საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა ეკრანულ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 87/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) (90/270/EEC)

საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა ეკრანულ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 87/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) (90/270/EEC)
დოკუმენტის ნომერი 87/391/EEС
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 29/05/1990
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
87/391/EEС
29/05/1990
ვებგვერდი, 29/03/2017
საბჭოს 1990 წლის 29 მაისის დირექტივა ეკრანულ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 87/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) (90/270/EEC)
ევროპის გაერთიანებების საბჭო

საბჭოს 1990 წლის 29 მაისის

დირექტივა

ეკრანულ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 87/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში)

(90/270/EEC)

ევროპის გაერთიანებების საბჭომ,

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 118-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების1 გათვალისწინებით, რომელიც შედგენილია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან შეთანხმებით,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით,2

ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა ევროპული კომიტეტის მოსაზრების3 გათვალისწინებით,

ვინაიდან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 118a-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საბჭომ, დირექტივების მეშვეობით უნდა მიიღოს გაუმჯობესების, განსაკუთრებით სამუშაო გარემოსთან მიმართებაში, ხელშეწყობისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნები დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფრო მაღალი დონის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან წინამდებარე მუხლის დებულებების თანახმად, ამ დირექტივების მეშვეობით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება, რომელიც ხელს შეუშლის მცირე და საშუალო საწარმოების წარმოქმნასა და განვითარებას;

ვინაიდან კომისიასთან სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის პროგრამის4 შესახებ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ზომების მიღება; ვინაიდან საბჭომ გაითვალისწინა ეს თავის 1987 წლის 21 დეკემბრის რეზოლუციაში სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის შესახებ5;

ვინაიდან ეკრანული მოწყობილობებით აღჭურვილ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უფრო მაღალი დონის უზრუნველსაყოფად დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს ინდივიდუალურ დირექტივას, საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღების შესახებ დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში6; ვინაიდან ამ უკანასკნელის დებულებები სავსებით მისაღებია ეკრანულ მოწყობილობების დასაქმებულთა მიერ გამოყენებასთან მიმართებაში, წინამდებარე დირექტივაში არსებული უფრო მკაცრი ან/და კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად;

ვინაიდან დამსაქმებლები მუდმივად ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სამუშაო ადგილის დაგეგმვასთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული მიღწევების შესახებ, რათა შეძლონ საჭირო ცვლილებების განხორციელება დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფრო მაღალი დონის გარანტირებისთვის;

ვინაიდან ერგონომული ასპექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილისათვის, რომელიც აღჭურვილია ეკრანული მოწყობილობებით;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზარზე სოციალური მოცულობის შესაქმნელად შეტანილ პრაქტიკულ წვლილს;

ვინაიდან გადაწყვეტილების 74/325/EEC7 თანახმად, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტმა უნდა გაიაროს კომისიასთან კონსულტაცია ამ სფეროში წინადადების წარდგენის შესახებ,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

ქვეთავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც წარმოადგენს მეხუთე ინდივიდუალურ დირექტივას დირექტივის 87/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, ადგენს მე-2 მუხლში განსაზღვრულ ეკრანულ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

2. დირექტივის 89/391/EEC დებულებები სრულად ვრცელდება პირველ აბზაცში აღნიშნულ მთლიან სფეროზე, წინამდებარე დირექტივაში არსებული უფრო მკაცრი და/ან განსაკუთრებული პირობების შეუზღუდავად;

3. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება:

a) მძღოლის კაბინებზე, ან მანქანების და დანადგარების სამართავ კაბინებზე;

b) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ კომპიუტერულ სისტემებზე;

c) კომპიუტერულ სისტემებზე, რომლებიც განკუთვნილია უმეტეს წილად საჯარო მოხმარებისთვის;

d) პორტატიულ სისტემებზე, რომლებიც სამუშაო ადგილზე ხანგრძლივად არ გამოიყენება;

e) კალკულატორებზე, სალარო აპარატებზე და სხვა მოწყობილობებზე, რომელთაც გააჩნიათ მათი პირდაპირი გამოყენებისათვის საჭირო მცირე მოცულობის მონაცემთა ან გაზომვის ეკრანი;

f) ტრადიციული დიზაინის საბეჭდ მანქანებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ეგრეთწოდებულ „ფანჯრიანი საბეჭდი მანქანის“ ტიპს.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

a) ეკრანული მოწყობილობა: ანბანურ-ციფრული ან გრაფიკული გამოსახულების ეკრანი (დისპლეი), განურჩევლად გამოყენებული გამოსახულების პროცესისა;

b) სამუშაო ადგილი (სამუშაო სადგური): აღჭურვილობის ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკრანულ მოწყობილობას, რომელსაც შესაძლოა თან ერთოდეს კლავიატურა ან შემყვანი მოწყობილობა, და/ან პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც განსაზღვრავს ოპერატორის/მანქანის ინტერფეისს, დამატებით საშუალებებს, პერიფერიულებს, როგორიცაა დისკეტის ჩასადები, ტელეფონი, მოდემი, პრინტერი, დოკუმენტების ჩასადები, სამუშაო სკამი, სამუშაო მაგიდა ან სამუშაო ზედაპირი, უშუალო სამუშაო გარემო;

c) დასაქმებული: დირექტივის 89/391/EEC მე-3(a) მუხლის შესაბამისად ნებისმიერი დასაქმებული პირი, რომელიც თავისი ჩვეული სამუშაოს უმეტეს ნაწილში, როგორც წესი, იყენებს ეკრანულ მოწყობილობებს.

ქვეთავი II

დამსაქმებლების ვალდებულებები

მუხლი 3

სამუშაო ადგილის ანალიზი

1. დამსაქმებლებმა უნდა განახორციელონ სამუშაო ადგილის ანალიზი, რათა შეაფასონ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ის პირობები, რომელიც მათ შეუქმნეს დასაქმებულებს, განსაკუთრებით მხედველობასთან, ფიზიკურ პრობლემებთან და გონებრივ სტრესთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან მიმართებაში.

2. დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები აღმოჩენილი რისკების აღმოსაფხვრელად, პირველ აბზაცში აღნიშნული შეფასების საფუძველზე, ამგვარად აღმოჩენილი რისკების დამატებითი და/ან კომბინირებული შედეგების გათვალისწინებით.

მუხლი 4

პირველად ამოქმედებული სამუშაო ადგილი

 

დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები იმისათვის, რომ 1992 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ამოქმედებული სამუშაო ადგილები აკმაყოფილებდნენ დანართით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

მუხლი 5

ამოქმედებული სამუშაო ადგილები

 

დამსაქმებლებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები იმისათვის, რომ 1992 წლის 31 დეკემბერს ან ამ თარიღამდე ამოქმედებული სამუშაო ადგილები აკმაყოფილებდნენ დანართში დადგენილ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალურ მოთხოვნებს აღნიშნული თარიღიდან, სულ მცირე, ოთხი წლის განმავლობაში.

მუხლი 6

დასაქმებულთა ინფორმირება და მომზადება

1. დირექტივის 89/391/EEC მე-10 მუხლის შეუზღუდავად, დასაქმებულები და/ან მათი წარმომადგენლები უნდა ფლობდნენ მათი სამუშაო ადგილების უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა ასპექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ტარდება სამუშაო ადგილებზე მე-3, მე-7 და მე-9 მუხლების თანახმად.

ყველა შემთხვევაში, დასაქმებულები ან მათი წარმომადგენლები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებით წინამდებარე დირექტივის მიხედვით გატარებული ნებისმიერი ზომის შესახებ.

2. დირექტივის 89/391/EEC მე-12 მუხლის შეუზღუდავად, ყოველმა დასაქმებულმა უნდა გაიაროს სამუშაო ადგილის სარგებლობასთან დაკავშირებული მომზადება ასეთი ტიპის სამუშაოს დაწყებამდე და მაშინ, როდესაც ხდება სამუშაო ადგილის მოწყობის საფუძვლიანი მოდიფიცირება.

მუხლი 7

ყოველდღიური სამუშაო დღის რეჟიმი

დამსაქმებელმა იმგვარად უნდა დაგეგმოს დასაქმებულის აქტივობები, რომ ყოველდღიური სამუშო ეკრანთან პერიოდულად წყდებოდეს შესვენებებით ან სხვა აქტივობის ჩანაცვლებით, და ამით შემცირდეს სამუშაო დატვირთვა ეკრანის წინ.

მუხლი 8

დასაქმებულთა კონსულტირება და მონაწილეობა

 

დასაქმებულთა და/ან მათი წარმომადგენლების წინამდებარე დირექტივით და მისი დანართით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსულტირება და მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 9

დასაქმებულთა თვალებისა და მხედველობის დაცვა

1. დასაქმებულებს აქვთ უფლება გაიარონ თვალებისა და მხედველობის შემოწმება საჭირო კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ:

– ეკრანთან მუშაობის დაწყებამდე,

– პროცესის განმავლობაში რეგულარული ინტერვალებით, ასევე

– თუ მათ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნათ, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ეკრანთან მუშაობას.

2. დასაქმებულებს აქვთ უფლება გაიარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, თუ პირველ აბზაცში აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოვლინდა ამის აუცილებლობა.

3. თუ პირველ აბზაცში აღნიშნული შემოწმების და მე-2 აბზაცში აღნიშნული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა ამის საჭიროება და თუ ჩვეულებრივი მაკორექტირებელი საშუალების გამოყენება შეუძლებელია, დასაქმებული პირები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი სპეციალური მაკორექტირებელი საშუალებებით.

4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულმა ზომებმა, არავითარი გარემოების შემთხვევაში, არ უნდა გამოიწვიონ დასაქმებულთა დამატებითი ფინანსური ხარჯი.

5. დასაქმებულთა თვალებისა და მხედველობის დაცვა შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.

ქვეთავი III

სხვა დებულებები

მუხლი 10

ცვლილებები დანართში

 

დანართში წმინდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ტექნიკური პროგრესის, განვითარების და საერთაშორისო რეგულაციებისა და სპეციფიკაციის, ასევე ეკრანული ტექნიკის სფეროში არსებული ცოდნის გათვალისწინებით, მიღებულ უნდა იქნეს დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 11

დასკვნითი დებულებები

1. 1992 წლის 31 დეკემბრამდე წევრ სახელმწიფოებს ევალებათ კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა.

მათ დაუყონებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ეროვნული კანონმდებლობის დებულებათა ტექსტი, რომელიც უნდა მიიღონ ან უკვე მიიღეს წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

3. წევრ სახელმწიფოებმა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ კომისიას ანგარიში წინამდებარე დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შეხედულებები.

კომისიამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ევროპარლამენტს, საბჭოსა და ეკონომიკისა და სოციალურ კომიტეტს და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკონსულტაციო კომიტეტს.

4. კომისიამ, 1-ლი, მე-2 და მე-3 აბზაცების გათვალისწინებით, ევროპარლამენტს, საბჭოსა და ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტს რეგულარული ინტერვალებით უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ.

მუხლი 12

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე

 

შედგენილია ბრიუსელში, 1990 წლის 29 მაისს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ბ. აჰერნი

დანართი

მინიმალური მოთხოვნები

(მე-4 და მე-5 მუხლები)

წინასწარი შენიშვნა

წინამდებარე დანართში მოცემული ვალდებულებები უნდა შესრულდეს დირექტივით დასახული მიზნების მისაღწევად, და იმისათვის, რომ, პირველ რიგში, სამუშაო ადგილი შეიცავდეს ყველა საჭირო კომპონენტს, და, მეორე, რომ სამუშაოს მოთხოვნები ან მახასიათებლები არ გამორიცხავდეს ამას.

1. აღჭურვილობა

(a) ზოგადი შენიშვნა

 ამ აღჭურვილობის გამოყენება დასაქმებულთათვის არ უნდა წარმოადგენდეს რისკს.

(b) ეკრანი

ეკრანზე სიმბოლოები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და ნათლად გამოკვეთილი, ისინი უნდა იყვნენ სათანადო ზომის და სიმბოლოებსა და ხაზებს შორის უნდა იყოს სათანადო დაშორება.

გამოსახულება ეკრანზე უნდა იყოს სტაბილური, არ უნდა ციმციმებდეს ან არ უნდა აღენიშნებოდეს სხვა სახის არამდგრადობა.

სიმკვეთრე და/ან კონტრასტი სიმბოლოებს შორის და ფონი უნდა იყოს ოპერატორისთვის ადვილად რეგულირებადი, ასევე გარშემო პირობებისთვის მოსარგები.

შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის ადვილად და თავისუფლად მოტრიალება და დახრა ოპერატორის საჭიროებების მიხედვით.

უნდა იყოს გათვალისწინებული ეკრანისთვის ცალკე სადგამის ან მაგიდის გამოყენება.

ეკრანი არ უნდა ირეკლავდეს სინათლეს და მას არ უნდა გააჩნდეს სხვა სახის გამონაშუქი, რომელიც შეუქმნის მომხმარებელს დისკომფორტს.

(c) კლავიატურა

კლავიატურა უნდა იხრებოდეს და იყოს ეკრანისგან განცალკევებული, რათა შესაძლებელი იყოს დასაქმებულის მიერ კომფორტული სამუშაო პოზიციის პოვნა მხრებისა და ხელების დაღლილობის თავიდან ასარიდებლად.

კლავიატურის წინ საკმარისი ადგილი უნდა იყოს ხელებისა და მკლავების ჩამოსადებად.

კლავიატურას უნდა ჰქონდეს მქრქალი ზედაპირი სინათლის არეკვლის თავიდან ასაცილებლად.

კლავიატურის განლაგება და ღილაკები უნდა იყოს ისეთი, რომ ხელი შეუწყოს კლავიატურის გამოყენებას.

სიმბოლოები ღილაკებზე უნდა იყოს მკაფიო და კარგად გასარჩევი სამუშაო ადგილიდან.

(d) სამუშაო მაგიდა ან სამუშაო ზედაპირი

სამუშაო მაგიდას ან სამუშაო ადგილს უნდა გააჩნდეს საკმარისად ფართე, აურეკლავი ზედაპირი, რომელზეც შესაძლებელი იქნება კლავიატურის, ეკრანის, დოკუმენტებისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის ადვილად მოთავსება.

დოკუმენტების დამჭერი უნდა იყოს მყარი და რეგულირებადი და განთავსდეს, ისე რომ შეამციროს თვალებისა და თავის მოუხერხებელი მოძრაობის საჭიროება.

დასაქმებულთათვის უნდა იყოს გათვალისწინებული საკმარისი სივრცე კომფორტული პოზიციის დასაკავებლად.

(e) სამუშაო სკამი

სამუშაო სკამი უნდა იყოს მყარი და აძლევდეს დაქირავებულს თავისუფალი მოძრაობისა და კომფორტული მდგომარეობის მიღების საშუალებას.

დასაჯდომის სიმაღლე უნდა იყოს რეგულირებადი.

უნდა იყოს შესაძლებელი სკამის ზურგის როგორც სიმაღლის რეგულირება ასევე მისი გადახრა.

უნდა იყოს გათვალისწინებული ფეხის დასადგმელი მათთვის, ვინც ამას საჭიროებს.

2. გარემო

(a) სივრცის მოთხოვნები

სამუშაო ადგილი უნდა გაითვალოს და დაიგეგმოს ისე, რომ მომხმარებლისათვის თავისუფალი ადგილი იყოს მოძრაობისა და პოზიციის შესაცვლელად.

(b) განათება

ოთახისა და სამუშაო ადგილის განათება (სამუშაო ნათურა) უნდა უზრუნველყოფდეს საკმარის განათების პირობებს და შესაბამის კონტრასტს ეკრანსა და ფონურ გარემოს შორის, სამუშაოს ტიპისა და მომხმარებლის მხედველობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ეკრანზე ან სხვა ტექნიკაზე შესაძლებელი ნათებისა და ანარეკლის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ხელოვნური განათების წყაროების განთავსება და შერჩევა სამუშაო ადგილისა და სამუშაო ფართის განლაგების შესაბამისად.

(c) ანარეკლი და ნათება

სამუშაო ადგილი უნდა დაიგეგმოს ისე, სინათლის წყაროებმა, როგორებიცაა ფანჯრები და სხვა ღია ადგილები, გამჭვირვალე და ნახევრადგამჭვირვალე კედლები, ასევე ფერადი ინვენტარი და კედლები, არ უნდა იწვევდნენ პირდაპირ დანათებას და, შეძლებისდაგვარად, ანარეკლებს ეკრანზე.
ფანჯრები უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სისტემის რეგულირებადი საფარით, რათა შესუსტდეს დღის შუქი, რომელიც ეცემა სამუშაო ადგილს.

(d) ხმაური

სამუშაო ადგილის აღჭურვისას მხედველობაში უნდე იქნეს მიღებული ხმაური, რომელსაც იწვევს სამუშაო ადგილის აპარატურა, კერძოდ ყურადღების გადატანის და საუბრის შეფერხების თავიდან არიდების თვალსაზრისით.

(e) სიმხურვალე

ტექნიკა, რომელიც სამუშაო ადგილის შემადგენლობაშია, არ უნდა გამოყოფდეს გადაჭარბებულ სიმხურვალეს, რომელიც გამოიწვევს დასაქმებულთა დისკომფორტს.

(f) გამოსხივება

ყველა სახის გამოსხივება, ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილვადი ნაწილის გარდა, უნდა იქნეს დაყვანილი უმნიშვნელო დონემდე, მუშების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

(g) ტენიანობა

უნდა დამყარდეს და იყოს დაცული ტენიანობის შესაბამისი დონე

3. ოპერატორის/ კომპიუტერის ინტერფეისი

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, არჩევის, შეკვეთისა და მოდიფიცირებისას, ასევე ეკრანული ტექნიკის გამოყენებით სამუშაოების დაგეგმვისას, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები:

a) პროგრამული უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს დასახულ ამოცანას;

b) პროგრამული უზრუნველყოფა გამოსაყენებლად მარტივი უნდა იყოს, და სადაც საჭიროა, მომხმარებლის ცოდნის დონისა და გამოცდილების შესაბამისი. არანაირი ხარისხობრივი ან რაოდენობრივი შემოწმების საშუალება არ უნდა იქნეს გამოყენებული დასაქმებულის შესაბამისი ცოდნის გარეშე;

c) სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულებს უკუკავშირით მათი მუშაობის შესახებ;

d) სისტემა ინფორმაციას უნდა ასახავდეს ოპერატორზე მორგებული ფორმატითა და სიჩქარით;

e) პროგრამული უზრუნველყოფის ერგონომული პრინციპები უნდა ვრცელდებოდეს, განსაკუთრებით, ადამიანების მიერ მონაცემების დამუშავებაზე.


1 ოფიციალური ბიულეტენი, N C 113, 29. 04.1988, გვ. 7 და ოფიციალური ბიულეტენი N C 130, 26. 05.1989, გვ. 5.

2 ოფიციალური ბიულეტენი N C 12, 16.01.1989, გვ. 92 და ოფიციალური ბიულეტენი N C 113, 07.05.1990.

3 ოფიციალური ბიულეტენი N C 318, 12.12.1988, გვ. 32.

4 ოფიციალური ბიულეტენი N C 28, 03.02.1988, გვ. 3.

5 ოფიციალური ბიულეტენი N C 28, 03.02.1988, გვ. 1.

6 ოფიციალური ბიულეტენი N L 183, 29.06.1989, გვ. 1.

7 ოფიციალური ბიულეტენი N L 185, 09.07.1974, გვ. 15.