დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017325 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის სახით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 24 აპრილს. |
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. მართვის სისტემა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. მართვის სისტემა თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 4. მართვის სისტემას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. მართვის სისტემის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №1ა. |
თავი II
მართვის სისტემის მისია, მიზნები და ფუნქციები |
მუხლი 2.
მართვის სისტემის მისია და მიზნები |
1. მართვის სისტემის მისიაა საგანმანათლებლო სისტემის მოწინავე ტექნოლოგიებით და ელექტრონული რესურსებით უზრუნველყოფა, საუკეთესო განათლებისა და მართვისათვის.
2. მისიის შესასრულებლად, მართვის სისტემის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში: ა) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და სასწავლო პროცესში მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) მართვის საინფორმაციო სისტემების განვითარება; გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა; დ) საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება. |
მუხლი 3.
მართვის სისტემის ფუნქციები |
1. მართვის სისტემის ფუნქციები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
2. მართვის სისტემის ფუნქციებია: ა) მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა; ბ) განათლების განვითარების ხელშეწყობა მართვის პროცესების დროული, რელევანტური და ზუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით; გ) საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვის და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება; დ) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ე) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად მონაცემთა ბაზების ფორმირება; ზ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განათლების დიპლომისა და სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა; თ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა; ი) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მონაწილეობა; კ) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარება; ლ) მის კომპეტენციაში შემავალი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები. |
თავი III
მართვის სისტემის მართვა და სტრუქტურა |
მუხლი 4.
მართვის სისტემის მართვა |
1. მართვის სისტემას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მართვის სისტემის უფროსი. 3. მოადგილის კომპეტენცია განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. მართვის სისტემის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მართვის სისტემის თანამშრომელი. |
მუხლი 5.
მართვის სისტემის უფროსის უფლება-მოვალეობები |
1. მართვის სისტემის უფროსი:
ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს მართვის სისტემის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს მართვის სისტემას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მართვის სისტემის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; გ) მართვის სისტემის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) უფლებამოსილია, მართვის სისტემის თანამშრომლებს, საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, დაუწესოს დამატებითი საზღაური – დანამატი. დანამატის ოდენობა განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ე) ანაწილებს მოვალეობებს მართვის სისტემის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მართვის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) მართვის სისტემის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ზ) აკონტროლებს მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; თ) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; კ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს მართვის სისტემის საშტატო განრიგს; ლ) ამტკიცებს მართვის სისტემის შინაგანაწესსა და საქმისწარმოების წესს; მ) მინისტრს წარუდგენს მართვის სისტემის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს; ნ) ორგანიზებას უწევს მართვის სისტემის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავებას; ო) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. მართვის სისტემის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია მართვის სისტემის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე. |
მუხლი 6.
მართვის სისტემის სტრუქტურა |
1. მართვის სისტემა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სტატისტიკის სამსახური; ბ) საინფორმაციო სისტემების დაგეგმვისა და დანერგვის სამსახური; გ) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური; დ) კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური; ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახური; ვ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; ზ) ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახური. 3. მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სტრუქტურული ერთეული უშუალოდ ექვემდებარება მართვის სისტემის უფროსს ან მართვის სისტემის უფროსის მოადგილეს. 4. მართვის სისტემის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. |
მუხლი 7.
სტატისტიკის სამსახური |
მართვის სისტემის სტატისტიკის სამსახურის ფუნქციებია:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულება; ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) საგანმანათლებლო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; დ) განათლების ინდიკატორების ფორმირება; ე) საგანმანათლებლო პროცესების კვლევა; ვ) საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისათვის საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრა; ზ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ერთეულებისა და, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებების მართვის პროცესებისა და პროგრამების ინფორმაციული მხარდაჭერა; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების მიზნით, ინფორმაციის მომზადება და სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა. |
მუხლი 8.
საინფორმაციო სისტემების დაგეგმვისა და დანერგვის სამსახური |
საინფორმაციო სისტემების დაგეგმვისა და დანერგვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ბ) საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; გ) საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა; დ) საინფორმაციო სისტემების ან/და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ბენეფიციართა სახელმძღვანელო მასალებითა და სწავლებით უზრუნველყოფა. |
მუხლი 9.
საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური |
საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულება; ბ) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი; გ) შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. |
მუხლი 10.
კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური |
კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახურის ფუნქციებია:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ბ) საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; გ) ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ლოკალური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი; დ) ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და მისი შესაბამისი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა; ე) მონაცემთა დამუშავების ცენტრის, სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი; ვ) ელექტრონული სერვისების ადმინისტრირება და მხარდაჭერა; ზ) ცენტრალიზებული აუტენტიფიკაციის, კონფიგურაციისა და უსაფრთხოების მართვის სისტემებში, ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული სუბიექტების ინტეგრაცია და მონიტორინგი; თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ელექტრონული წესით განხორციელებული საგამოცდო პროცესის და სხვა ცენტრალიზებული ღონისძიებების ინფორმაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა. |
მუხლი 11.
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახური |
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სამსახურის ფუნქციებია:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულება; ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და გადამოწმების სერვისების განვითარება; დ) საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა. |
მუხლი 12.
ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური |
მართვის სისტემის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:
ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ბ) მართვის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებით სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებების მომზადება, ასევე, შემოსულ სამართლებრივ აქტებზე და ხელშეკრულებების პროექტებზე შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გ) სამართლებრივ დავებზე მართვის სისტემის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) ადამიანური რესურსების მართვა და კოორდინაცია; ე) საქმისწარმოების ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა და კოორდინაცია. |
მუხლი 13.
ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახური |
მართვის სისტემის ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; ბ) წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენის ორგანიზება და შესრულების კონტროლი; გ) ფულადი სახსრების ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა და კონტროლი; დ) მართვის სისტემის ბალანზე რიცხული შენობა-ნაგებობათა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება; ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და ანგარიშგების უზრუნველყოფა. |
თავი IV
მართვის სისტემის ქონება და დაფინანსება, სახელმწიფო კონტროლი |
მუხლი 14.
მართვის სისტემის ქონება |
1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მართვის სისტემას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. მართვის სისტემის ქონება აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსზე. |
მუხლი 15.
მართვის სისტემის დაფინანსება და ანგარიშგება |
1. მართვის სისტემის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მართვის სისტემის მიერ გაწეული მომსახურების საფასური; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. მართვის სისტემა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. მართვის სისტემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 4. მართვის სისტემის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |
მუხლი 16.
კონტროლი მართვის სისტემის საქმიანობაზე |
1. მართვის სისტემამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები მართვის სისტემის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. |
თავი V
მართვის სისტემის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და უფლებამონაცვლეობა |
მუხლი 17.
მართვის სისტემის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია |
1. მართვის სისტემის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ.
2. მართვის სისტემის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 18.
მართვის სისტემის უფლებამონაცვლეობა |
მართვის სისტემა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ და „ვ“-„თ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფუნქციების განხორციელების ნაწილში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები