საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/99/EC - ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და შემოტანის მარეგულირებელი ვეტერინარული წესების განსაზღვრის შესახებ

საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/99/EC - ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და შემოტანის მარეგულირებელი ვეტერინარული წესების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2002/99/EС
დოკუმენტის მიმღები ევროპის კავშირის საბჭო
მიღების თარიღი 16/12/2002
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
2002/99/EС
16/12/2002
ვებგვერდი, 20/04/2017
საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/99/EC - ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და შემოტანის მარეგულირებელი ვეტერინარული წესების განსაზღვრის შესახებ
ევროპის კავშირის საბჭო

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2002/99/EC

ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და შემოტანის მარეგულირებელი ვეტერინარული წესების განსაზღვრის შესახებ

ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 37-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების1 გათვალისწინებით,

ევროპარლამენტის მოსაზრების2 გათვალისწინებით,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების3 გათვალისწინებით,

ვინაიდან:

(1) ხელშეკრულების I დანართში განსაზღვრული წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და მესამე ქვეყნებიდან ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემოტანის პროცესში, გაერთიანების შიგნით ვაჭრობის დასარეგულირებლად განისაზღვრა სპეციფიკური ვეტერინარული წესები ცალკეული ბაზრის კონტექსტში.

(2) ამ წესების საშუალებით შესაძლებელი ხდება ამ პროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების გადალახვა და ამ გზით წვლილის შეტანა შიდა ბაზრის განვითარებაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფით.

(3) ეს წესები მიზნად ისახავს ცხოველთა დაავადებების შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილებას, რაც შესაძლოა მოჰყვეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ბაზარზე განთავსებას. ისინი, აგრეთვე, მოიცავს ზოგად დებულებებს, რომლებიც ეხება შენახვის ან ეპიზოოტიური დაავადებით დასნებოვნებული ადგილიდან წამოსული პროდუქტების ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და ვალდებულებას იმ ადგილებიდან წამოსული პროდუქტების გადამუშავების შესახებ, რომლებზეც ვრცელდება შეზღუდვები, რათა განადგურდეს დაავადების გადამტანი აგენტი.

(4) საჭიროა ზოგადი დებულებების შეთანხმება, რათა გასწორდეს სპეციფიკური ვეტერინარული წესების შემოღებისას წარმოშობილი შესაძლო უზუსტობები. ასეთი შეთანხმება უზრუნველყოფს ვეტერინარული წესების ერთგვაროვან განხორციელებას მთელი გაერთიანების საზღვრებში და გაერთიანების კანონმდებლობის სტრუქტურას მეტად გამჭვირვალესაც ხდის.

(5) ვაჭრობისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვეტერინალური შემოწმება უნდა განხორციელდეს „შიდა ბაზრის გაფართოების მიზნით გაერთიანების შიგნით ვაჭრობისას ჩატარებული ვეტერინარული შემოწმებების შესახებ“ საბჭოს 1989 წლის 11 დეკემბრის დირექტივის 89/662/EEC4 შესაბამისად. დირექტივა 89/662/EEC შეიცავს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

(6) მესამე ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს შინაურ ცხოველებს გაერთიანების საზღვრებში.

(7) ამ მიზნით უნდა დაწესდეს პროცედურები ეპიზოოტიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ამგვარი პროცედურები ითვალისწინებს მესამე ქვეყნებში ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარულ შეფასებას.

(8) ასევე, უნდა დაწესდეს პროცედურები ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეტანისას გამოსაყენებელი ზოგადი ან სპეციფიკური წესების ან კრიტერიუმების დასადგენად.

(9) შინაური ჩლიქოსანი პირუტყვის ხორცისა და ასეთი ხორცისგან დამზადებული ხორცის პროდუქტების შემოტანასთან დაკავშირებული დებულებები უკვე შესულია „მესამე ქვეყნებიდან ხარის, ღორისა და ახალი ხორცის სიჯანსაღესა და ვეტერინარულ შემოწმებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ“ საბჭოს 1972 წლის 12 დეკემბრის დირექტივაში 72/462/EEC5.

(10) ხორცისა და ხორცის პროდუქტების შემოტანასთან დაკავშირებული პროცედურები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტების იმპორტირების ნიმუშად.

(11) გაერთიანებაში მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვეტერინარული შემოწმებები უნდა განხორციელდეს „გაერთიანებაში მესამე ქვეყნებიდან შემოსული პროდუქტების ვეტერინარული შემოწმებების ორგანიზების პრინციპების შესახებ“ საბჭოს 1997 წლის 18 დეკემბრის დირექტივის 97/78/EEC6 შესაბამისად; დირექტივა 97/78/EC შეიცავს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

(12) საერთაშორისო ვაჭრობის წესების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებები.

(13) ცხოველთა ჯანდაცვასთან დაკავშირებული დებულებების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად გაერთიანებაში უნდა განხორციელდეს აუდიტი და შემოწმებები.

(14) პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთაც ეს დირექტივა ეხება, მოცემულია ხელშეკრულების I დანართში.

(15) ამ დირექტივის განსახორციელებლად საჭირო ზომები მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს 28 ივნისის 1999 წლის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც აწესებს პროცედურებს კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად7,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

მუხლი 1

მოქმედების სფერო

ეს დირექტივა ადგენს ზოგად ვეტერინარულ წესებს გაერთიანების საზღვრებში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპისთვის და მესამე ქვეყნიდან ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და მათგან მიღებული პროდუქტების შემოტანისთვის.

ეს წესები გავლენას არ ახდენს დირექტივების 89/662/EEC და 97/78/EC და I დანართში ჩამოთვლილი დირექტივების დებულებებზე.

მუხლი 2

განმარტებები

ამ დირექტივის მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება „სურსათის შესახებ კანონის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების განსაზღვრის, ევროპის სურსათის უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს დაარსებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 28 იანვრის 2002 წლის რეგულაციაში No178/20028 და დირექტივაში 97/78/EC წარმოდგენილი განმარტებები. ასევე, გამოიყენება ქვემოთ წარმოდგენილი განმარტებები:

1. „წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები“ მოიცავს ნებისმიერ ეტაპს ცხოველური წარმოშობის საკვების პირველადი წარმოებიდან მათი დასაწყობების, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;

2. „შემოტანა“ ნიშნავს საქონლის შეტანას დირექტივის 97/78/EC I დანართში ჩამოთვლილ ერთ-ერთ ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ იგი დაექვემდებაროს „გაერთიანების საბაჟო კოდექსის დადგენის შესახებ“ საბჭოს 1992 წლის 12 ოქტომბრის რეგულაციის (EC) No 2913/929 მე-4(16)(a-f) მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო პროცედურებს;

3. „სახელმწიფო ვეტერინარი“ ნიშნავს ვეტერინარს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ იმოქმედოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

4. „ცხოველური წარმოშობის პროდუქტები“ ნიშნავს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილ ცხოველისგან მიღებულ პროდუქტებს, ასევე, იმ ცოცხალ ცხოველებს, რომელთაც ამ მიზნით ზრდიან.

თავი I

ვეტერინარული მოთხოვნები გაერთიანებაში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე გამოსაყენებლად

მუხლი 3

ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები

1. წევრმა სახელმწიფოებმა ქვემოთ წარმოდგენილი დებულებების შესაბამისად უნდა მიიღონ ზომები, რათა გაერთიანებაში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის არცერთ ეტაპზე სურსათის მწარმოებელი ოპერატორების მიზეზით არ მოხდეს დაავადებების გავრცელება.

2. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მიღებულ უნდა იქნეს ცხოველებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ გაერთიანების შესაბამის კანონმდებლობაში განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს.

3. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მიიღება ცხოველებისაგან, რომლებიც:

(a) არ შემოდიან ფერმიდან, დაწესებულებიდან, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ნაწილიდან, რომელზეც ვრცელდება ცხოველთა ვეტერინარული შეზღუდვები I დანართში დადგენილი წესების შესაბამისად;

(b) ხორცისა და ხორცის პროდუქტების შემთხვევაში არ დაკლულან დაწესებულებაში, სადაც დაკვლის ან წარმოების პროცესში იმყოფებოდნენ ზემოაღნიშნული წესების (a) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე დაავადებით დასნებოვნებული ან სავარაუდოდ დასნებოვნებული ცხოველები ან სადაც განთავსებული იყო ამგვარი ცხოველების ტანხორცი ან ნაწილები, თუ ამგვარი ეჭვი გამორიცხული არ არის;

(c) რომლებიც, აკვაკულტურის ცხოველებისა და პროდუქტების შემთხვევაში, აკმაყოფილებს დირექტივის 91/67/EEC10 მოთხოვნებს.

მუხლი 4

გამონაკლისის დაშვება

1. მე-3 მუხლის მიუხედავად და I დანართში გათვალისწინებულ დაავადებათა კონტროლის ღონისძიებებთან შესაბამისობის პირობით, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაუშვან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და დისტრიბუცია, როდესაც ეს პროდუქტები მოდის ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ნაწილიდან, სადაც მოქმედებს ვეტერინარული შეზღუდვები, მაგრამ არა ფერმიდან, სადაც გავრცელებულია ან სავარაუდოდ გავრცელებულია დაავადება, თუ:

(i) ქვემოთ მითითებულ დამუშავებამდე პროდუქტები მოიპოვეს, დაამუშავეს, გადაზიდეს და შეინახეს სხვა დროს ან განცალკევებულად ისეთი პროდუქტებისგან, რომლებიც აკმაყოფილებდა ყველა ვეტერინარულ პირობას და ტრანსპორტირების პირობებს ტერიტორიიდან, სადაც მოქმედებდა კომპეტენტური ორგანოს მიერ დაწესებული ვეტერინარული შეზღუდვები;

(ii) ცხადად ჩანს, თუ რომელ პროდუქტებს სჭირდება დამუშავება;

(iii) პროდუქტები მუშავდება ისე, რომ ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრას;

(iv) დამუშავება ხორციელდება წევრი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ დაწესებულებაში, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემა არსებობდა.

პირველი აბზაცის დებულებები გამოყენებულ უნდა იქნეს II დანართისა და III(1) დანართის ან დეტალური წესების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის თანახმად.

2. მე-3 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამო აკვაკულტურის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და დისტრიბუცია დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება დირექტივის 91/67/EEC პირობები, საჭიროების შემთხვევაში კი, ასევე დამატებითი პირობები, რომლებიც განისაზღვრება მე-12(2) მუხლის თანახმად.

3. გარდა ამისა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია მე-3 მუხლიდან გამონაკლისის დაშვება მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია შემდეგი:

(a) დაავადებების სპეციფიკური მახასიათებლები შესაბამისი სახეობების შემთხვევაში;

(b) ტესტები ან ღონისძიებები, რომელთაც ცხოველები უნდა დაექვემდებარონ.

ამგვარი გამონაკლისების დაშვების შემთხვევაში საჭიროა ღონისძიებების გატარება, რათა არ შესუსტდეს ცხოველთა დაავადებისაგან დაცვის ხარისხი. ამდენად, იმავე პროცედურის შესაბამისად მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო ზომა, რათა გაერთიანების საზღვრებში უზრუნველყოფილ იქნეს ცხოველების დაცვა.

მუხლი 5

ვეტერინარული სერტიფიკატები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები დაექვემდებაროს ვეტერინარულ სერტიფიცირებას, თუ:

– დირექტივის 89/662/EEC მე-9 მუხლის დებულებები ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მოითხოვს, რომ წევრი სახელმწიფოებიდან შემოტანილ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს თან ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი;

– გამონაკლისის დაშვება ნებადართულია მე-4(3) მუხლით.

2. მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის თანახმად, დეტალური განხორციელების წესებისა და, განსაკუთრებით, ამგვარი სერტიფიკატების ნიმუშის შედგენა შესაძლებელია IV დანართში განსაზღვრული ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით. სერტიფიკატები შეიძლება შეიცავდეს გაერთიანების საზღვრებში ადამიანთა და ცხოველთა ჯანდაცვის შესახებ არსებული სხვა კანონმდებლობით მოთხოვნილ დეტალებს.

მუხლი 6

სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი

1. ცხოველური წარმოშობის საკვებისათვის სპეციფიკური ჰიგიენის წესებისა და საკვები პროდუქტებისა და ცხოველთა საკვების კონტროლთან დაკავშირებული წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციების მიღებამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარონ სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ დირექტივის შესაბამისად დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ამ დირექტივასთან, მის საიმპლემენტაციო წესებსა და უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა. ჩვეულებრივ, ინსპექცია ცხადდება და შემოწმება ხორციელდება დირექტივის 89/662/EEC დებულებების შესაბამისად.

2. ცხოველური წარმოშობის საკვებისათვის სპეციფიკური ჰიგიენის წესებისა და საკვები პროდუქტებისა და ცხოველთა საკვების კონტროლთან დაკავშირებული წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს დებულებების მიღებამდე ვეტერინარული წესების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სიტუაციის გამოსასწორებლად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დირექტივის 89/662/EEC დებულებების შესაბამისად.

3. გაერთიანების ექსპერტებს შეუძლიათ შემოწმებები, მათ შორის, აუდიტი, განახორციელონ ადგილზე წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, რამდენადაც ეს საჭიროა ამ დირექტივის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად. წევრი სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზეც ტარდება შემოწმებები, ყოველნაირად უნდა დაეხმარონ ექსპერტებს მათი მოვალეობების შესრულებაში. გაერთიანება კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ.

თუ გაერთიანების მიერ ჩატარებული აუდიტის ან შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, წევრი სახელმწიფო დაუყოვნებლივ იღებს ყველა საჭირო ზომას ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. თუ ამგვარი ზომები მიღებული არაა ან არასაკმარისად მიიჩნევა, გაერთიანება მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, მიიღებს საჭირო ზომებს ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამის შესახებ შეატყობინებს წევრ სახელმწიფოებს.

4. ამ მუხლის გამოყენების წესები, განსაკუთრებით, ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობის პროცედურების მარეგულირებელი წესები, მიღებულ უნდა იქნეს მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

თავი II

იმპორტი მესამე ქვეყნებიდან

მუხლი 7

ზოგადი დებულებები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ მესამე ქვეყნებიდან ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანების საზღვრებში ამგვარი პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე დაცულია პირველ თავში განსაზღვრული მოთხოვნები ან მიცემულია ეკვივალენტური გარანტიები ცხოველთა ჯანდაცვასთან დაკავშირებით.

მუხლი 8

გაერთიანების წესებთან შესაბამისობა

მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად უნდა განისაზღვროს შემდეგი:

1. მესამე ქვეყნების ან მესამე ქვეყნების რეგიონების ჩამონათვალი, საიდანაც დასაშვებია განსაზღვრული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი. ამგვარ ჩამონათვალში მესამე ქვეყანა ხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გაერთიანებას ამ ქვეყანაში ჩატარებული აქვს აუდიტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპეტენტური ვეტერინარული ორგანო იძლევა გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის სათანადო გარანტიებს.

ამ ჩამონათვალის შედგენისას ან განახლებისას განსაკუთრებით გასათვალისწინებელია:

(a) მესამე ქვეყნის კანონმდებლობა;

(b) მესამე ქვეყნის კომპეტენტური ვეტერინარული ორგანოსა და მისი საინსპექციო სამსახურების სტრუქტურა, ამ სამსახურების უფლებამოსილებანი, მათი ზედამხედველობის პირობები და მათ ხელთ არსებული საშუალებები, საშტატო თანამდებობების ჩათვლით, კანონმდებლობის ეფექტურად გამოყენების მიზნით;

(c) ვეტერინარული მოთხოვნები, რომლებიც ეხება გაერთიანებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებას, დამზადებას, დამუშავებას, შენახვასა და გაგზავნას;

(d) გარანტიები, რომლებიც მესამე ქვეყნის კომპეტენტურმა ვეტერინარულმა ორგანომ შეიძლება გასცეს ვეტერინარულ პირობებთან შესაბამისობის ან ეკვივალენტურობის თაობაზე;

(e) მესამე ქვეყნიდან პროდუქტის შესყიდვის ნებისმიერი გამოცდილება და ნებისმიერ იმპორტზე წარმოებული კონტროლის შედეგები;

(f) გაერთიანების მიერ მესამე ქვეყანაში განხორციელებული ინსპექციების ან/და აუდიტის შედეგები, განსაკუთრებით, კომპეტენტური ორგანოების მიერ შესრულებული შეფასების შედეგები ან, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარდგენილი ანგარიში მათ მიერ ჩატარებული ინსპექციების შესახებ;

(g) მესამე ქვეყანაში საქონლის, სხვა შინაური და გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ეგზოტიკური ცხოველების დაავადებები და ქვეყანაში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის ნებისმიერი ასპექტი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაერთიანების საზღვრებში ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას;

(h) მესამე ქვეყნის მიერ მის ტერიტორიაზე ცხოველთა ინფექციური ან გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის რეგულარობა, სისწრაფე და სიზუსტე, განსაკუთრებით რეგისტრაციას დაქვემდებარებული დაავადებები, რომლებიც შედის ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნუსხაში, ან აკვაკულტურის ცხოველთა დაავადებების შემთხვევაში, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოდექსში წყლის ცხოველების ჯანდაცვის შესახებ;

(i) ცხოველთა ინფექციური ან გადამდები დაავადებების კონტროლისა და თავიდან აცილების წესები, რომლებიც ძალაშია მესამე ქვეყანაში და ამ წესების განხორციელება, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირების წესების ჩათვლით.

2. კომისია უზრუნველყოფს ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი ან განახლებული ჩამონათვალის ყველა ვერსიის საჯაროობას. ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი ჩამონათვალი შესაძლოა გაერთიანდეს სხვა ჩამონათვალთან, რომელიც შედგენილია ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შესაძლოა, მოიცავდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნიმუშებსაც.

3. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოშობის წესები და ცხოველები, რომელთაგანაც ამგვარი პროდუქტები მიიღება, უნდა განისაზღვროს მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

4. თითოეული მესამე ქვეყნის ან მესამე ქვეყნების ჯგუფისთვის იმპორტირების სპეციალური პირობები, მესამე ქვეყანაში ან ქვეყნებში ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

5. საჭიროების შემთხვევაში:

– ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები;

– მესამე ქვეყნებისა და მათი რეგიონების კლასიფიკაციის კრიტერიუმები ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებით;

– შემოტანის მეთოდებთან დაკავშირებული სპეციფიკური წესები ან კონკრეტული პროდუქტები, კერძოდ, ტურისტების მიერ შემოტანილი პროდუქტები ან ვაჭრობის მიზნით შემოტანილი ნიმუშები.

შესაძლოა განისაზღვროს მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 9

დოკუმენტები

1. ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს IV დანართში განსაზღვრულ მოთხოვნებს, გაერთიანების საზღვრებში შესვლისას თან უნდა ახლდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ტვირთს.

2. ვეტერინარული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ პროდუქტები აკმაყოფილებს:

(a) ამგვარი პროდუქტებისთვის ამ დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან დებულებებს ცხოველთა ჯანდაცვის შესახებ, რომლებიც ამ მოთხოვნების ეკვივალენტურია;

(b) იმპორტირების ნებისმიერ სპეციალურ პირობას, რომელიც განსაზღვრულია მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

3. დოკუმენტები შეიძლება შეიცავდეს გაერთიანების საზღვრებში ადამიანთა და ცხოველთა ჯანდაცვის შესახებ არსებული სხვა კანონმდებლობით მოთხოვნილ დეტალებს.

4. მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად:

(a) შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება;

(b) შეიძლება შედგენილ იქნეს სანიმუშო დოკუმენტები;

(c) შეიძლება დაწესდეს ტრანზიტის წესები და სერტიფიცირება.

მუხლი 10

გაერთიანების მიერ განხორციელებული ინსპექციები და აუდიტი

1. ინსპექციები ან/და აუდიტი ამ დირექტივით გათვალისწინებულ ყველა ეტაპზე გაერთიანების მიერ შეიძლება ჩატარდეს მესამე ქვეყნებში კომისიის ექსპერტების მიერ, რათა შემოწმდეს შესაბამისობა ან ეკვივალენტურობა გაერთიანების საზღვრებში მოქმედ ვეტერინარულ წესებთან. შესაძლებელია, ეს ინსპექციები ან/და აუდიტი ჩაატარონ გაერთიანების ექსპერტებმა წევრი სახელმწიფოების ექსპერტებთან ერთად, რომელთა მონაწილეობა ნებადართულია კომისიის მიერ.

2. პირველ პუნქტში მითითებული ინსპექციები ან/და აუდიტი მესამე ქვეყნებში ხორციელდება გაერთიანების სახელით, წარმოქმნილ ხარჯებს კი ფარავს კომისია.

3. მესამე ქვეყნებში პირველ პუნქტში მითითებული ინსპექციების ან/და აუდიტის განხორციელების პროცედურა განისაზღვრება ან იცვლება მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

4. თუ ცხოველის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, გაერთიანების მიერ განხორციელებული შემოწმების ან აუდიტისას კომისია დაუყოვნებლივ იღებს ზომებს ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად დირექტივის 97/78/EC 22-ე მუხლის შესაბამისად და ამის შესახებ ატყობინებს წევრ სახელმწიფოებს.

თავი III

დასკვნითი დებულებები

მუხლი 11

ტექნიკური დანართების განახლება

ამ დირექტივის დანართებში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, რათა განსაკუთრებით გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

(a) მეცნიერული შეხედულებები და ცოდნა, განსაკუთრებით ახალი საფრთხეების შეფასებასთან დაკავშირებით;

(b) ტექნიკური განვითარება;

(c) უსაფრთხოების კრიტერიუმების განსაზღვრა ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 12

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარებას გაუწევს რეგულაციის (EC) No178/2002 58-ე მუხლის თანახმად შექმნილი „კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტი“.

2. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით დადგენილ პერიოდად განისაზღვრება სამი თვე.

3. კომიტეტი აწესებს საკუთარ რეგლამენტს.

მუხლი 13

გარდამავალი დებულებები

1. მე-14(1) მუხლში მითითებული თარიღიდან აღარ გამოიყენება ვეტერინარული წესები, რომლებიც დადგენილია V დანართში ჩამოთვლილი დირექტივებით.

2. ამგვარი დებულებების საფუძველზე მიღებული საიმპლემენტაციო წესები ძალაში რჩება ამ დირექტივის საფუძველზე მსგავსი ძალის მქონე წესებით მათ ჩანაცვლებამდე.

3. გარდამავალი ზომები შესაძლოა განისაზღვროს მე-12(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 14

1. წევრმა სახელმწიფოებმა 2005 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული სამართლის ნორმები ამ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომიტეტს.

წევრი სახელმწიფოების მიერ ამ დებულებების მიღებისას მათში უნდა იყოს მითითება ამ დირექტივის შესახებ ან მათ ამგვარი მითითება უნდა ერთვოდეს ოფიციალურად გამოქვეყნებისას. ამგვარი მითითების უზრუნველყოფის პროცედურას იღებენ წევრი სახელმწიფოები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გააცნონ ამ დირექტივით რეგულირებულ სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონმდებლობის მთავარი დებულებების ტექსტი, რომლის მიღებასაც ისინი აპირებენ.

მუხლი 15

ეს დირექტივა ძალაში შედის ევროპის გაერთიანებების ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.

მუხლი 16

ეს დირექტივა ეხება წევრ სახელმწიფოებს.

შედგენილია ბრიუსელში, 2002 წლის 16 დეკემბერს.

აბჭოს სახელით

თავმჯდომარე

მ. ფიშერ ბოელი

დანართი I

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ გაერთიანების კანონმდებლობა საკონტროლო ზომების გატარებას ითვალისწინებს

დაავადება

დირექტივა

ღორის კლასიკური ჭირი (ცხელება)

საბჭოს დირექტივა 2001/89/EC გაერთიანების ფარგლებში ღორის კლასიკური ჭირის საკონტროლო ზომების შესახებ.

ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება)

საბჭოს დირექტივა 2002/60/EC, რომელიც ადგენს ღორის აფრიკული ჭირის კონტროლის კონკრეტულ დებულებებს.

ცხოველების თურქული

საბჭოს დირექტივა 85/511/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში ცხოველების თურქულის დაავადების კონტროლის ღონისძიებებს.

ფრინველის გრიპი

საბჭოს დირექტივა 92/40/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში ფრინველის გრიპის კონტროლის ღონისძიებებს.

ნიუქასლის დაავადება

საბჭოს დირექტივა 92/66/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში ნიუქასლის დაავადების კონტროლის ღონისძიებებს.

რქოსანი საქონლის ჭირი

ცხვრისა და თხის ჭირი

ღორის ვეზიკულარული დაავადება

საბჭოს დირექტივა 92/119/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში ცხოველთა გარკვეული დაავადებების კონტროლის ზოგად ღონისძიებებს და ღორის ვეზიკულარულ დაავადებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ღონისძიებებს.

აკვაკულტურაში გავრცელებული დაავადებები

საბჭოს დირექტივა 91/67/EEC ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება აკვაკულტურის ცხოველებისა და პროდუქტების ბაზარზე გატანაზე.

საბჭოს დირექტივა 93/53/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში თევზის გარკვეული დაავადებების კონტროლის მინიმალურ ღონისძიებებს.

საბჭოს დირექტივა 95/70/EEC, რომელიც ადგენს გაერთიანების ფარგლებში ორსარქველიანი მოლუსკების გარკვეული დაავადებების კონტროლის მინიმალურ ღონისძიებებს.

დანართი II

სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშანი ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ნაწილიდან შემოტანილი ხორცისთვის

1. ახალი ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებას უნდა ჰქონდეს დიაგონალური ჯვარი, შემდგარი ორი სწორი ხაზისგან, რომლებიც ბეჭდის ცენტრში კვეთს ერთმანეთს და ინფორმაციის ადვილად წაკითხვას უზრუნველყოფს.

2. პირველ პუნქტში მოხსენიებული ნიშანდებისთვის შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნეს ერთი ოვალური ბეჭედი, რომლის სიგანე 6.5 სმ, სიგრძე კი 4.5 სმ-ია.

ნიშანდება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, რომელიც დატანილი უნდა იყოს ადვილად წასაკითხი ასოებით:

– ზედა ნაწილში, წევრი სახელმწიფოს დასახელება ან ISO კოდი დიდი ასოებით: AT, BE, DE, DK, ES, FI, FR, GR, IE, IT, LU, NL, PT, SE და UK;

– ცენტრში, სასაკლაოს ვეტერინარული რეგისტრაციის ნომერი;

– ქვედა ნაწილში, ქვემოთ მოცემული ინიციალებიდან ერთ-ერთი: CE, EC, EF, EG, EK ან EY;

– ორი სწორი ხაზი ერთმანეთს უნდა კვეთდეს ბეჭდის ცენტრში ისე, რომ ინფორმაცია არ დაიფაროს. ასოების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 8 სმ, ციფრებისა კი − მინიმუმ 1 სმ.

ბეჭედზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია იმ ვეტერინარის ვინაობის შესახებ, რომელმაც ხორცი შეამოწმა.

ნიშანდება უნდა შესრულდეს სახელმწიფო ვეტერინარის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც აკონტროლებს ვეტერინარული მოთხოვნების განხორციელებას.

დანართი III

1. ხორცისა და რძის დამუშავება ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გარკვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად

ხორცის დამუშავება (*)

დაავადება

თურქულის დაავადება

ღორის კლასიკური ჭირი

ღორის ვეზიკულარული დაავადება

ღორის აფრიკული ჭირი

რქოსანი საქონლის ჭირი

ნიუქასლის დაავადება

ფრინველის გრიპი

ცხვრის და თხის ჭირი

(a) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დალუქულ კონტეინერში 3,00 ან მეტ ფარენჰეიტ ტემპერატურაზე (**)

+

+

+

+

+

+

+

+

(b) თერმული დამუშავება მინიმუმ 70 °C ტემპერატურაზე, რაც მიღწეულ უნდა იქნეს ხორცის ყველა ნაწილში

+

+

+

0

+

+

+

+

(c) თერმული დამუშავება მინიმუმ 80 °C ტემპერატურაზე, რაც მიღწეულ უნდა იქნეს ხორცის ყველა ნაწილში

+

+

+

+

+

+

+

+

(d) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დალუქულ კონტეინერში მინიმუმ 60 °C ტემპერატურაზე, სულ მცირე 4 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც ტემპერატურა გულში უნდა შეადგენდეს მინიმუმ 70 °C-ს 30 წუთის განმავლობაში

+

+

+

+

+

-

-

+

(e) უძვლო ხორცის ბუნებრივი ფერმენტაცია და დამწიფება სულ მცირე ცხრა თვის განმავლობაში, რის შედეგადაც იგი იძენს შემდეგ მახასიათებლებს: Aw სიდიდე – არაუმეტეს 0. 93 ან pH სიდიდე – არაუმეტეს 6,0

+

+

+

+

+

0

0

0

(f) იგივე ტიპის დამუშავება, როგორიც (e) ქვეპუნქტშია განსაზღვრული, ოღონდ შეიძლება ხორცი იყოს ძვლიანი (*)

+

+

+

0

0

0

0

0

(g) სალიამი: დამუშვება მე-12(2) მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შესაბამისი „სამეცნიერო კომიტეტის“ მოსაზრების გათვალისწინებით

+

+

+

0

+

0

0

0

(h) ლორი და სუკი: დამუშავება ბუნებრივი ფერმენტაციითა და დამწიფებით – ლორის შემთხვევაში – სულ მცირე 190 დღის განმავლობაში, ხოლო სუკის შემთხვევაში – სულ მცირე 140 დღის განმავლობაში

0

0

0

+

0

0

0

0

(i) თერმული დამუშავება, რომლის დროსაც გულში ტემპერატურა მინიმუმ 65°C-ს აღწევს, დამუშავება კი მიმდინარეობს მანამ, სანამ პასტერიზაციის სიდიდე (pv) არ გაუტოლდება ან გადააჭარბებს 40-ს

+

0

0

0

0

0

0

+

ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი რძე და რძის პროდუქტები (ნაღების ჩათვლით)

 

 

 

 

 

 

 

 

(a) ზემაღალი ტემპერატურა (ზემაღალი ტემპერატურა = მინიმუმ 1 წამის განმავლობაში 132 °C-ზე დამუშავება)

+

0

0

0

0

0

0

0

(b) თუ რძის pH 7,0-ზე ნაკლებია, უბრალოდ, ხანმოკლე პასტერიზაცია მაღალ ტემპერატურაზე (HTST)

+

0

0

0

0

0

0

0

(c) თუ რძის pH 7,0 ან მეტია, ორმაგი პასტერიზაცია HTST

+

0

0

0

0

0

0

0

+: ეფექტურობა აღიარებულია.

0: ეფექტურობა არ არის აღიარებული.

(*) ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

(**) F₀ არის გამოთვლილი მომაკვდინებელი ეფექტი ბაქტერიულ სპორაზე. F₀ 3,00 ნიშნავს, რომ პროდუქტის ყველაზე ცივ წერტილში საკმარისად მაღალი ტემპერატურაა იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მომაკვდინებელი ეფექტი, ანუ 121 °C (250 °F) სამი წუთის განმავლობაში მყისიერი გათბობა-გაციებით.

დანართი IV

სერტიფიცირების ზოგადი პრინციპები

1. გაგზავნაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელმა, რომელიც გასცემს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ტვირთის თანმხლებ სერტიფიკატს, ხელი უნდა მოაწეროს სერტიფიკატს და უზრუნველყოს, რომ მასზე დატანილი იყოს ოფიციალური ბეჭედი. ეს მოთხოვნა ვრცელდება სერტიფიკატის ყველა ფურცელზე, თუ იგი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან.

2. სერტიფიკატები შედგენილი უნდა იყოს იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, რომლისთვისაც განკუთვნილია ტვირთი და იმ წევრი სახელმწიფოს ენაზე, რომელიც ატარებს სასაზღვრო შემოწმებას, ან უნდა ახლდეს დამოწმებული თარგმანი ამ ენაზე ან ენებზე. თუმცა, წევრი სახელმწიფო შესაძლოა დათანხმდეს გაერთიანების ოფიციალური ენის გამოყენებაზე საკუთარი ენის ნაცვლად.

3. სერტიფიკატის ორიგინალი თან უნდა ახლდეს ტვირთს გაერთიანების საზღვრებში შესვლისას.

4. სერტიფიკატი უნდა შედგებოდეს:

(a) ერთი ფურცლისგან;

(b) ორი ან ორზე მეტი გვერდისგან, რომლებიც ერთი და განუყოფელი ფურცლის ნაწილია;

(c) რამდენიმე ფურცლისგან, რომელთა დანომვრა აჩვენებს გვერდის კონკრეტულ ადგილს საერთო თანმიმდევრობაში (მაგ. „4 გვერდიდან მე-2 გვერდი“).

5. სერტიფიკატებს უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი დატანილი უნდა იყოს რამდენიმე გვერდისგან შემდგარი სერტიფიკატის ყველა გვერდზე.

6. სერტიფიკატი უნდა გაიცეს მანამ, სანამ ტვირთი, რომელსაც იგი უკავშირდება, გავა გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ფარგლებიდან.

დანართი V

1. საბჭოს 1972 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 72/461/EEC ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების საზღვრებში ახალი ხორცით ვაჭრობაზე11, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა „ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მიერთების აქტის“ საფუძველზე.

2. საბჭოს 1980 წლის 22 იანვრის დირექტივა 80/215/EEC ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების საზღვრებში ხორცის პროდუქტებით ვაჭრობაზე12, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა „ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მიერთების აქტის“ საფუძველზე.

3. საბჭოს 1991 წლის 26 ივნისის დირექტივა 91/494/EEC ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც არეგულირებს გაერთიანების საზღვრებში ფრინველის ახალი ხორცით ვაჭრობასა და მის იმპორტს მესამე ქვეყნებიდან13, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა დირექტივის 93/121/EC საფუძველზე.

4. საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 91/495/EEC ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს კურდღლის ხორცისა და ფერმაში გაზრდილი გარეული ცხოველების ხორცის წარმოებასა და ბაზარზე შეტანაზე14, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა „ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მიერთების აქტის“ საფუძველზე.

5. საბჭოს 1992 წლის 16 ივნისის დირექტივა 92/45/EEC ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია გარეული ცხოველების მოკვლასა და გარეული ცხოველების ხორცის ბაზარზე განთავსებასთან15, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა დირექტივის 93/121/EC საფუძველზე.

6. საბჭოს 1992 წლის 16 ივნისის დირექტივა 92/45/EEC, რომელიც ადგენს უმი ხორცის, თერმულად დამუშავებული რძისა და რძის პროდუქტების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების ჯანდაცვის წესებს16.

7. საბჭოს 1994 წლის 14 დეკემბრის დირექტივა 94/65/EC, რომელიც განსაზღვრავს დაკეპილი ხორცისა და დამზადებული ხორცის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების მოთხოვნებს17.


1 ოფიციალური ბიულეტენი, C 365 E, 19.12.2000;

2 ევროპარლამენტის 2002 წლის 15 მაისის მოსაზრება;

3 ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2001 წლის 28 მარტის მოსაზრება;

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 395, 30.12.1989, გვ. 13; დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 92/118/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, L 62, 15.03.1993, გვ. 49);

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 31.12.1972, გვ. 28; დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) No 1452/2001 (ოფიციალური ბიულეტენი, L 198, 21.07.2001, გვ. 11);

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 24, 30.1.1998, გვ. 9;

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 17.07.1999, გვ. 23;

8 ოფიციალური ბიულეტენი L 31, 01.02.2002, გვ. 1;

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 19.10.1992, გვ. 1; დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) No 2700/2000 (ოფიციალური ბიულეტენი, L 311, 12.12.2000, გვ.17);

10 ოფიციალური ბიულეტენი, L 46, 19.02.1991, გვ. 1;

11 ოფიციალური ბიულეტენი, L 302, 31.12.1972, გვ. 24;

12 ოფიციალური ბიულეტენი, L 47, 21.02.1980, გვ. 4;

13 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 24.09.1991, გვ. 35;

14 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 24.09.1991, გვ. 41;

15 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 14.09.1992, გვ. 35;

16 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 14.09.1992, გვ. 1;

17 ოფიციალური ბიულეტენი, L 368, 31.12.1994, გვ. 10.