„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016477
2-83
19/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
010240030.22.023.016477
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-83

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა) იურიდიული სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველო;

ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

ა.დ) ლოჯისტიკის სამმართველო;

ბ) ფინანსური სამსახური;

გ) სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახური;

დ) მეხილეობის კვლევის სამსახური;

ე) მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახური;

ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახური;

ზ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური;

თ) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;

ი) ბიოაგროწარმოების სამსახური;

კ) მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;

ლ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი;

მ) აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური;

ნ) საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახური;

ო) რისკის შეფასების სამსახური;

პ) მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური;

ჟ) მოლეკულური მარკირების ლაბორატორია (დნმ ლაბორატორია);

რ) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახური;

ს) ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური;

ტ) აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური;

უ) ეკოფიზიოლოგიის კვლევის სამსახური.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ცენტრში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;

ბ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

გ) იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ცენტრი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;

ე) საერთაშორისო ურთიერთობებში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინტერესების წარმოდგენა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ზ) ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;

თ) ცენტრის თანამშრომლების საქართველოში და საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;

ი) ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოება;

ლ) სამეურნეო, სარემონტო, სამშენებლო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

მ) ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ნ) მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;

ო) სასაწყობო მეურნეობის წარმართვა.

2. ფინანსური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური ანალიზი;

ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

3. სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის მახასიათებლების განსაზღვრისა და იდენტიფიკაციის მეთოდების კვლევა;

ბ) მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლების, მათი კონტროლისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების კვლევა;

გ) მცენარეთა თესლსა და სარგავ მასალებზე ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალებზე შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელება და სერტიფიკატების გაცემა;

დ) თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის ლაბორატორიული  მეთოდების კვლევა;

ე) თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ანალიზების ჩატარება;

ვ) მცენარეთა გენეტიკური რესურსების   სტანდარტებისა და   ნორმების კვლევა;

ზ) თესლის კოლექციების მოძიება, იდენტიფიკაცია, დახასიათება, შენახვა და მონიტორინგი საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისად;

თ) ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო თემატიკების განხორციელების მონიტორინგი  და  შეფასება;

ი) სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების ეკონომიკური ანალიზის   განხორციელება;

კ) ცენტრის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით  განხორციელებული  საქმიანობების  ანგარიშების სისტემატიზაცია;

ლ) სამეცნიერო თემატიკების დაგეგმვაში მონაწილეობა სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმასთან მიმართებაში.

4. მეხილეობის კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ხეხილოვანი კულტურების გაშენებისა და მოვლის უსაფრთხო, თანამედროვე ბიოდინამიკური მეთოდების კვლევა, დამუშავება და  დანერგვა;

ბ) ხეხილოვან კულტურათა გენეტიკური და ფენოტიპური კვლევა, მოძიება, გენოფონდის  დაცვა-კონსერვაცია;

გ) ახალი ჯიშების, მათ შორის, საძირეების ინტროდუქცია, სელექცია და ჯიშთა გამოცდა, პროდუქტიულობისა  და  კონკურენტუნარიანობის ამაღლების მეთოდების კვლევა;

დ) ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიების სრულყოფა, მაღალი კატეგორიის სადედე მასალების გავრცელების ხელშეწყობა.

5. მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ქართული ვაზის გენოფონდის – ჯიშები და ველური ვაზის ფორმები – დაცვა, საკოლექციო შესწავლა ამპელოგრაფიისა და მიკრომეღვინეობის სიმბიოზით და გამორჩეული ფორმების პოპულარიზაცია გამოფენების, პრეზენტაციების, სამეცნიერო და პოპულარული პუბლიკაციების ფორმატში;

ბ) უცხოური ჯიშებისა და საძირეების ინტროდუქცია და დაცვა საქართველოს მდგრადი მევენახობა-მეღვინეობის უზრუნველყოფის მიზნით და მათ შორის – სელექციურ პროგრამებში გამოყენებისათვის;

გ) ვაზის ქართული და უცხოური გენოფონდის მაქსიმალური ჩართვა მევენახეობა-მეღვინეობის ახალ რეალობაში კლიმატის ცვლილებების, ღვინის ახალი ტიპების, ტრადიციული და ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრების პირობებში;

დ) მოლეკულური გენეტიკის, ქსოვილის კულტურის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიური და სხვა სამეცნიერო კვლევების მაქსიმალური გაშლა ვაზისა და ღვინის კვლევებში საქართველოში და მათი საშუალებით მსოფლიო დონის სიახლეების დამკვიდრება;

ე) ენოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ამპელოგრაფიული კვლევების ორგანიზება მეღვინეობის ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ღვინოების ახალი მარკების შექმნისათვის;

ვ) მევენახეობის სპეციფიკური მიკროზონების შესწავლა, მათი საზღვრების ცვლილებისა და ახალი ზონების დარეგისტრირებისათვის ქართული ღვინის ასორტიმენტის გაფართოებისა და მევენახეთა შემოსავლების გაზრდის მიზნით;

ზ) საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა ხელშეწყობა სამეცნიერო სიახლეების ოპერატიულად მიწოდების გზით; 

თ) ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების ქვეყნის შიგნით წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება, საბაზისო და სერტიფიცირებული ნერგის წარმოების ხელშეწყობა;

ი) ღვინის ორგანოლეპტიკური და სამეურნეო ტექნოლოგიური მახასიათებლების კვლევა;

კ) მეღვინეობა-მევენახეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და პოპულარიზაცია.

6. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანოლეპტიკური და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლების კვლევა;

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მათ შორის, ცხოველური პროდუქტების) შენახვა-გადამუშავების თანამედროვე მეთოდების კვლევა;

გ) რეგიონებში მეცხოველეობის პროდუქტების (რძე და რძის ნაწარმი) მცირეწარმოების, პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოების აუცილებლობის დასაბუთების კვლევა და ახალი ტექნოლოგიების შეთავაზება;

დ) ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შენახვა-გადამუშავების მეთოდების კვლევა;

ე) ხილისა და ბოსტნეულის ნედლად შენახვის ტექნოლოგიების გაუმჯობესების მეთოდების კვლევა;

ვ) შენახვა-გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და პოპულარიზაცია.

7. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და საბოსტნე პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა-მოყვანის მეთოდების კვლევა, დამუშავება, ტექნოლოგიების გავრცელება;

ბ) ჯიშთა გამოცდა, შერჩევა, პირველადი მეთესლეობა, სელექციურ მიღწევათა პოპულარიზაცია;

გ) თესლის, საჩითილე და სარგავი მასალის წარმოების მეთოდების კვლევა, შემუშავება ღია და დახურულ გრუნტში;

დ) საქართველოს პირობებისთვის აპრობირებული, ამჟამად არაკულტივირებული, მივიწყებული ჯიშების კვლევა და აღდგენის  ხელშეწყობა;

ე) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგიის სრულყოფა და გავრცელება.

8. ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ნიადაგების ნაყოფიერების შესწავლა;

ბ) დეგრადირებული ნიადაგების სტრუქტურის გაუმჯობესება და ნაყოფიერების ამაღლების კვლევა, დანერგვის ხელშეწყობა;

გ) ნიადაგის ტენმომარაგებისა და რწყვის წესების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

დ) ნიადაგის დამუშავების სისტემების შესწავლა ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში;

ე) ნიადაგის განოყიერების სისტემების რეგულირება, ნარჩენი ნივთიერებების ზემოქმედების შესწავლა;

ვ) ნიადაგთან დაკავშირებული რისკის ფაქტორების კვლევა და შეფასება.

9. ბიოაგროწარმოების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ბიოაგროწარმოების თვისებრივი მახასიათებლების კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ბიოლოგიური ნივთიერებების კვლევა და მათი გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ბიოაგროწარმოების ბიოეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის კვლევის მეთოდების შემუშავება.

10. მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ენდემური ჯიშების კვლევა, მათი შენარჩუნებისა და სანაშენე და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესების მიზნით;

ბ) მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელების ხელშეწყობა, გამრავლება და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა;

გ) სანაშენე აღრიცხვის ერთიანი სისტემის შემუშავების და სანაშენე პირუტყვზე საინფორმაციო ბანკის შექმნის ხელშეწყობა;

დ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შექმნა.

11. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და დანერგვის ღონისძიებების შემუშავება;

ბ) მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების (სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, ვიროიდული და ფიტოპლაზმური) კვლევა და ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება;

გ) სარეველა მცენარეების კვლევა და მათთან ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებების შემუშავება;

დ) მცენარეთა ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მეთოდების (ახალი პესტიციდების) კვლევა;

ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების კონტროლის მექანიზმების შემუშავების ხელშეწყობა.

12. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ენერგორესურსდამზოგი ტექნოლოგიების კვლევა და ბიოენერგეტიკული შეფასება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებისათვის განკუთვნილი თანამედროვე ტრაქტორებისა და ტექნიკური საშუალებების საქართველოს პირობებისათვის შესაბამისობის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების მუშაობის ანალიზი და მათი გამოყენების შესაძლებლობის კვლევა საქართველოს პირობებისათვის;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქტთა წარმოებისა და შენახვა-გადამუშავებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებების კვლევა.

13. საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მედიასთან ურთიერთობის წარმართვა ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებრივად გაშუქების მიზნით;

ბ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელის ადმინისტრირება, ინფორმაციის პერიოდული  განახლება;

გ) ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა, საჩვენებელი და სადემონსტრაციო ღონისძიებების მოწყობა;

დ) სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, თესლისა და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება;

ე) რეგიონებში სემინარების ჩატარების ორგანიზება, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა-მოყვანის, დაცვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, შენახვა-გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

 ვ) ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების კოორდინაცია;

ზ) ცენტრში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

თ) ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, თემატურად დაკავშირებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან;

ი) ცენტრის სახელით მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;

კ) რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.

14. რისკის შეფასების სამსახურის ფუნქციებია:

ა) რისკის შეფასების ორგანიზება და განხორციელება, ასევე, რეკომენდაციების, კონსულტაციებისა და  კომუნიკაციების განხორციელება:

ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში;

ა.ბ) ვეტერინარიის სფეროში;

ა.გ) მცენარეთა დაცვის სფეროში;

ბ) რისკის შეფასებასთან დაკავშირებული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი მეცნიერული და ტექნიკური ინფორმაციის  მოძიება და ანალიზი;

გ) რისკის შეფასების მეთოდოლოგიების  მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;

დ) რისკის შეფასების ანგარიშის (დასკვნა-რეკომენდაციები) მომზადება;

ე) ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოსთან (EFSA) ეროვნული საკონტაქტო პირის სტატუსით თანამშრომლობა;

ვ) რისკის შეფასების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზებულ პროგრამებში, სემინარებსა და პროექტებში მონაწილეობა;

ზ) რისკის შეფასების პროცესებისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

თ) რისკის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.

15. მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების ჯიშთა გამოცდა, გასავრცელებლად შერჩევა, სელექციური სამუშაოების წარმოება, პირველადი   მეთესლეობა;

ბ) მივიწყებული და ნაკლებად გავრცელებული მარცვლოვანი კულტურების რეაბილიტაცია, აგროტექნიკის დამუშავება, თესლბრუნვაში მათი ადგილის შერჩევა და  გავრცელების ხელშეწყობა;

გ) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კონდიციური თესლის მიღების ტექნოლოგიების სრულყოფა და ფერმერულ მეურნეობაში გავრცელების რეკომენდაციების დამუშავება;

დ) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების ენდემების მოპოვება, სელექციური გაუმჯობესება, გამრავლება და კომერციული შეფასება, მათი გენეტიკურ ბანკში განთავსება  და პოპულარიზაცია;

ე) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების წარმოების მინდვრის დღეების მოწყობაში; ფერმერთა ტრეინინგების ორგანიზებასა და შერჩეული ჯიშების პოპულარიზაციაში მონაწილეობა;

ვ) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგიის სრულყოფა და დანერგვის ხელშეწყობა.

16. მოლეკულური მარკირების ლაბორატორიის (დნმ ლაბორატორია)  ფუნქციებია:

ა) ქართული ვაზის იშვიათი და მცირედ გავრცელებული ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა. ენდემური ხეხილოვანი კულტურების ჯიშების კვლევა მოლეკულური გენეტიკის  თანამედროვე  მეთოდებით;

ბ) ქართული ენდემური ერთწლოვანი კულტურების (ხორბლების და მათი წინამორბედების, ტექნიკური და სამარცვლე კულტურების) გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა მოლეკულური  მარკერების მეშვეობით.

17. მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის  სამსახურის ფუნქციებია:

ა) კარტოფილის და სხვა ერთწლოვანი კულტურების უვირუსო მიკროკლონების მიღება;

ბ) მრავალწლოვანი მერქნიანი მცენარეების (ვაზი, ხეხილი, კენკროვანი კულტურები) მიკროგამრავლება და ეფექტური ტექნოლოგიების   შემუშავება;

გ) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) ტექნოლოგიების გამოყენება მცენარეთა სელექციაში – მტვრის მარცვლის კულტურა და სხვა;

დ) მიკროკლონების აკლიმატიზაცია და ორანჟერიაში კულტივირება;

ე) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გენეტიკური ბანკის  მოწყობა;

ვ) ერთწლოვან და მრავალწლოვან მცენარეებზე სამეცნიერო ექსპერიმენტების განხორციელება.

18. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის   ფუნქციებია:

ა) ჩაის  კულტურის მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება;

ბ) სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება;

გ) სუბტროპიკული კულტურების გენოფონდის მოძიება, დაცვა და კონსერვაცია;

დ) ახალი პერსპექტიული ჯიშების და საძირეების ინტროდუქცია, ჯიშთა გამოცდა;

ე) ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება;

ვ) სუბტროპიკული კულტურების გენეტიკური და ფენოტიპური კვლევა, მათი სამეურნეო მაჩვენებლების შესწავლა;

ზ) ინსტრუქციების, რეკომენდაციების, ტექნოლოგიური სქემების და აგროწესების შემუშავება.

19. აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური:

ა) ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია-გაშენების ტექნოლოგიების შემუშავება;

ბ) პერსპექტიული  აგროსატყეო კულტურების ინტეგრირება საქართველოს  პირობებისთვის;

გ)  სწრაფმზარდი  არაინვაზიური   მერქნიანი სახეობებისა და ფორმების ინტროდუქცია- გამოცდა;

დ) ბიოეკონომიკური და ენერგეტიკული პლანტაციების გაშენების თანამედროვე მიდგომების კვლევა;

ე) იშვიათი მერქნიანი სახეობების აღწერა-ინვენტარიზაცია, რუკების შედგენა და კვლევა;

ვ) თესლთა ბანკის შექმნა და ერთიანი  მონაცემთა ბაზის  შევსება;

ზ) მნიშვნელოვანი სახეობების ცოცხალი კოლექციის მოწყობა და კვლევა;

თ) ტყის ბუნებრივი  რესურსების მდგრადი გამოყენების მეთოდების კვლევა დეგრადირებული მიწების ათვისების მიზნით.

20. ეკოფიზიოლოგიის კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მეტეოროლოგიური   სადგურებიდან მიღებული  მონაცემების  შეგროვება, ანალიზი და პროგნოზირება ატმოსფერული მოვლენების კვლევისა და შეფასების მიზნით;

ბ) აგრომეტეოროლოგიური  კვლევების დაგეგმვა გლობალური დათბობის, გარემოს დაბინძურებისა და აგროკლიმატური დარაიონების   გათვალისწინებით; 

გ) კლიმატის კვლევის საფუძველზე  აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემის  შემუშავება კონკრეტული კლიმატური პირობებისთვის;

დ) სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მოქმედი აგროკლიმატური მახასიათებლების კვლევა;

ე) მავნებელ-დაავადებებისა და არახელსაყრელი ეკოლოგიური სტრეს-ფაქტორებისადმი მცენარეთა  ქცევის შესწავლა და  კვლევა;

ვ) მინდვრის კულტურათა   მაღალმოსავლიანი  და გვალვაგამძლე   ჯიშების მიღების მიზნით, სელექციური კვლევების განხორციელება;

ზ) მცენარეულ ორგანიზმებში მიმდინარე  ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური  პროცესების კვლევა (ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია, რესპირაცია, ტრანსლოკაცია და ა. შ);

თ) მცენარეთა ბიოქიმიური მაჩვენებლების კვლევა;

ი) მცენარეული ორგანიზმების  უჯრედებსა  და ქსოვილებში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესების,  ქიმიური შემადგენლობისა და ანატომიური აგებულების კვლევა  და ანალიზი.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი სამეცნიერო დარგში, ხოლო მეორე – ადმინისტრაციულ დარგში, რომელთაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის  დირექტორი.“;

გ) მე-6 პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრი ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი მარტიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი