დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016858 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016524) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დეესკალაციის ოთახის, მოსაცდელი, შიდა კლასიფიკაციისა და სამარტოო საკნების განსაზღვრა;“. 2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“. 3. მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;“. 4. მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულებაში მსჯავრდებული განთავსებულია საკანში, სადაც მასზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21) დაწესებულებაში ბრალდებული განთავსებულია სპეციალურ საკანში, სადაც მასზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“. 5. მე-15 მუხლის: ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გონივრული ვადით თავსდებიან მოსაცდელ საკანში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსაცდელ საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მოსაცდელ საკანში თავსდებიან კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.“; ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. სამედიცინო შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აღნიშნული ფაქტის შესახებ შემოწმების დასრულებისთანავე ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.“; გ) მე-19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. თუ ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.“; დ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის საკანში განაწილების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“; ე) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი: „251. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების შესახებ, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“. 6. მე-20 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) აბაზანაში გაყვანისას;“; ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ – „გ3“ ქვეპუნქტები: „გ1. მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ; გ2) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას; გ3) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);“. 7. 27-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა, მინისტრის თანხმობით, შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“. 8. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.“. 9. 34-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) ხანმოკლე პაემნით, ხანგრძლივი პაემნითაა და სატელეფონო საუბრით;“; ბ) მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;“. 10. 36-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი .“. 11. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კვების რაციონი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით.“. 12. 38-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს. “. 13. მე-40 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, წარადგინოს განცხადებები და მოთხოვნები ზეპირად ან წერილობით, აგრეთვე, წარადგინოს საჩივრები წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. ბრალდებულს, ამ მუხლით დადგენილი წესით მიმოწერის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) სასამართლო; ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) საქართველოს სამინისტრო; თ) პენიტენციური დეპარტამენტი; ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი; კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი; მ) პროკურორი; ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო; ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას; პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას; ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.“. 14. 41-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. 5. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“. 15. 42-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ წინასწარ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ წინასწარ მითითებული სატელეფონო ნომრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. 3. მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას განემარტება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი, რასაც მსჯავრდებული წერილობით ადასტურებს და უთითებს ხუთ სატელეფონო ნომერს და დამატებით ადვოკატის ნომერს, ადრესატების მითითებით. უკვე დასახელებული სატელეფონო ნომრის შეცვლის მიზნით, მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი მის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 15 წუთისა.“; გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობაში შედის მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და ადვოკატთან განხორციელებული სატელეფონო საუბრები.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“. 16. 43-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“. 17. 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესაძლებელია მინის გამყოფი ბარიერი დამატებით აღიჭურვოს მეტალის ბადით, იმგვარად, რომ მინის გამყოფი ბარიერის ორივე მხარეს მყოფი პირები ხედავდნენ ერთმანეთს. 5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 18. 46-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი: „მუხლი 461. მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით დადგენილი წესით.“. 19. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. დაწესებულების დროებით დატოვება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.“. 20. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუ მისი/მათი გამოყენებით არ ირღვევა დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 21. 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 22. 57-ე მუხლის: ა) მე-6 პუნტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის № 131 ბრძანებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 23. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.“. 24. მე-60 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“. 25. 68-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.“. 26. 69-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში. 32. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“. 27. 78-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნტი: „ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 28. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 79. მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; კ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ; მ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით. 2. 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ - „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“. 29. 81-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.“. 30. 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.“. 31. 85-ე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება. 3. სამარტოო საკანში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა. 5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.“. 32. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86. დისციპლინური პატიმრობა 1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა, თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა. 2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით.“. 33. 88-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 – 53 პუნქტები: „51. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა, დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. 52. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 53. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები