიგს და ადგენს ტესტირების მაქსიმალურ ხანგრძლივობას.

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება მოიცავს მათ მიერ შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი/შემდგომი  საფეხურის შესატყვისი აქტივობების პრაქტიკულ მოსინჯვას.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების უზრუნველსაყოფად, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს საგამოცდო კომისიის/კომისიების შექმნას.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე, მის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურის შესაბამისი თითოეული აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისიის მიერ ფასდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირებისას გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების, ექსპერტთა გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას (შემდგომში − რეკომენდაცია) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი/შემდგომი საფეხურისათვის ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ რეკომენდაციის შემუშავებისას კომისია მხედველობაში იღებს აპლიკანტის რეგისტრაციის დროს (თვე, რიცხვი, საათი, წუთი, წამი).

7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი ან შემდგომი საფეხურის შესაბამისი აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას მიღებული შეფასება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ წარდგენილი ამ დებულების 37-ე მუხლის მე-10 პუნქტით და 38-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ანალიზთან და რეკომენდაციასთან ერთად, ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 7 დღის ვადაში, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურებზე გადანაწილების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა გადანაწილებას დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად ან შემდგომ საფეხურებზე ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად ან შემდგომ საფეხურებზე გადანაწილების მიზნით, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

10. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ხელმისაწვდომობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისა და დაწესებულებისათვის ასლის გადაგზავნის გზით.


მუხლი 41. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ  საფეხურზე ჩარიცხვა
1. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების მე-40 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების მე-40 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე სწავლის დაწყებამდე,  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე და აფორმებს ხელშეკრულებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან).

3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები, დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, შეაქვს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.


თავი VIII
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 42. გარდამავალი დებულებანი
ეს დებულება გავრცელდეს 2013 წლის 24 ივლისიდან, სამინისტროს, ცენტრის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და დაწესებულების მიერ 2013 წლის შემოდგომის ტესტირებისათვის ტესტების მომზადებისა და რეგისტრაციის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებზე.