დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 25/03/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ:
„აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილება ამ ეტაპზე არ არის შესრულებული;
აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ფაქტობრივად მესაზღვრეთა ფუნქციებს ასრულებენ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის და ვერ ახორციელებენ მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობის დაცვას და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებისათვის პირობების შექმნას;
აფხაზეთში გარეშე სამხედრო ძალის დახმარებით ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა ეროვნული ნიშნის მიხედვით, მათ შორის, თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, ტერორი, მკვლელობა, მძევლად აყვანა, გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ხელყოფა, სახელმწიფო ქონების, ლტოლვილთა და დევნილთა კერძო საკუთრების მოსპობა-გასხვისება; მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები და ხორციელდება სხვა მსგავსი ქმედებები, რის შესახებაც სათანადოდ არ არის ინფორმირებული მსოფლიო საზოგადოებრიობა. სეპარატისტთა ლიდერების პოლიტიკამ რეალური საფრთხე შეუქმნა თვით აფხაზი ეთნოსისა და მისი თვითმყოფადი კულტურის არსებობას;
აფხაზეთის ტერიტორია უკონტროლოა და გადაქცეულია საერთაშორისო ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფრად, ნარკობიზნესისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის ზონად;
აფხაზეთის ტერიტორიაზე უკონტროლო და აღურიცხავი შეიარაღების არსებობის პირობებში კვლავ გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სეპარატისტული რეჟიმისათვის მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გადაცემა. ვითარებას უკიდურესად ამწვავებს ასევე აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, რაც რუსეთის დაუფარავი მცდელობაა, „საკუთარი მოქალაქეების“ ინტერესების დაცვის მოტივით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში;
გუდაუთის სამხედრო ბაზიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებით შეთანხმებული მძიმე შეიარაღების გატანის მიუხედავად, რუსეთის მხარემ არ შეასრულა ეუთოს სტამბოლის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება გუდაუთის ბაზის გაყვანასა და დახურვასთან დაკავშირებით;
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციის მიღებისას და შემდგომ პერიოდში, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების უზრუნველყოფისათვის ხელსაყრელი ფონის შესაქმნელად, აფხაზეთის მთელი მოსახლეობის სრული წარმომადგენლობის მონაწილეობის გარეშე მიზანშეუწონლად მიიჩნია აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა;
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება უარს აცხადებს არა მხოლოდ ქართულ მხარესთან, არამედ გაეროსთან, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რითაც უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოებრიობის კეთილ ნებას;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აუცილებელია შესრულდეს „აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ 2001 წლის 11 ოქტომბრის დადგენილების მოთხოვნა დსთ-ის ეგიდით მოქმედი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.
2. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ 1992 წლიდან განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც გამოიხატა უპირატესად ქართველთა განადგურებასა და საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდევნაში და განსაკუთრებული სისასტიკით განმეორდა 1998 წლის გალის მოვლენების დროს, ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის, ლისაბონის 1996 წლის და სტამბოლის 1999 წლის სამიტების გადაწყვეტილებებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს 2002 წლის 31 იანვრის რეზოლუციასა და საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიებულ მასალებზე დაყრდნობით აღიარებულ იქნეს როგორც ქართული მოსახლეობის გენოციდი. გენოციდის მომწყობთა და კონფლიქტის ინსპირატორთა მიმართ, განურჩევლად ეროვნებისა, განხორციელდეს სამართლებრივი დევნა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე; აგრეთვე ამოქმედდეს სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით.
3. იმის გამო, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება წარმოადგენს ეთნოკრატიულ-დისკრიმინაციულ რეჟიმს, ეთხოვოს მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მიეცეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შექმნილ მდგომარეობას.
4. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ დასმული მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს სოხუმში გაეროს მისიისა და ეუთოს ერთობლივი ოფისის მიერ მომზადებული, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობა და მასზე ადეკვატური რეაგირება.
5. სტამბოლის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო ინსპექტირება მისი გაყვანისა და საბოლოო დახურვის მიზნით.
6. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გადაცემა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა.
7. ფულადი ინტერვენცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთში, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით საქართველოს მიმართ ეკონომიკური ძალის გამოყენებას. აქედან გამომდინარე, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს, რუსეთის ფედერაციის შესაბამის დაწესებულებებთან მოლაპარაკებით აღკვეთონ ზემოაღნიშნული ინტერვენცია.
8. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად და მისი ნების საწინააღმდეგოდ უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს; აგრეთვე უკანონოა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება.
9. სანამ არსებობს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესაძლებლობა, დაუშვებელია მისი ძალისმიერი გზით გადაწყვეტა, და მოუწოდებს აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას, განაახლოს ქართულ მხარესთან დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების მიზნით.
10. თუ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება არ გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგებისათვის და არ დაუბრუნდება მოლაპარაკების პროცესს, საქართველოს ხელისუფლებამ 3 თვის ვადაში განსაზღვროს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსი ზემოაღნიშნული რეკომენდაციების, უპირველესად კი – საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
11. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების მონიტორინგის, აგრეთვე კულტურის ძეგლების განადგურების ფაქტების დადგენის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰააგის 1954 წლის კონვენციის საფუძველზე უზრუნველყოს იუნესკოსა და ევროსაბჭოს ერთობლივი მისიის განხორციელება.
12. აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებულმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ 2002 წლის 30 ივნისამდე, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგინოს დადგენილების პროექტი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
13. საქართველოს პრეზიდენტმა:
ა) არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად 4 თვის ვადაში უზრუნველყოს აფხაზეთის საკითხზე მიღებული ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ-პოლიტიკური ექსპერტიზა მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით; ასევე საქართველოს კონსტიტუციის 65-ე და მე-100 მუხლების თანახმად უზრუნველყოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახელით დადებული სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მიმართ საკონსტიტუციო პროცედურების შესრულება;
ბ) შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უზრუნველყოს ქვეყნისათვის აუცილებელი თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერება;
გ) აცნობოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რომ აფხაზეთი, როგორც უკონტროლო ტერიტორია, წარმოადგენს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წყაროს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას მთელ რეგიონში;
დ) უზრუნველყოს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების, როგორც ერთ-ერთი მხარის, სრულყოფილი ჩართვა მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში;
ე) დაავალოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, გაატარონ კონკრეტული ღონისძიებები დსთ-ის ეგიდით მყოფი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისა და კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
14. ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტმა 3 თვეში ერთხელ მოისმინოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი ინფორმაცია.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 20 მარტი.
№1330–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები